ბს-1472-1406(3კ-09) 27 ივლისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორები: 1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურო (მოპასუხე), წარმომადგენელი _ ე. ა-ცი; 2. რ. ხ-ძე (შეგებებული სარჩელის ავტორი), წარმომადგენელი – ნ. ნ-შვილი; 3. ჯ. მ-იანი (შეგებებული სარჩელის ავტორი), წარმომადგენელი _ ნ. ნ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,...” (მოსარჩელე)
თანამოპასუხეები: 1. ნ. მ-ძე; 2. ნ. ტ-ული
მესამე პირები: 1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, წარმომადგენელი _ მ. ბ-შვილი; 2. შპს ,,...”
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ იძულებითი აუქციონისა და მისი შედეგების ბათილად ცნობა, უკანონოდ გასხვისებული ქონების დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2000 წლის 10 აგვისტოს შპს ,,... სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის ტერიტორიული ორგანოს მცხეთის სააღსრულებო ბიუროს, ჯ. მ-იანისა და რ. ხ-ძის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მცხეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით და 10 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ,,...” სარჩელი და გლდანის სახელმწიფო მეურნეობას დაეკისრა 3900 ლიტრი დიზელის საწვავის ან მისი საბაზრო ღირებულებისა და 252 კგ. პოლიპროპილენის კანაფის ღირებულების ანაზღაურება. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება დაევალა მცხეთის სააღსრულებო ბიუროს, რომელმაც,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის დარღვევით მოახდინა აღსრულება, კერძოდ, საწარმოს გვერდის ავლით, საწარმოს ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონება აუქციონზე დაბალ ფასად გაყიდა.
მოსარჩელის მტკიცებით, აღმასრულებელმა სახელმწიფო ქონება გაიტანა აუქციონზე სასამართლოს განკარგულების გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლი და ,,სააღსრულებოს წარმოებათა შესახებ” კანონის მოთხოვნა აუქციონის შესახებ (მუხლი 67-77). მისივე განმარტებით, რეალიზებული სახელმწიფო ქონება აუქციონზე შეიძინეს ჯ. მ-იანმა და რ. ხ-ძემ, რომელთაც საწარმოს დავალიანებები ერიცხებოდათ.
მოსარჩელის მითითებით, სახელმწიფო ქონების რეალიზაცია იძულებით აუქციონზე მოხდა სასამართლოს განკარგულების გარეშე, ქონების გაყიდვა მოხდა მოსარჩელესთან შეთანხმებისა და მათი მონაწილეობის გარეშე, მოსარჩელეს არ ეცნობა აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი, ქონების გაყიდვის შესახებ არ ეცნობა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, რომელიც არის შპს ,,...” დამფუძნებელი, არ ეცნობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სახელმწიფო ქონების რეალიზაცია მოხდა 5500 ლარად, მაშინ როდესაც საბალანსო ღირებულება 27987 ლარს შეადგენს, რეალიზაცია უნდა მომხდარიყო საბაზრო ფასებით ან უკიდურეს შემთხვევაში ქონების ფასი უნდა განსაზღვრულიყო საბაზრო ფასის ნახევარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,...” აღსრულებისა და იძულებითი აუქციონის უკანონოდ ცნობა, აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა და უკანონოდ გასხვისებული სახელმწიფო ქონების დაბრუნება მოითხოვა.
2000 წლის 7 სექტემბერს მცხეთის რაიონულ სასამართლოს შეგებებული სასარჩელო განცხადებით მიმართეს მცხეთის რაიონის სააღსრულებო ბიურომ, ჯ. მ-იანმა და რ. ხ-ძემ.
