Facebook Twitter

ბს-1477-1439(2კ-10) 3 მაისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები _ 1. რ. კ-შვილი (მესამე პირი); 2. ქ. ქუთაისის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ლ. დ-ძე

მოპასუხე _ იმერეთის სააღსრულებო ბიურო

დავის საგანი _ ქმედების განხორციელების დავალდებულება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 9 სექტემბერს ლ. დ-ძემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების - ქ. ქუთაისის მერიის, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, მესამე პირის – რ. კ-შვილის მონაწილეობით და მოითხოვა ქ. ქუთაისის მერიის დავალდებულება სააღსრულებო ბიუროში სააღსრულებო ფურცლის დაბრუნებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების დადგენილი წესით აღსრულების შესახებ შემდეგი საფუძვლით:

საქმის გარემოებები:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა იმერეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის სარჩელი და მოპასუხე რ. კ-შვილს დაევალა ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹16-17-18-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე უკანონოდ მოწყობილი ფანჯრის ღიობის ამოშენება და შენობის ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა საკუთარი სახსრებით. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2006 წლის 14 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, მაგრამ აღნიშნულის მიუხედავად, მოვალემ სრულად არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, კერძოდ, პირვანდელ მდგომარეობაში არ მოიყვანა კედელი, ხოლო ფანჯრის ღიობი ამოაშენა მინა-ბლოკით. სააღსრულებო ბიურომ შესრულებულად არ ჩათვალა სასამართლოს გადაწყვეტილება და არ შეადგინა ოქმი აღსრულების დასრულებაზე. რ. კ-შვილმა სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში იმერეთის სააღსრულებო ბიუროსა და ქ. ქუთაისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ და მოითხოვა სააღსრულებო ბიუროს დავალდებულება აღსრულების ოქმის შედგენის თაობაზე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით რ. კ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულის მიუხედავად, სააღსრულებო ბიურომ შეწყვიტა აღსრულება და დააბრუნა სააღსრულებო ფურცელი.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

მოსარჩელის მოსაზრებით, სააღსრულებო ბიურო არ იყო უფლებამოსილი შეეწყვიტა აღსრულება. აღსრულების დამთავრების შესახებ ქ. ქუთაისის მერის 2009 წლის 27 მაისის მიმართვაში უსაფუძვლოდ მიეთითა 2006 წელს კრედიტორსა და მოვალეს შორის შემდგარ მორიგებაზე, მოვალეს სამშენებლო მასალის გამოყენების თაობაზე ნებართვა უნდა მიეღო არქიტექტურის სამსახურიდან, რაც მას არ წარუდგენია. შესაბამისად, ქუთაისის მერიამ სააღსრულებო ფურცლის გამოთხოვნისას უგულებელყო კრედიტორის – ლ. დ-ძის უფლებები.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები მითითებული არ არის (იხ. ს.ფ. 1-12).

ლ. დ-ძის სარჩელი არ ცნო მოპასუხე ქ. ქუთაისის მერიამ უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

მოპასუხის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რ. კ-შვილის სარჩელი აღსრულების ოქმის შედგენის თაობაზე კანონიერ ძალაშია, 2006 წლის 12 დეკემბერს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ შედგა სააღსრულებო მოქმედების ოქმი, რა დროსაც კრედიტორსა და მოვალეს შორის შედგა მორიგება, რომლის თანახმად, 2006 წლის 24 დეკემბრამდე რ. კ-შვილს უნდა განეხორციელებინა ფანჯრის ღიობის ამოშენება მინის ღრუტანიანი ბლოკებით, რაც განხორციელდა. შესაბამისად, მორიგება აღსრულებულია.

მოპასუხემ მიუთითა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 34.1, 34.2 მუხლებზე, 35-ე მუხლის “ა” პუნქტზე და მიიჩნია, რომ ქ. ქუთაისის მერიამ სრულად დაიცვა კანონის მოთხოვნები (იხ. ს.ფ. 33-39).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ლ. დ-ძის სარჩელი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261.3 მუხლის შესაბამისად, დარჩა განუხილველად (იხ. ს.ფ. 48-49).

საქალაქო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. დ-ძემ (იხ. ს.ფ. 53-54).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის განჩინებით ლ. დ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 68-71).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. დ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით რ. კ-შვილის სარჩელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების ოქმის შედგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წილს 19 ივლისის გადაწყვეტილებით იმერეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა და რ. კ-შვილს დაევალა საკუთარი სახსრებით ამოეშენებინა ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹16-17-18-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე უკანონოდ მოწყობილი ფანჯრის ღიობი. ამ მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ფანჯრის ღიობი, რომელიც ადრე ამოშენებული იყო აგურით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, რ. კ-შვილმა ფანჯარა ამოაშენა მინის ღრუტანიანი ბლოკით, რის გამოც აღმასრულებელმა არ შეადგინა აღსრულების ოქმი და მოითხოვა ფანჯრის ღიობის აგურით ამოშენება.

საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 34.1 მუხლის “მ” ქვეპუნქტით, 34.2 მუხლით, არ გაიზიარა ლ. დ-ძის არგუმენტი მხარეთა შორის მორიგების თაობაზე, რამდენადაც მორიგების უფლება აქვს კრედიტორსა და მოვალეს, 2005 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით კრედიტორი და მოვალე იყო რ. კ-შვილი და ქუთაისის არქმშენინსპექცია, სადაც მესამე პირებად ქ. ქუთაისის მერია და ლ. დ-ძე ჩაბმულნი არ ყოფილან.

ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (იხ. ს.ფ. 110-111).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. დ-ძემ და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:

აპელანტმა მიიჩნია, რომ მხარეთა შორის შემდგარი მორიგება ეწინააღმდეგება კანონს, რამდენადაც დაცული არ ყოფილა მესამე პირის – ლ. დ-ძის ინტერესები (იხ. ს.ფ. 115-123).

ლ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი არ ცნო მოწინააღმდეგე მხარემ _ რ. კ-შვილმა (იხ. ს.ფ. 137-143).

სააპელაციო საჩივარი ასევე არ ცნო მოწინააღმდეგე მხარემ – ქ. ქუთაისის მერიამ და მოითხოვა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულია კანონიერი გადაწყვეტილება და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (იხ. ს.ფ. 149-156).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. დ-ძის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა, უკანონოდ იქნა ცნობილი იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მოქმედება მხარეთა მორიგების გამო წარმოების შეწყვეტისა და სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების შესახებ და განახლდა სააღსრულებო წარმოება ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებაზე, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ცალმხრივი და არასრული გამოკვლევის შედეგად, არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რასაც მოჰყვა არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით იმერეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა და რ. კ-შვილს დაევალა საკუთარი სახსრებით ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹16-17-18-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე უკანონოდ მოწყობილი ფანჯრის ღიობის ამოშენება და შენობის ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა და მისი აღსრულების მიზნით 2006 წლის 14 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

2006 წლის 22 დეკემბერს რ. კ-შვილმა ამოაშენა ფანჯრის ღიობი მინის ღრუტანიანი ბლოკით, მაგრამ აღმასრულებელმა არ გააფორმა აღსრულების ოქმი და მოითხოვა ფანჯრის ღიობის ამოშენება აგურით და შენობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

რ. კ-შვილი არ დაეთანხმა აღმასრულებლის მოთხოვნას და სარჩელი აღძრა გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე ოქმის შედგენის დავალდებულების მოთხოვნით. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით რ. კ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სააღსრულებო მოქმედების შესახებ 2006 წლის 19 დეკემბრის ოქმის თანახმად, კრედიტორი და მოვალე მორიგდნენ, კერძოდ, მოვალეს 2006 წლის 24 დეკემბრამდე უნდა ამოეშენებინა ღიობი მინა-ბლოკით. აღნიშნული პირობის შესრულების გამო სააღსრულებო წარმოება შეწყდა მხარეთა მორიგების გამო, ხოლო სააღსრულებო ფურცელი დაუბრუნდა კრედიტორს. აღნიშნულის შესახებ ლ. დ-ძეს ეცნობა წერილობით 2009 წლის 27 აგვისტოს.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 106-ე მუხლის “ბ” პუნქტით და მიუთითა, რომ კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2005 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება მოვალე რ. კ-შვილის მიერ არ აღსრულებულა, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ დავაში მონაწილეობენ იგივე მხარეები, რის გამოც აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას უნდა მიენიჭოს პრეიუდიციული ძალა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის.

კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით, რომლითაც ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება დადგენილია, რომ ლ. დ-ძეს, როგორც სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეს და საქმეში მონაწილე მესამე პირს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.5 მუხლის შესაბამისად, უფლება აქვს მოითხოვოს 2005 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ ვინაიდან ლ. დ-ძე არქმშენინსპექციის მიერ აღძრულ დავაში არ იყო ჩაბმული მხარედ, ვერ განაცხადებდა პრეტენზიას გადაწყვეტილების აღსრულების საკითხთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 8.2, 37-ე მუხლებით და განმარტა, რომ თუ ეჭვს იწვევს აღსრულების შეწყვეტის ან სასამართლო საბუთის უკან დაბრუნების მართლზომიერება, გადაწყვეტილებას აღმასრულებლის, კრედიტორის ან მოვალის განცხადების საფუძველზე იღებს სასამართლო. აღნიშნულით სააღსრულებო წარმოებაზე წესდება სასამართლო კონტროლი და დაუშვებელია საქმის მორიგებით დამთავრების ან სააღსრულებო საბუთის გამოთხოვნის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, რაც ასევე მოიაზრებს მესამე პირთა ინტერესების დაცვას აღნიშნულ პროცესში, ან რომლის ინტერესებსაც ეხება აღსრულების შედეგები (იხ. ს.ფ. 186-192).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ქუთაისის მერიამ და რ. კ-შვილმა.

