Facebook Twitter

ბს-1469-1403(კ-09) 21 აპრილი, 2010წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ზიანი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე _ მ. გ-იანის მიმართ თანხის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ მ. გ-იანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ¹293 ბრძანებით, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობის თანახმად, 2006 წლის 1 იანვრიდან დაინიშნა სამხედრო-საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში.

მოსარჩელის განმარტებით, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ამასთან, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება სახელმწიფოს შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებებით, რაც დაკავშირებულია დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

სამხედრო მოსამსახურე სრულ სახელმწიფო კმაყოფაზეა, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს. თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აქვს გამოყოფილი ასიგნებები და მათი მიზნობრივად გამოყენება სამინისტროს ვალდებულებაა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეთათვის განსაზღვრავს ხელფასის ოდენობას, კვების, სანივთე უზრუნველყოფისა და წვრთნისა და აღჭურვისთვის განსახორციელებლად წინასწარ დაგეგმავს ფულად სახსრებს, იგი ვალდებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თითოეული ლარი განკარგოს დანიშნულებისამებრ ანუ უზრუნველყოს საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიული, დისციპლინირებული, მაღალკვალიფიცირებული სამხედრო პერსონალით.

კონტრაქტის 7.3 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილით და “სამინისტროსთან” შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს, ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ “სამინისტრო” იძულებული გახდეს შეწყვიტოს 4-წლიანი კონტრაქტი, “სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს მასზე გათვალისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები: ა) ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 3 წლის ხელფასის სახით საშუალოდ 1400 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნება მთელი თვის ხელფასის შესაბამისად; ბ) ორი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 2 წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 1000 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნება ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად; გ) სამი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 5000 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნება ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად.

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე – მ. გ-იანი სამხედრო შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 20 დეკემბრის ¹5048 ბრძანებით 2007 წლის 9 აგვისტოდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მოპასუხე – მ. გ-იანს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა ჯარიმის – 14267,36 ლარის, ზიანის _ 9061,31 ლარისა და პირგასამტეხლოს – 14267,3611 ლარის 0,2%-ის ოდენობის ყოველდღიურად გადახდა, 2007 წლის 20 აგვისტოდან ძირითადი თანხის გადახდამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე _ მ. გ-იანს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 14 267,36 ლარისა და 14 267,36 ლარის პირგასამტეხლოს 0,2%-ის ოდენობით გადახდა, ყოველდღიურად 2007 წლის 20 აგვისტოდან საჯარიმო თანხის გადახდამდე, ხოლო ზიანის - 9 061,31 ლარის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი.

საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითითებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის ¹ 119 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების” თანახმად თავდაცვის სამინისტორს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პრობლემებიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.

,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას.

ამდენად, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სამხედრო კადრების მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს შეიარაღებული ძალების პროფესიული, დიციპლინური, მაღალკავლიფიციური სამხედრო პერსონალით, წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო უფლებამოსილებას და მისი უშუალო, პრიდაპირი ფუნქციაა ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახრციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას და მხოლოდ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხების ანაზღაურებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობეზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის შეთანხმება, საქართველოს სამოქალაო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.

საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 314.1 მუხლის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. აღნიშნული ნორმა განმარტავს თუ რა შეიძლება იყოს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ზიანი, კერძოდ, იმისათვის რომ კრედიტორმა შეძლოს ზიანის გამო დავა, სახეზე უნდა იყოს რამდენიმე პირობა ერთობლიობაში, 1) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ბრალეული შეუსრულებლობა და 2) უშუალოდ ასეთი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვს ზიანის სახით მოპასუხის მომზადებაზე დახარჯულ თანხას, რაც შეადგენს 9061.31 ლარს, ფაქტიურად სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე ითხოვს არა ზიანის ანაზღაურებას, არამედ უკვე გადახდილი ხელფასის თანხის უკან დაბრუნებას. არსებითია, რომ მოსარჩელე, მ. გ-იანზე ხელფასის სახით გადახდილ თანხას, ერთსა და იამვე დროს განიხილავს სწავლების პერიოდში სწავლებისათვის დახარჯულ თანხად, აგრეთვე ზიანად, რომელიც მან გასწია მოპასუხის მომზადებაზე.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოპასუხის სასარგებლოდ გადახდილი ხელფასის თანხა წარმოადგენდა ზიანს და მიუთითა, რომ ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 31.1 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო ვადიან საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურს. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 1.,,ა” მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში ან სამხედრო ძალების რეზერვის თანრიგში.