შეგებებული სარჩელის ავტორებმა აღნიშნეს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით და 10 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით გლდანის სახელმწიფო მეურნეობას დაეკისრა შპს ,,...” სასარგებლოდ 3900 ლიტრი დიზელის საწვავის ან მისი საბაზრო ღირებულებისა და 252 კგ პოლიპროპილენის კანაფის ღირებულების ანაზღაურება. მცხეთის სააღსრულებო ბიუროში აღნიშნულ გადაწყვეტილებებზე წარდგენილ იქნა სააღსრულებო ფურცელი, რის შემდეგაც სააღსრულებო ბიუროს მიერ წინადადება მიეცა გლდანის სახელმწიფო მეურნეობის დირექტორს მოეხდინა დაკისრებული ვალის ანაზღაურება, რაზეც მან უარი განაცხადა. ამის შემდგომ, სასამართლო აღმასრულებლის მიერ 2000 წლის 10 თებერვალს აღწერილი და დაყადაღებულ იქნა გლდანის სახელმწიფო მეურნეობის ბალანსზე არსებული ქონება შემდეგი რეალიზაციისათვის, კერძოდ, საძროხე ფერმა _ 3 ცალი, საღორე _ 4 ცალი, ,,...” მარკის ავტომანქანა _ 2 ცალი, გაზ-53-ის მარკის ავტომანქანა _ 4 ცალი, წყლის ცისტერნა _ 2 ცალი, საბავშვო ბაღი, ადმინისტრაციული შენობა (კანტორა), მწყემსთა საცხოვრებელი ბინა. აღწერილ ქონებას ყადაღა დაედო და შესანახად ჩაბარდა გლდანის სახელმწიფო მეურნეობის დირექტორს.
შეგებებულ სარჩელში მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ 2000 წლის 11 თებერვალს ვალის ანაზღაურების მიზნით კვლავ აღწერილი და დაყადაღებულ იქნა გლდანის სახელმწიფო მეურნეობის კუთვნილი ქონება, ხის დამამუშავებელი საამქრო დაუმთავრებელი და ყოფილი ბლოკის საამქრო ავარიულ მდგომარეობაში. ორივე ნაგებობა შესანახად გადაეცა ჯ. მ-იანს.
მოსარჩელეები აგრეთვე მიუთითებდნენ, რომ 2000 წლის 17 თებერვალს, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცხეთის რაიონის გლდანის სახელმწიფო მეურნეობის ქონების ბაზაზე, მცხეთის სასამართლოს დადგენილებით შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოდ რეგისტრირებულ იქნა შპს ,,...”, რომლის საწესდებო კაპიტალად 207000 ლარი განისაზღვრა. მათივე განმარტებით, გლდანის სახელმწიფო მეურნეობის დირექტორმა საწესდებო კაპიტალში შეიტანა გლდანის სახელმწიფო მეურნეობის ის ქონება, რომელიც მცხეთის რაიონის სააღსრულებო ბიუროს მიერ იყო აღწერილი და დაყადაღებული, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. მათივე მტკიცებით, რ. ხ-ძემ აუქციონის გზით, 3800 ლარად შეიძინა გლდანის სახელმწიფო მეურნეობის ადმინისტრაციული შენობა (კანტორა), მაღაზიისა და სამი ფერმის შენობა, ხოლო ჯ. მ-იანმა 800 ლარად ყოფილი ბლოკის საამქრო და ხე-ტყის დამამუშავებელი საამქრო, მდებარე 0,15 ჰა მიწის ნაკვეთზე. გლდანის სახელმწიფო მეურნეობის დირექტორისათვის ცნობილი იყო აუქციონის შესახებ, მაგრამ მან მონაწილეობა არ მიიღო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა შეგებებულ სარჩელში მცხეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ აღწერილი და დაყადაღებული ქონების შპს ,,...” საწესდებო კაპიტალიდან ამორიცხვა და შესაბამისად, საწესდებო კაპიტალის შემცირება მოითხოვეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 10 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, რ. ხ-ძე და ჯ. მ-იანი ამოირიცხნენ როგორც მოპასუხეები და საქმეში ჩაბმულ იქნენ როგორც მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, საქმეში მესამე პირებად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაბმულ იქნენ ნ. ტ- ული და ნ. მ-ძე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე შპს ,,...” სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო; მცხეთის რაიონის სააღსრულებო ბიუროს, რ. ხ-ძესა და ჯ. მ-იანს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი.
რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსასრულებლად სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მას შემდეგ რაც მოპასუხე ორგანიზაციის მიერ 5 დღის ვადაში არ იქნა დაფარული აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის მე-17 მუხლის თანახმად, დააყადაღა და გაყიდა გლდანის სახელმწიფო მეურნეობის ქონება. ამასთანავე ამის შესახებ აცნობა მცხეთის რაიონის ქონების მართვის სამმართველოს 2000 წლის 12 მაისის წერილით, ვინაიდან საკითხი ეხებოდა სახელმწიფო ქონებას. აუქციონის ჩატარების თაობაზე ასევე ცნობილი იყო გლდანის სახელმწიფო მეურნეობის დირექტორისათვის. სასამართლომ არ გაიზიარა მისი არგუმენტი, რომ აუქციონის შესახებ სააღსრულებო ბიუროს უნდა ეცნობებინა შპს ,,...” დამფუძნებელი ქონების მართვის სამინისტროსათვის, რადგან 1999 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით თანხის ანაზღაურება დაეკისრა გლდანის სახელმწიფო მეურნეობას და არა შპს ,,...”, რომელიც მხოლოდ 2000 წლის 17 თებერვალს დარეგისტრირდა. სასამართლომ ვერ დაადგინა რა ღირებულებით ერიცხებოდა აუქციონზე გაყიდული მანქანა-ობიექტები გლდანის სახელმწიფო მეურნეობას და რაში გამოიხატებოდა მათი სააღსრულებო ბიუროს მიერ შეუსაბამოდ დაბალ ფასად რეალიზება. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ გლდანის სახელმწიფო მეურნეობისათვის და ქონების მართვის ადგილობრივი ორგანოსათვის ცნობილი იყო აუქციონის ჩატარების დრო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,, ....” სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო მტკიცებულებათა არარსებობის გამო.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აგრეთვე მიიჩნია, რომ ვინაიდან მცხეთის რაიონის სააღსრულებო ბიურომ, რ. ხ-ძემ და ჯ. მ-იანმა ვერ წარმოადგინეს იმის მტკიცებულება, თუ რეალურად რა ქონებაზე დაფუძნდა შპს ,,...” და შესაბამისად, რა ქონების ამორიცხვაზე უნდა ემსჯელა სასამართლოს მისი საწესდებო კაპიტალიდან, მათი შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინებით, საქმეში მესამე პირად ჩაერთო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო მოსარჩელის მხარეზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 22 იანვრის საოქმო განჩინებით, საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 21 ივნისის განჩინებით, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს ,,...”.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით, შპს ,,...” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,...” სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მის ქონებაზე აღსრულება, 2000 წლის 25 თებერვლის აუქციონის, 2000 წლის 14 მარტის აუქციონებისა და 2000 წლის 23 მაისი აუქციონის შედეგები; მოპასუხეებს ჯ. მ-იანს ყოფილი ბლოკის საამქროსა და ყოფილი ხე-ტყის დამამუშავებელი საამქროს, ნ. მ-ძეს ავტომანქანა გაზ-...-ის, ნ. ტ-ულს ავტომანქანა გაზ-...-ს, რ. ხ-ძეს მაღაზიის, კანტორისა და სამი ფერმის შენობის დაბრუნება დაევალათ; მცხეთის რაიონის სააღსრულებო ბიუროს, ჯ. მ-იანისა და რ. ხ-ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ. ხ-ძემ და ჯ. მ-იანმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება, საკასაციო წესით, ცალ-ცალკე გაასაჩივრეს აგრეთვე მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურომ და შპს ,,...”, რომლებმაც ასევე გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2003 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, რ. ხ-ძის, ჯ. მ-იანის, მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროსა და შპს ,,...” საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მაისის საოქმო განჩინებით, საქმეში თანამოპასუხეებად ჩაბმულ იქნენ ნ. მ-ძე და ნ. ტ-ული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მაისის საოქმო განჩინებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და შპს ,,...” საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მესამე პირის სახით ჩაბმულ იქნენ საქმეში, რადგან ისინი წარმოადგენდნენ განსახილველი სამართალურთიერთობის ისეთ მონაწილეებს, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა იყო შესაძლებელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, მოწინააღმდეგე მხარის მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანო მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,...” