Facebook Twitter

ბს-1467-1429(კ-10) 25 იანვარი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე ც. ზ-ძისა და რ. შ-შვილის სარჩელის გამო სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის მიმართ, მესამე პირების – ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაწილეობით).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2009 წლის 9 სექტემბერს ც. ზ-ძემ და რ. შ-შვილმა სარჩელი აღძრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის მიმართ და მოითხოვეს მოსარჩელეთა მიერ გადახდილი თანხების დაბრუნება, ასევე მორალური ზიანის – 1500 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 2-14; 56-68).

ც. ზ-ძისა და რ. შ-შვილის სარჩელი არ ცნო მოპასუხე ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა (იხ. ს.ფ. 73-81).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ც. ზ-ძისა და რ. შ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ბათUმის რეგიონალურ ცენტრს ც. ზ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი თანხის _ 236 ლარის ანაზღაურება, ხოლო რ. შ-შვილის სასარგებლოდ – 237 ლარის ანაზღაურება, ხოლო ადვოკატის ხარჯებისა და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე მოსარჩელეებს უსაფუძვლობის გამო ეთქვათ უარი (იხ. ს.ფ. 126-137).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა და მოითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელეთა სასარგებლოდ თანხების დაკისრების ნაწილში და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 145-154).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 აგვისტოს განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სსიპ შემოსავლების სამსახური (იხ. ს.ფ. 168-171).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალურ ცენტრს ც. ზ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 171 ლარის, ხოლო რ. შ-შვილის სასარგებლოდ _ 172 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 187-196).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და ამავე სამსახურის ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა, რომლებმაც მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 210-217).

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინებით წაროებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად. მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 221-222).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “ა” და “გ” ქვეპუნქტების შესაბამისად (იხ. ს.ფ. 231-233).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორების _ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი და წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორებმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.