¹ბს-1471-1433 (კ-10) 13 აპრილი, 2011 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი;
კასატორი – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, წარმომადგენელი გ. დ-ე;
მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ-ე, წარმომადგენელი მ. ქ- ე;
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 აგვისტოს განჩინება;
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 31 დეკემბერს მ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მოპასუხეს დავალებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. კ-თვის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების შესახებ და მასვე დაკისრებოდა 6 625 ევროს ექვივალენტის 15 800 ლარის ანაზღაურება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებითYმ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაევალა გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მ. კ-ის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების შესახებ და მოპასუხეს დაეკისრა მ. კ-ის სასარგებლოდ 6 625 ევროს ლარის ექვივალენტის ანუ 15 800 ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივ გარემოებები:
მ. კ-ე არის .......... გარე ფანჯარასთან თანამშრომლობის შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის მენეჯერი. პროექტი ითვალისწინებს სტუდენტების და მეცნიერ-მკვლევარების შერჩევას და საზღვარგარეთ სასწავლებლად მათ გაგზავნას. ამ პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო პროექტის კავკასიის რეგიონის მთავარი კოორდინატორი და ხელმძღვანელია პროფესორი .......... საგანმანათლებლო ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან, ტ. კ-ი.
შოთა რუსთაველის უნივერსიტეტსა და პროექტის ავტორს შორის 2007 წელს გაფორმებული იქნა შეთანხმების მანდატი, ხოლო 2009 წლის 15 იანვარს პარტნიორული ხელშეკრულება, რომლის თანახმად უნივერსიტეტი, როგორც პარტნიორი-ბენეფიციარი ვალდებულებას იღებდა მაქსიმალური შესაძლებლობებით დაეჭირა მხარი პროექტის პირობებისა და მისი განხორციელებისათვის.
Aამ პროექტის განხორციელების მიზნით 2008-2009 სასწავლო წელს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალურ ანგარიშზე ევროკავშირის მიერ გადმორიცხული იქნა 10 000 ევრო პროექტის საორგანიზაციო ხარჯების დასაფარავად, მათ შორის მ. კ-ის, როგორც პროექტის მენეჯერის საზღვარგარეთ მივლინებისათვის ამ პროექტის ფარგლებში.
Mმ. კ-ე 2008 წლის 28 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე პროექტის ფარგლებში პარტნიორთა კონფერენცია-შეხვედრაზე იმყოფებოდა მივლინებით ბრიუსელში, რა დროსაც სამივლინებო ხარჯებმა შეადგინა 800 ევრო. 2008 წლის 10 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრამდე მ. კ-ე მივლინებით იმყოფებოდა ბრიუსელში, რომლის სამივლინებო ხარჯებმა შეადგინა 1000 ევრო. Pპროექტის ფარგლებში კოორდინატორის მითითების თანახმად, სადაც ანაზღაურებული უნდა იყოს მხოლოდ გზის ხარჯები, 2008 წლის 4 ივლისიდან 14 ივლისამდე მ. კ-ე იმყოფებოდა ......... ტექნოლოგიურ საგანმანათლებლო უნივერსიტეტში და მგზავრობის ხარჯმა შეადგინა 760 ევრო. 2008 წლის 16 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე ........ ტექნოლოგიურ საგანმანათლებლო უნივერსიტეტში ყოფნისას, ავტობუსით მგზავრობის ხარჯმა შეადგინა 200 ევრო. 2008 წლის 10 ნოემბრიდან 21 ნოემბრამდე .......... ტექნოლოგიურ საგანმანათლებლო უნივერსიტეტში ყოფნისას, ავტობუსით მგზავრობის ხარჯმა შეადგინა 200 ევრო. 2008 წლის 9 დეკემბრიდან 21 დეკემბრამდე .......... ტექნოლოგიურ საგანმანათლებლო უნივერსიტეტში ყოფნისას, მგზავრობის ხარჯმა შეადგინა 1000 ევრო. 2009 წლის 9 აპრილიდან 29 აპრილამდე ........... ტექნოლოგიურ საგანმანათლებლო უნივერსიტეტში მგზავრობის ხარჯმა შეადგინა 160 ევრო. აღნიშნულ პერიოდში პროექტის ფარგლებში მ. კ-ის მთლიანმა სამივლინებო ხარჯმა შეადგინა სულ 6625 ევრო.
სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ 2008-2009 წლის პროექტის მიხედვით ........ პროექტის კოორდინატორის მიერ ევროკავშირთან შეთანხმებით წინასწარ იყო გაწერილი მ. კ-ის მივლინებების დრო და ადგილი, რაც წინასწარვე იყო ცნობილი უნივერსიტეტის ადმინისტაციისათვის კოორდინატორის მიერ გამოგზავნილი, წინასწარ დაგეგმილი კონფერენციების, ანუ მ. კ-ის მივლინებების შესახებ ცნობით, ხოლო ბრძანებები მ. კ-ის მივლინებების თაობაზე, თვით უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უნდა გამოეცა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ გააჩნია უფლება, ევროკავშირის მიერ პროექტის ფარგლებში გადმორიცხული თანხები განკარგოს საკუთარი შეხედულებით, სხვა მიზნებისათვის, გარდა პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული საორგანიზაციო საკითხებისა.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯები. უნივერსიტეტის შინაგანაწესის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამეცნიერო პერსონალის მივლინების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის რექტორი, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. Pპროექტის მხარესა და შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული შეთანხმების მე-4 პუნქტის თანახმად, უნივერსიტეტი ვალდებულია გააკეთოს ყოველივე, რაც შესაძლებელია, რათა გაუწიოს სათანადო დახმარება ევროკავშირის ამ პროექტს განსახორციელებლად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე თვით უნივერსიტეტს გააჩნდა ვალდებულება მიეღო ყველა ზომა, მათ შორის გადაწყვეტილება მივლინების შესახებ და უზრუნველეყო მოსარჩელისათვის მივლინების თანხის გამოყოფა ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფონდიდან.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.
Aაპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო განცხადების უარყოფას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 აგვისტოს განჩინებით შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პროექტის ავტორს შორის 2007 წელს გაფორმებული პარტნიორობის ხელშეკრულებისა და შეთანხმების მანდატის თანახმად, უნივერსიტეტი, როგორც პარტნიორ-ბენეფიციარი იღებდა ვალდებულებას ეღონა ყოველივე, რათა გაეწია დახმარება მთავარი ბენეფიციარისათვის მისი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. Aარსებული შეთანხმების მიხედვით, ხელშეკრულების საფუძველზე, ბენეფიციარებთან შეთანხმებული იყო პარტნიორული შეხვედრები 2008-2009 წლების პერიოდზე და ამ შეხვედრების საორგანიზაციო ხარჯებისათვის, ბათუმის უნივერსიტეტს, მთავარი ბენეფიციარისგან ანგარიშზე დაერიცხა 10 000 ევრო. თანხის გადმორიცხვასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის სახელზე გამოგზავნილ წერილში მიეთითა, რომ მ. კ-ეს, როგორც პროექტის მენეჯერს, რექტორთან შეთანხმებით შეეძლო აღნიშნული თანხის მართვა, რომელიც პასუხისმგებელი იყო უნივერსიტეტის და დამფინანსებლის (ევროკავშირის) წინაშე.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ უნივერსიტეტს უფლება არა ჰქონდა ევროკავშირის მიერ პროექტის ფარგლებში გადმორიცხული თანხები განეკარგა სხვა მიზნით, გარდა პროექტის ფარგლებში საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად, ხოლო პროექტის ავტორი თავისი არაერთი წერილით ადასტურებს მ. კ-ის მივლინებაში ყოფნის ფაქტს, გაწეულ ხარჯებს და ითხოვს მათ ანაზღაურებას, მიუხედავად იმისა, მიმართა თუ არა მან წერილობითი განცხადებით უნივერსიტეტის რექტორს.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.
Kკასატორმა მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის მე-12 მუხლზე, უნივერსიტეტის შინაგანაწესსა და «მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის ¹231 ბრძანებულებაზე და აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნულ ნორმათა მოთხოვნა მ. კ-ის მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებამდე არ შესრულებულა, მ. კ-ეს ყოველი გამგზავრების წინ განცხადებით უნდა მიემართა ადმინისტრაციისათვის, რომელშიც უნდა მიეთითებინა გამგზავრების მიზანი და ხანგრძლივობა. კასატორის მოსაზრებით, უნივერსიტეტის მიერ რომ მოხდეს მ. კ-ის სამივლინებო თანხების ანაზრაურება, აუცილებელია არსებობდეს დამსაქმებლის (რექტორის) ბრძანება მისი მივლინების შესახებ. აღნიშნული ბრძანება კი აუცილებლად გამოიცემოდა რექტორის მიერ, თუკი სამსახურებრივი დანიშნულებით მოსარჩელე ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების წინ მიმართავდა განცხადებითა და სათანადო დოკუმენტაციით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 აგვისტოს განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განისაზღვრება იმ კატეგორიის საქმეთა ჩამონათვალი, რომელთა განხილვა და გადაწყვეტა უნდა მოხდეს აღნიშნული კოდექსით დადგენილი საპროცესო წესებით. ამასთან, არსებითი ელემენტი, რომლის შედეგადაც დავა მიჩნეული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმედ, არის დავის გამომდინარეობა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. «ა» მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მართლაც წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, თუმცა, ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, იგი არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მ. კ-ეს შორის წარმოშობილი სადავო სამართალურთიერთობა წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განსახილველ დავას.