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,...” სარჩელი 2000 წლის 25 თებერვალს, 14 მარტსა და 23 მაისს ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობისა და აუქციონზე გაყიდული ქონების მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლოს არ ჰქონდა გამოყენებული კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა იგი, რის გამოც გადაწყვეტილება იურიდიულად არ იყო საკმარისად დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლო აღმასრულებლის მიერ დარღვეულ იქნა კანონის მოთხოვნები, კერძოდ, აუქციონის ჩატარების შესახებ არ იყო ინფორმირებული სახელმწიფო ქონების მართვის ადგილობრივი ორგანო და მოვალე, საქმეში არ მოიპოვებოდა მათთვის შეტყობინების ჩაბარების შესახებ რაიმე სახის მტკიცებულება. მოვალე არ დასწრებია აუქციონს და არ გაცნობია აღსრულების დოკუმენტებს, არ მიუღია წინადადება 5 დღის ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით არ ჩაბარებია აღსრულების შესახებ უწყება. მოვალე არ დასწრებია ქონების ნაწილის დაყადაღების შესახებ აქტების შედგენას და არ მოუწერია მასზე ხელი. განცხადებაში აუქციონის ჩატარების შესახებ არ ყოფილა მითითებული ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის იმ პერიოდში მოქმედი რედაქციის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი, რომ სააღსრულებო წარმოება ჩატარებულ იქნა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მითითებული მოთხოვნის არსებითი დარღვევით, რაც ჩატარებული აუქციონების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სახელმწიფო მეურნეობის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ აქტი გამოცემული იყო 2000 წლის 8 თებერვალს ანუ სადავო აუქციონების ჩატარებამდე. საზოგადოება რეგისტრაციაში გატარდა 17 თებერვალს. ასევე უდავოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ აუქციონებზე მოხდა მოვალის ბალანსზე რიცხული ქონების რეალიზაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აუქციონზე რეალიზებული ქონება შესული იყო შპს ,,...” საწესდებო კაპიტალში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით, გასაჩივრებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ, რომელემაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
კასატორმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურომ მიუთითა, რომ მათი მხრიდან ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის იმ პერიოდში მოქმედი რედაქციის 17.4 მუხლის ,,ა” და ,,ა.ა” ქვეპუნქტების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, კერძოდ, აღნიშნული ქვეპუნქტების თანახმად, იძულებითი აღსრულების პირობებში სასამართლო აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ხოლო თუ საკითხი ეხება სახელმწიფო ქონებას, აცნობოს ამის შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის ადგილობრივ ორგანოს, ხოლო სააღსრულებო ბიურომ, კანონის თანახმად, აცნობა მცხეთის რაიონის ქონების მართვის სამმართველოს. მისივე განმარტებით, სააღსრულებო ბიუროს მიერ არ დარღვეულა ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-19 მუხლის მოთხოვნები, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ დაესწრონ აღსრულების მიმდინარეობას, გაეცნონ სააღსრულებო მასალებს, მიიღონ აუცილებელი ცნობები, რომლებიც შეეხება აღსრულებას, ანუ ეს მხარეების უფლებას და არა მოვალეობას წარმოადგენდა, ხოლო იმის მტკიცებულება რომ მოვალეს ჰქონდა სურვილი ესარგებლა ამ მუხლით მინიჭებული უფლებით, მაგრამ ხელი შეუშალეს, არ არსებობდა. აგრეთვე, მოვალეს არ მიუმართავს სააღსრულებო ბიუროსათვის სააღსრულებო წარმოებაში არსებული დოკუმენტების გაცნობის ან ქსეროასლების მიღების მოთხოვნით. ასევე, შპს ,,...” დირექტორი 2000 წლის 10 თებერვალს დაესწრო აღსრულებას, კერძოდ, მისი თანდასწრებით დაედო ყადაღა გლდანის სახელმწიფო მეურნეობის ქონების ნაწილს. აღნიშნულ აქტზე ხელს აწერს დირექტორი როგორც მოვალე და როგორც დაყადაღებული ქონების შემნახველი. კასატორის მითითებით დაყადაღების აქტზე სავალდებულოა ხელს აწერდეს სასამართლო აღმასრულებელი, ქონების შემნახველი და დამსწრე პირი, რაც სამივე დაყადაღების აქტზე გაკეთებული იყო.