უდავოა, რომ მ. გ-იანი იმყოფებოდა რა ვადიან საკონტაქტო სამხედრო სამსახურში, იმავდროულდა წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს. შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელდეს ყველა ის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებები, რომელიც შეეხება სამხედრო მოსამსახურეს, პირის სამხედრო სამსახურის გავლას, სამხედრო სამსახურში ყოფნას.

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11.2 ,,თ” მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს მოსაზრებით, შრომის ანაზღაურების ნაწილში სამხედრო მოსამსახურეებზე უნდა გავრცელდეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის ნორმები, რომლის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მისვლის დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს, დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12.1 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. იმავე მუხლის მე-12.3 (ძველი რედაქციის) თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო სამსახურის გარდა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილო ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი, ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.

ხელშეკრულების დადების მომენტიდან ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტამდე შუალედში მოპასუხე მ. გ-იანი ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ შრომით მოვალეობას, თავდაცვის სამინისტრო, კი იღებდა რა ამ შესრულებას, საპასუხოდ გასცემდა შესრულებული სამუშაოს ადეკვატურ შრომით ანაზღაურებას – ხელფასს, რითაც ახორციელებდა ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12.1 მუხლით ნაკისრ ვალდებულებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. სასამართლოს განმარტებით, 2006 წლის 6 იანვრის ხელშეკრულების თანახმად, მხარეები არ შეთანხმებულან გადახდილი ხელფასის გამო გაწეული ხარჯის ანაზღაურების უკან დაბრუნების ვალდებულებაზე. თავდაცვის სამინისტრო არ არის უფლებამოსილი ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოითხოვოს ისეთი ვალდებულების შესრულება, რაც არ ყოფილა შეთანხმებული ხელშეკრულებით რაც თავისი არსით კანონსაწინააღმდეგოა. პირიქით, სამინისტრომ აღნიშნული ხელშეკრულების 1-ლი მუხლის 1.1 პუნქტით იკისრა ვალდებულება, რომ მოპასუხისათვის გადაეხადა ხელფასი და იგი უზრუნველეყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, მათ შორის – ვალდებულებით, გაეღო მოპასუხის კმაყოფის ყველა ხარჯი; მოსარჩელემ არ გახადა სადაოდ ის გარემოება, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მ. გ-იანმა არ შეასრულა ხელშკრულებით ნაკისრი შრომითი ვალდებულება, რომ მან (მოპასუხემ) კანონიერი საფუძვლის გარეშე მიიღო შრომითი ანაზღაურება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის თანახმად, თუ ერთ-ერთი მხარე უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მხარეებს უბრუნდებათ მიღებული შესრულება და სარგებელი. თუ ხელშეკრულების ერთი მხარე ითხოვს მეორე მხარისგან სარგებლის დაბრუნებას, იგი ვალდებულია დაუბრუნოს ხელშეკრულების მეორე მხარეს მიღებული შესრულება, თავდაცვის სამინისტრო მიზნად არ ისახავს მიღებული შესრულების მოპასუხე მ. გ-იანისათვის უკან დაბრუნებას, ამასთან მას არ გააჩნია პრეტენზია იმის თობაზე, რომ ანაზღაურებად პერიოდში მოპასუხე მ. გ-იანი არ ასრულებდა ან არაჯეროვნად ასრულებდა მისთვის ხელშეკრულებით დაკისრებულ შრომით მოვალეობას.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ხელფასი არ წარმოადგენს არც ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტით გამოწვეულ ზიანს და არც სამხედრო მოსამსახურის სწავლებაზე გაწეულ ხარჯს.

სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ დაუშვებელია სამხედრო მოსამსახურეზე გაცემულ ხელფასზე დახარჯული თანხები მიჩნეული ყოფილიყო სწავლებისათვის დახარჯულ თანხად. სამხედრო მოსამსახურის სწავლებისათვის გაწეული ხარჯი, ეს არის ფულადი სახსრები, რომელიც უნდა მოხმარდეს სამხედრო მოსამსახურის ფიზიკური და ინტელექტუალური წვრთნის პროცესში ადამიანური მატრიალური რესურსის გამოყენებას, კერძოდ, ინსტრუქტორების, მასწავლებელების დაქირავებისათვის გაწული ხარჯი, ვარჯიშის დროს დახარჯული ტყვია-წამლის, ყველა სხვა ხარჯი, რაც უშალოდ არის დაკავშირებული სამხედრო პირთა სწავლების პროცესის ორგანიზებასა და განხორციელებასთან. მოსარჩელემ სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მუთითა ისეთი ფაქტობრივი გარემოებანი, როგორიცაა ხელფასის ხარჯის გაწევის გარემოება და ხელფასი მიიჩნია სამხედრო სწავლებაზე გაწულ ხარჯად, რაც სასამართლოს მოსაზრებით არასწორია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილებით მოპასუხე _ მ. გ-იანს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 428 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მ. გ-იანმა.