საქმეში დაცული მასალების თანახმად, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პროექტის ავტორს შორის 2007 წელს გაფორმდა პარტნიორობის ხელშეკრულებისა და შეთანხმების მანდატი, რომლითაც უნივერსიტეტი, როგორც პარტნიორი-ბენეფიციარი იღებდა ვალდებულებას მაქსიმალური შესაძლებლობებით დაეჭირა მხარი პროექტის პირობებისა და მისი განხორციელებისათვის. პროექტი ითვალისწინებდა სტუდენტებისა და მეცნიერ-მკვლევარების შერჩევას და საზღვარგარეთ სასწავლებლად მათ გაგზავნას. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მ. კ-ე არის ........ გარე ფანჯარასთან თანამშრომლობის შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის მენეჯერი. საგულისხმოა, რომ მოცემულ პროექტს, მათ შორის მ. კ-ის, როგორც პროექტის მენეჯერის საზღვარგარეთ მივლინების ხარჯებს, აფინანსებდა ევროკავშირი.
«საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 1.1 მუხლი განსაზღვრავს საჯარო სამსახურის ცნებას. აღნიშნული მუხლის თანახმად, საჯარო სამსახური (შემდგომ სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე კანონის მე-4 მუხლი ადგენს საჯარო მოსამსახურის ცნებას, რომლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით და დაკავებული თანამდებობის შესაბამისად ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში.
საკასაციო სასამართლო «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 2.1 მუხლზე დაყრდნობით აღნიშნავს შემდეგს, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომ დაწესებულება) არის სახელმწიფო ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებზე შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითად ამოცანას საჯარო ხელისუფლების განხორციელება წარმოადგენს, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლი ადგენს და განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომელში საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმიანობად, საგულისხმოა, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ _ შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსარჩელის საქმიანობა არ მიიჩნევა საჯარო სამსახურად, რამდენადაც ეს დაწესებულება ამ ნუსხაში არ მოიაზრება.
«საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 21.07.01წ ბრძანებულებით განსაზღვრულია საჯარო თანამდებობათა რეესტრი, საჯარო მოხელეების რანგირება, რაც საჯარო მოხელეთათვის კიდევ ერთი ნორმატიული დადასტურებაა სტატუსთან მიმართებაში, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი, როგორც საჯარო მოსამსახურე, აღნიშნულ რეესტრში არ ფიქსირდება, შესაბამისად ის განხილული ვერ იქნება საჯარო მოსამსახურედ.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ. კ-ე, რომელიც მონაწილეობდა ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში კომფერენციებსა და შეხვედრებში, როგორც შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის მენეჯერი, სარჩელით ითხოვდა პროექტის ფარგლებში მოპასუხეს საზღვარგარეთ მივლინებისათვის აენაზღაურებინა სამივლინებო ხარჯები _ 6 625 ევროს ექვივალენტის 15 800 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მოთხოვნას საფუძვლად უდევს შრომის კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად დამსაქმებელი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯები.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მ. კ-ეს შორის წარმოშობილ სადავო სამართალურთიერთობაზე ვერ გავრცელდება «საჯარო სამსახურის შესახებ»'კანონის დებულებები, რამდენადაც ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს მითითებული კანონის სუბიექტს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ «მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის ¹ 231 ბრძანებულება, რომელიც დამტკიცებულია «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 38-ე, 39-ე და 134-ე მუხლების შესაბამისად, განსაზღვრავს მხოლოდ საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს, შესაბამისად საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მითითებას აღნიშნულ ბრძანებულებაზე, რამდენადაც მ. კ-ე არ წარმოადგენს მის სუბიექტს და შესაბამისად სადავო სამართალურთიერთობა ვერ მოექცევა მითითებული სამართლებრივი ნორმების რეგულირების სფეროში.
საქართველოს კონსტიტუციის 42.2 მუხლის შესაბამისად, ყველა პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. მითითებულმა პრინციპმა ასახვა ჰროვა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში, რომლის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმადაც, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე.
საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ზემოაღნიშნული პრინციპის დაცვას და თვლის, რომ განსჯადობის აღრევა იწვევს საქმის განხილვას განსხვავებულ პრინციპებზე აგებული სამართალწარმოების წესით, რაც, თავის მხრივ, ასახვას ჰპოვებს მხარეთა უფლებებზე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არაგანსჯადი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად და ექვემდებარება გაუქმებას. რის გამოც საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის, შემდგომი განხილვის მიზნით, განსჯადი სასამართლოსათვის დაქვემდებარებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 აგვისტოს განჩინება და საქმე განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.