კასატორმა _ მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურომ აგრეთვე აღნიშნა, რომ სამივე აუქციონის შესახებ მოვალეს ეცნობა წინასწარ წერილობით, რითაც დაცულ იქნა სამოქალაქო საპოცესო კოდექსის შესაბამისი მუხლის მოთხოვნები. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 28-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით მოვალეს ჩაბარდა 5-დღიანი წინადადება სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ. აუქციონის შესახებ განცხადება გამოქვეყნდა გაზეთში, ასევე საჯარო განცხადება განთავსებულ იქნა აუქციონზე გასატანი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით სოფელ გლდანში.
კასატორის მოსაზრებით, აუქციონზე გაყიდულ იქნა გლდანის სახელმწიფო მეურნეობის ქონება. შპს ,,...” რეგისტრაცია განხორციელდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 8 თებერვლის ¹1-3/85 ბრძანებით, გლდანის სახელმწიფო მეურნეობის ბაზაზე 2000 წლის 17 თებერვალს მცხეთის სასამართლოს მიერ. 2000 წლის 10 და 11 თებერვალს ყადაღა დაედო გლდანის სახელმწიფო მეურნეობის უძრავ-მოძრავ ქონებას. აღნიშნულის შესახებ მეურნეობის დირექტორს უნდა ეცნობებინა ქონების მესაკუთრისათვის _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის. დაყადაღებული ქონება ცალკე უნდა აღრიცხულიყო და არ უნდა შესულიყო შპს-ს საწესდებო კაპიტალში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება მსგავსი სამართლებრივი საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. მ-იანმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით აგრეთვე გაასაჩივრა რ. ხ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
კასატორმა _ რ. ხ-ძემ მიუთითა, რომ შპს ,,...” დირექტორისათვის ცნობილი იყო აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი, რადგან აუქციონის ჩატარებამდე ამის თაობაზე გამოცხადდა გაზეთებში. კერძოდ, ამ გაზეთებში მითითებული იყო ფაქტები დირექტორის მიერ სახელმწიფო ქონების გასხვისებისა და განიავების შესახებ. გარდა ამისა, მოვალეს არაერთხელ მიმართა სააღსრულებო ბიურომ და შეატყობინა აუქციონის დანიშვნის შესახებ. ასევე შპს ,,...” დირექტორმა, განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და აუქციონის ჩატარების ვადის გადაწევა მოითხოვა, რაზეც მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 22 მაისის განჩინებით უარი ეთქვა და განჩინებაში განემარტა, რომ აუქციონი 2000 წლის 23 მაისს ტარდებოდა. კასატორმა აგრეთვე აღნიშნა, რომ აუქციონის ჩატარების დღეს, 2000 წლის 23 მაისს, ადმინისტრაციულ შენობაში (კანტორაში) მასთან ერთად იმყოფებოდა მოვალე შპს ,,...” დირექტორიც. კასატორ რ. ხ-ძის განმარტებით 2000 წლის 23 მაისს გადაეცა აუქციონის აქტი, რომლითაც რეგისტრაცია გაიარა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში და საბოლოოდ მის საკუთრებაში გადავიდა აუქციონზე შეძენილი ქონება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს, რ. ხ-ძისა და ჯ. მ-იანის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 იანვრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს, რ. ხ-ძისა და ჯ. მ-იანის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით, 2010 წლის 20 აპრილს, 15.30 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს, რ. ხ-ძისა და ჯ. მ-იანის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მცხეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით და 1999 წლის 10 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით, გლდანის სახელმწიფო მეურნეობას, შპს “...” სასარგებლოდ დაეკისრა 3900 ლიტრი დიზელის საწვავის ან მისი საბაზრო ღირებულების ანაზღაურება, ასევე 252 კგ პოლიპროპილენის ძაფის ღირებულების _ 1300 ლარის ანაზღაურება. მცხეთის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებზე, 2000 წლის 13 და 18 იანვარს ძირითად და დამატებით გადაწყვეტილებებზე გაიცა სააღსრულებო ფურცლები, რომლებიც წარდგენილ იქნა აღსასრულებლად მცხეთის სააღსრულებო ბიუროში.
