Facebook Twitter

ბს-1475-1437 (2კ-10) 16 თებერვალი, 2011წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. კ-ძის, დ. კ-ძის, ი. კ-ძისა და თ. თ-შვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მოსარჩელეებმა _ დ. კ-ძემ, თ. კ-ძემ და ი. კ-ძემ 24.08.09 წ. სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელეებმა აღსრულების ეროვნული ბიუროს 24.07.09 წ. ქონების ნატურით გადაცემის თაობაზე ¹02/02-02-09-151 განკარგულებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 30.07.09 წ. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

მოსარჩელემ _ თ. თ-შვილმა 24.08.09 წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ _ თ. თ-შვილმა აღსრულების ეროვნული ბიუროს 24.07.09 წ. ქონების ნატურით გადაცემის თაობაზე ¹02/02-02-09-151 განკარგულებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 30.07.09 წ. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20.10.09 წ. საოქმო განჩინებით აღნიშნული ორი საქმე გაერთიანდა ერთ წარმოებად. ამავე სხდომაზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩართულ იქნენ ა. ც-იანი, გ. ტ-ძე, ზ. ხ-შვილი, თ. ჯ-შვილი, ი. ჭ-ძე, ლ. ბ-ძე, ლ. ა-ძე, მ. გ-ძე, მ. ა-შვილი, მ. შ-კი, ნ. გ-უა, ნ. ქ-შვილი, ნ. გ-ძე-ს-შვილი, რ. მ-შვილი, ა. პ-ულოს, თ. მ-ძე, რომელთაც 24.07.09 წ. ¹02/02-02-09-151 განკარგულებით ქ. ბათუმში, ... ქ. ¹12-ში მდებარე სადავო ქონება გადაეცათ ნატურით, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 30.07.09 წ. გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა მათ საკუთრებად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 16.04.10 წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ იპოთეკის საგანს წარმოადგენდა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹12-ში მდებარე უძრავი ქონება _ შპს «...», დ. კ-ძის, თ. კ-ძისა და ი. კ-ძის საერთო საკუთრებაში არსებული 512 კვ.მ. დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთი, ასევე დ. კ-ძის, თ. კ-ძისა და ი. კ-ძის საკუთრებაში არსებული 259,73 კვ.მ. შენობა-ნაგებობა წილობრივი მონაცემებით. ამდენად, სააღსრულებო წარმოება ჩატარდა მოვალეთა საკუთრებაში არსებულ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ნივთზე და ქონების ნატურით გადაცემის შემდგომ, კრედიტორების საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა აღნიშნული უძრავი ქონება. ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ უძრავ ქონებაზე ყადაღის არსებობით გასაჩივრებული აქტების ბათილობის დასაბუთება უსაფუძვლო იყო, ვინაიდან მოვალეთა ქონებაზე ყადაღის არსებობა მისი ბუნებიდან გამომდინარე, ხელს არ უშლიდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებას. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. კ-ძემ, თ. კ-ძემ, ი. კ-ძემ და თ. თ-შვილმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.08.10 წ. განჩინებით დ. კ-ძის, თ. კ-ძის, ი. კ-ძისა და თ. თ-შვილის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 16.04.10 წ. გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.08.10 წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. კ-ძემ, თ. კ-ძემ, ი. კ-ძემ და თ. თ-შვილმა, რომელთაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელების დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. კ-ძის, თ. კ-ძის, ი. კ-ძისა და თ. თ-შვილის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყადაღა არ წარმოადგენს აღმასრულებლის მიერ იძულებითი აღსრულებისა და მის შედეგად წარმოშობილი უფლების რეგისტრაციის ხელშემშლელ გარემოებას. ეს უკანასკნელი წარმოადგენს «საჯარო რეესტრის შესახებ» კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ გამონაკლისს. ამდენად, გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება საკასაციო პალატის მიერ დადგენილ პრაქტიკასა და მხარის მიერ მითითებულ საკასაციო სასამართლოს ¹ბს-325-316 გადაწყვეტილებაში მოცემულ სამართლის ნორმების განმარტებებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც დ. კ-ძის, თ. კ-ძის, ი. კ-ძისა და თ. თ-შვილის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე მაია დოლიძეს გადახდილი აქვს დ. კ-ძის, თ. კ-ძისა და ი. კ-ძის საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე მ. ა-შვილს გადახდილი აქვს თ. თ-შვილის საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. კ-ძის, თ. კ-ძის, ი. კ-ძისა და თ. თ-შვილის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.08.10 წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. მ. დ-ძეს (საიდენტიფიკაციო ¹61001019411) დაუბრუნდეს მის მიერ დ. კ-ძის, თ. კ-ძისა და ი. კ-ძის საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;

3. მ. ა-შვილს (საიდენტიფიკაციო ¹35001013803) დაუბრუნდეს მის მიერ თ. თ-შვილის საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.