აპელანტი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებას მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 9 061,31 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.

აპელანტი _ მ. გ-იანი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებას მოპასუხისათვის 14 267,36 ლარისა და 14 267,36 ლარის პირგასამტეხლოს ყოველდღიური 0,2%-ის ოდენობით 2007 წლის 20 აგვისტოდან საჯარიმო თანხის გადახდამდე პერიოდში დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. აპელანტი ასევე ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილების, მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების შესახებ, გაუქმებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მ. გ-იანის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება მ. გ-იანისათვის თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 14 267,36 ლარის დაკისრებისა და 9 061,31 ლარის ანაზღაურების თაობაზე თავდაცვის სამინისტროსათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ მ. გ-იანისათვის 14267,36 ლარის ყოველდღიური 0,2%-ის ოდენობით 2007 წლის 20 აგვისტოდან საჯარიმო თანხის გადახდამდე დაკისრების ნაწილში შეცვლით, ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მ. გ-იანისათვის 14267,36 ლარის ყოველდღიური 0,2%-ის ოდენობით 2007 წლის 20 აგვისტოდან საჯარიმო თანხის გადახდამდე დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა 2009 წლის 10 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილება მ. გ-იანისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით 428 ლარის დაკისრების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნებს მოსარჩელისათვის ზიანის სახით 9061, 31 ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე და ასევე დასაბუთებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება ხელშეკრულებაში დამატების შეტანის თაობაზე მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, მოპასუხისთვის 14267,36 ლარის დაკისრების შესახებ და მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით და აღნიშნული თანხის ანაზღაურება, მოპასუხის სახელშეკრულებო ვალდებულებად მიიჩნია.

ამასთან, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა, მ. გ-იანის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მის მიერ სამხედრო ნაწილის მიტოვება გამოწვეული იყო ავადმყოფობით, რის გამოც ხელშეკრულების 9.1.1. პუნქტის საფუძველზე მას პასუხისმგებლობა არ უნდა დაკისრებოდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულების მე-9 მუხლი ითვალისწინებს ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტას სამხედრო მოსამსახურის ავადმყოფობის გამო, თუმცა ამავე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება სამინისტროს მიერ სამხედრო მოსამსახურისთვის წინასწარი, ერთი თვით ადრე გადაცემული წერილობითი შეტყობინების მეშვეობით, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ქონია. ამასთან, ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა კონტრაქტის პირობები, დადასტურებულია თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 20 დეკემბრის ¹5048 ბრძანებით, რომლის თანახმად, კაპრალი მ. მ. ძე გ-იანი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2007 წლის 09 აგვისტოდან (თავდაცვის სამინისტროს პირადი სიებიდან ამორიცხვით და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით), ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო), რომლის კანონიერება მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია და მისი საფუძვლის შეცვლა არ მოუთხოვია. ამას გარდა, საქმეში წარმოდგენილია განაჩენი, რომლითაც დადგენილია, რომ მოპასუხემ თვითნებურად მიატოვა სამხედრო ნაწილი და იმყოფებოდა ხანგრძლივ თვითდათხოვნაში, რითაც მის მიერ ჩადენილი იქნა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ამდენად, არ არსებობს მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება მოპასუხისთვის 14 267,36 ლარის ყოველდღიური 0,2%-ს დაკისრებას, სააპელაციო პალატის მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ხელშეკრულებით დამატებითი საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საკონტრაქტო პირობების დარღვევის გამო, ხელშეკრულების 7.3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა, ისევე როგორც 7.4 პუნქტით გათვალისწინებული ყოველდღიური 0,2%-იანი გადასახდელი, ერთობლიობაში, სამართლებრივი ბუნებით მხარეთა შორის შეთანხმებულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექისის 418.1-ე მუხლის თანახმად, “ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს”. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, “სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.

სააპელაციო პალატის მითითებით, გარდა საჯარიმო თანხისა (რომელიც როგორც აღინიშნა სამართლებრივი ბუნებით პირგასამტეხლოს წარმოადგენს), კონტრაქტის 7.4 პუნქტის შესაბამისად, დადგენილ ვადებში ჯარიმის დაფარვის ვადის გადაცილების გამო, განისაზღვრა პირგასამტეხლო 14 267,36 ლარის ყოველდღიური 0,2%-თ, საჯარიმო თანხის გადახდამდე.