საკასაციო პალატას სააღსრულებო წარმოების მასალების საფუძველზე აგრეთვე დადგენილად მიაჩნია, რომ 2000 წლის 10 თებერვლის აქტით, აღიწერა, შეფასდა და ყადაღა დაედო მოვალის – შპს “...” ბალანსზე რიცხულ 3 საძროხე ფერმას, რომელიც შეფასდა 3200 ლარად, 4 ცალ საღორეს – შეფასებულს 232000 ლარად, “...” მარკის ავტომანქანას – 6000 ლარად, 2 ცალ წყლის ცისტერნას – 2500 ლარად, საბავშვო ბაღის შენობას – 77000 ლარად, ადმინისტრაციულ შენობას (კანტორა) – 15000 ლარად, მწყემსთა საცხოვრებელ ბინას ღირებულს 1700 ლარად. აღნიშნული აქტი შპს ,,...” დირექტორის მიერ არის ხელმოწერილი, მასვე ჩაბარდა შესანახად აღწერილი ქონება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიუთითებს სააღსრულებო წარმოების ტომში დაცულ 2000 წლის 11 თებერვლის და 7 მარტის აქტებზე, რომელთა საფუძველზეც აღიწერა, შეფასდა და ყადაღა დაედო ყოფილი ბლოკის საამქროს, ხე-ტყის გადამამუშავებელ საამქროს, გაზ-53-ა მარკის ავტომანქანას და გაზ-3507 მარკის ავტომანქანას. 2000 წლის 11 თებერვლის აქტით, ხის გადამამუშავებელი საამქრო შეფასდა 450 ლარად, ხოლო ყოფილი ბლოკის საამქრო 160 ლარად. 2000 წლის 7 მარტის აქტით გაზ-53-ა მარკის ავტომანქანა შეფასდა 500 ლარად. 2000 წლის 7 მარტის აქტით, გაზ-3507 მარკის ავტომანქანა შეფასდა 400 ლარად. აღნიშნულ დაყადაღების აქტებს ხელს არ აწერს მოვალე ან მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება კასატორების _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მცხეთა-მთიანეთისა და ჯ. მ-იანის მოსაზრებას, რომ არ იყო დარღვეული სადავო პერიოდში მოქმედი სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რადგან ქონების დაყადაღების აქტზე სავალდებულო იყო მხოლოდ სასამართლო აღმასრულებელის, ქონების შემნახველისა და დამსწრე პირის ხელმოწერები, რაც სამივე აქტზე იყო გაკეთებული. საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, როლის თანახმადაც, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტს ხელს აწერს სასამართლო აღმასრულებელი, ქონების შემნახველი, აგრეთვე კრედიტორი, მოვალე და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადებას. აღნიშნული მუხლი პირდაპირ მიუთითებდა ყადაღის დადების აქტზე მოვალის ხელმოწერის არსებობის სავალდებულობას, რაც 2000 წლის 11 თებერვლისა და 7 მარტის აქტებზე არ განხორციელებულა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსაზრებას, რომ დარღვეულია სადავო პერიოდში მოქმედი სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის იმ პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის “ა” და “ა.ა” ქვეპუნქტების თანხმად, იძულებითი აღსრულების პირობებში სასამართლო აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ხოლო თუ საკითხი ეხება სახელმწიფო ქონებას, აცნობოს ამის შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის ადგილობრივ ორგანოს.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააღსრულებო ბიურომ არ აცნობა სახელმწიფო ქონების მართვის ადგილობრივ ორგანოს აუქციონების ჩატარების შესახებ, რადგან საქმეში აღნიშნული სახის შეტყობინება წარმოდგენილი არ არის. სააღსრულებო წარმოების ტომში წარმოდგენილია მიმართვები მცხეთის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფროსისადმი, სადაც აღნიშნულია, რომ ყადაღა დაედო გლდანის სახელმწიფო მეურნეობის უძრავ-მოძრავ ქონებას, მაგრამ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები აღნიშნული მიმართვების ადრესატისათვის ჩაბარების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, როდესაც იგი მიუთითებს, რომ მოვალე არ დასწრებია აუქციონს, არ გაცნობია აღსრულების დოკუმენტებს, არ მიუღია წინადადება 5 დღის ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, არ ჩაბარებია აღსრულების შესახებ უწყება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის იმ პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ დაესწრონ აღსრულების მიმდინარეობას, გაეცნონ სააღსრულებო მასალებს, მიიღონ აუცილებელი ცნობები, რომლებიც შეეხება აღსრულებას, მორიგდნენ, იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე, გაასაჩივრონ სასამართლო აღმასრულებლის მოქმედება. კანონის 25-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, აღსრულების შესახებ უწყებას მოვალეს, კრედიტორსა და სხვა მონაწილე პირებს აბარებდა სასამართლო აღმასრულებელი, ხოლო ამავე მუხლის მესამე პუნქტით, უწყება უნდა ჩაბარებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ამავე რედაქციის კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებისას სასამართლო აღმასრულებელი მოვალეს უგზავნის წინადადებას ხუთი დღის ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. ეს წინადადება მოვალეს ჩაბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო ფულის ან ქონების გადახდევინებისას წინადადების ჩაბარებასთან ერთად სასამართლო აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების აღწერას ან დაყადაღებას ამ კანონით დადგენილი წესით. სააღსრულებო წარმოების ტომში დაცულია შეტყობინებები, რომლებითაც გლდანის სახელმწიფო მეურნეობის დირექტორსა და შპს ,,...” დირექტორს ატყობინებენ აუქციონების ჩატარების თარიღს. საქართველოს უზენაესი სასამართლო მხარეთა ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე, რომ შეტყობინებები რომლებიც 25 თებერვლისა და 14 მარტის აუქციონებს ეხება არ არის დათარიღებული, ამავდროულად საქმეში არ არის იმის მტკიცებულება რეალურად ჩაბარდა თუ არა აღნიშნული შეტყობინებები ადრესატს, ხოლო შეტყობინება 23 მაისის აუქციონის ჩატარების შესახებ ხელნაწერი ფორმით არის დათარიღებული 2000 წლის 16 მაისით, ამ შეტყობინებაზეც არ არსებობს ჩაბარების დასტური. საქმეში წარმოდგენილია შეტყობინება, რომლითაც მცხეთის სააღსრულებო ბიურო აძლევს წინადადებას გლდანის სახელმწიფო მეურნეობის დირექტორს დაფაროს დავალიანება ნებაყოფლობით 21 იანვრამდე (ტ. III, ს.ფ. 29), აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეტყობინება არ არის დათარიღებული და არც მისი ადრესატისათვის ჩაბარების მტკიცებულება არსებობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს ადგენს სასამართლო აღმასრულებელი, რის შესახებას იგი აუქციონის ჩატარებამდე 7 დღით ადრე აკეთებს სპეციალურ განცხადებას, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა) უძრავი ქონების მესაკუთრის სახელსა და საცხოვრებელ ადგილს; ბ) სასამართლო აღმასრულებლის სახელსა და გვარს; გ) აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს; დ) უძრავი ქონების საწყისს ფასს, რომელიც წარმოადგენს ამ ქონებაზე ყადაღის დადების აქტში მითითებულ ფასს; ე) უძრავი ქონების ადგილმდებარეობასა და მოკლე აღწერას; ვ) განცხადებას იმის შესახებ, რომ ყველა სხვა პირი, რომელთაც გააჩნიათ უფლებები უძრავ ნივთებზე, ვალდებულნი არიან ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარადგინონ აუქციონის დაწყებამდე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააღსრულებო წარმოების ტომში არსებულ განცხადებაში აუქციონის ჩატარების შესახებ არ ყოფილა მითითებული აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული მონაცემები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, როდესაც იგი დადგენილად მიიჩნევს, რომ აუქციონზე რეალიზებული ქონება შესული იყო შპს ,,...” საწესდებო კაპიტალში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია საქართველოს კანონმდებლობა და საქმეზე მიიღო დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიერ, კონკრეტულ შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს, რ. ხ-ძისა და ჯ. მ-იანის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.