სასამართლოს მოსაზრებით, უნდა შემცირდეს ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, და მოპასუხეს გადასახდელად დარჩეს მხოლოდ 14267,36 ლარი, არსებული სოციალური მდგომარეობის და მოპასუხის პიროვნების გათვალისწინებით. იგი არ მუშაობს, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი თვითონაა, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში, სურვილი აქვს ისევ გააფორმოს ხელშეკრულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან საკონტრაქტო პირობებით. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით და აღნიშნულის თაობაზე, მხარის მოთხოვნა სავალდებულო არ არის.

ამასთან, სააპელაციო პალატის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, კერძოდ, ასკ-ის მე-9 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სოციალური დაცვის საკითხებიდან გამომდინარე დავებზე. პალატის მოსაზრებით, მხარეთა შორის დავა წარმოშობილია მათ შორის არსებული შრომითი ურთიერთობიდან – ხელშეკრულებიდან, სამხედრო ქვედანაყოფში სამსახურის გავლის შესახებ. ისევე როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ევროპის სოციალური ქარტიის (რატიფიცირებულია 2005 წლის 1 ივნისს), მიხედვით დაცულია ადმიანის სოციალური უფლებები. მათ საფუძველს შრომის უფლება წარმოადგენს. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნებისმიერი დავა, რომელიც გამომდინარეობს მხარეთა შორის არსებულ შრომითი ურთიერთობიდან, სოციალური დაცვის საკითხიდან გამომდინარე დავას წარმოადგენს და აღნიშნული სახის დავებზე სახელმწიფო ბაჟი არ უნდა იქნეს გადახდილი.

აღნიშნულ გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2006 წლის 6 იანვარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ. გ-იანს შორის 4 წლის ვადით დაიდო ხელშეკრულება (ს.ფ. 23). საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ¹293 ბრძანებით მ. გ-იანი გაიწვიეს შეიარაღებული ძალების რიგებში და დაინიშნა მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის 1-ლი მსუბუქი ქვეითი ასეულის მე-2 მსუბუქი ქვეითი ოცეულის მე-2 მსუბუქი ქვეითი ათეულის მეთაურად, სამხედრო წოდების _ კაპრალის მინიჭებით (ს.ფ. 31).

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2007 წლის 13 სექტემბრის მე-3 ქვეითი ბრიგადის მუდმივმოქმედი სამანდატო კომისიის სხდომის ¹17 ოქმით დადგინდა მ. გ-იანის მიერ სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვების ფაქტი (ს.ფ. 33) და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 20 დეკემბრის ¹5048 ბრძანების საფუძველზე, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, 2007 წლის 9 აგვისტოდან მამუკა გორდეზიანი დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან (ს.ფ. 22).

საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ 2006 წლის 6 იანვარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ. გ-იანს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროს მიერ მასზე გათვალისწინებული ფულადი თანხები, ხოლო აღნიშნული თანხების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებოდა პირგასამტეხლო 0.2% ოდენობით (ს.ფ. 26).

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული დათქმა ჯარიმის გადახდის შესახებ, ვალდებულების შესრულების უზრუნველოფის ერთ-ერთ სახეს _ პირგასამტეხლოს წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებასა და ფინანსური პასუხისმგებლობის ერთგვარ ფორმას წარმოადგენს, რომელსაც გააჩნია ვალდებულების დროული შეუსრულებლობის პრევენციული ფუნქცია. ამასთან, პირგასამტეხლო კრედიტორისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების ლეგალური საშუალება და კრედიტორის აქცესორული უფლებაა _ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე, ხოლო ძირითადი უფლების ნამდვილობის იურიდიული აღიარება-დადასტურება და საპროცესო ლეგიტიმაცია პირგასამტეხლოს დაკისრების უდავო საფუძველია.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ჯარიმას ცალკე როგორც ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ ცნობს.

საკასაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა, ფაქტობრივად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით რეგლამენტირებულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის დადგენილია უზრუნველყოფის საშუალება პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით _ 14267,36 ლარის ოდენობით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დამატებით 14267,3611 ლარის 0.2 პროცენტი უკვე პირგასამტეხლოს ოდენობის აშკარა უსამართლობას ადასტურებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თავისუფალი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვისა და ეკონომიკური თავისუფლების, როგორც კონსტიტუციური პრინციპის, უზრუნველყოფა-რეალიზების ინტერესები მოითხოვს პირგასამტეხლოს განაკვეთისა და ფაქტობრივი ოდენობის თანაზომიერებასა და მხარისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ შესაბამისობას ძირითადი სახელშეკრულებო დავალიანების თანხასთან მიმართებაში. მართალია, შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს პირგასამტეხლოს თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, კერძოდ, პირგასამტეხლოს თანხის _ 14267,3611 ლარის 0.2 პროცენტის დაკისრების ნაწილში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე მიიღო კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების კანონიერი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.