ქ. ქუთაისის მერიამ მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით;

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, კერძოდ, კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს აპელირება “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 18.2 და 37-ე მუხლზე, რამდენადაც მორიგებას ადგილი არ ჰქონია. საქმეში წარმოდგენილი 2006 წლის 12 დეკემბრის სააღსრულებო მოქმედების ოქმის თანახმად, მხარეები – მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური და რ. კ-შვილი შეთანხმდნენ, რომ მოვალე 2006 წლის 24 დეკემბრამდე განახორციელებდა ფანჯრის ღიობის ამოშენებას მინა-ბლოკით. 2006 წლის 12 დეკემბრის სააღსრულებო მოქმედების ოქმი წარმოადგენს არა მორიგებას, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას.

მოცემულ შემთხვევაში, სააღსრულებო მოქმედების ოქმის მიმართ რ. კ-შვილს გააჩნია კანონიერი ნდობა, მით უფრო, რომ ლ. დ-ძეს აღნიშნული ოქმით ზიანი არ ადგება (იხ. ს.ფ. 199-206).

რ. კ-შვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი მოტივით:

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა საქართველოს მშენებლობისა და ურბანიზაციის სამინისტროს 2001 წლის “ნაკვეთების, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესების” მოთხოვნები, რომლის თანახმად ნებადართულია საცხოვრებელი სახლის განთავსება ნაკვეთის საზღვარზე იმ პირობით, რომ მის გასწვრივ აგებული კედელი იქნება ღიობებისა და ყოველგვარი ხვრეტების გარეშე (იხ. ს.ფ. 208-214).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 1 თებერვლის განჩინებით ქ. ქუთაისის მერიისა და რ. კ-შვილის საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად (პროცესუალური კასაციები) (იხ. ს.ფ. 267-271; ტ.II).

რ. კ-შვილის საკასაციო საჩივარი არ ცნო მოწინააღმდეგე მხარემ _ ლ. დ-ძემ და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (278-280; ტ.II).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლა-გაანალიზებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. ქუთაისის მერიისა და რ. კ-შვილის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი, განჩინება სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, საკასაციო საჩივრები შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, რაც სსსკ-ის 393-ე 394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში ლ. დ-ძის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე ქ. ქუთაისის მერიის დავალდებულება სააღსრულებო ბიუროში 2006 წლის 14 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის დაბრუნებისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 19 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ განცხადების წარდგენის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა, ბათილად ცნო იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მოქმედება მხარეთა მორიგების გამო სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის, სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების შესახებ, ასევე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა სააღსრულებო წარმოების განახლება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორთა საკასაციო პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო რა აღმასრულებლის მოქმედება, არ უმსჯელია რა მოქმედება განახორციელა სააღსრულებო ორგანომ, კერძოდ, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 34.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, აღსრულება შეწყდება, თუ კრედიტორმა უარი თქვა გადახდევინებაზე; ხოლო ამავე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძველია თუ კრედიტორი და მოვალე მორიგდნენ. საქმეში წარმოდგენილი ქ. ქუთაისის მერის 2009 წლის 27 აგვისტოს ¹დ-5122 წერილის თანახმად, ქ. ქუთაისის მერიას განცხადებით მიმართა რ. კ-შვილმა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტისა და სააღსრულებო ბიუროდან სააღსრულებო ფურცლის გამოთხოვნის შესახებ. განცხადებას დართული ჰქონდა აღმასრულებლის 2006 წლის 12 დეკემბრის ოქმი კრედიტორსა და მოვალეს შორის მორიგების მიღწევისა და მოვალის მხრიდან მორიგების პირობების შესრულების შესახებ (იხ. ს.ფ. 21-22; ტ.II). ამდენად, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძვლად თავად მოპასუხე ქ. ქუთაისის მერია როგორც საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებაში, ასევე სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში უთითებდა, რომ კრედიტორ იმერეთის რეგიონალური არქმშენინსპექციასა და მოვალე რ. კ-შვილს შორის მოხდა მორიგება, თუმცა საკასაციო საჩივარში მორიგების ფაქტს მოპასუხე ქ. ქუთაისის მერია უარყოფს და სააღსრულებო მოქმედების შესახებ 2006 წლის 12 დეკემბრის ოქმს განიხილავს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებად. გარდა აღნიშნული მტკიცებულებისა _ ქ. ქუთაისის მერის 2009 წლის 27 აგვისტოს ¹დ-5122 წერილისა, საქმეში არ არის წარმოდგენილი თავად აღმასრულებლის ოქმი სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შესახებ. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 29.1 მუხლის შესაბამისად, აღმასრულებელმა ყოველი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ უნდა შეადგინოს ოქმი. სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ გამოუკვლევია და უმსჯელია აღმასრულებელმა შეწყვიტა რა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 19 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე წარმოება, შეადგინა თუ არა სააღსრულებო მოქმედებაზე ოქმი და რის საფუძველზე მოხდა წარმოების შეწყვეტა.

სააღსრულებო წარმოების პროცესში აღმასრულებლის მიერ შედგენილი 2006 წლის 12 დეკემბრის სააღსრულებო მოქმედების ოქმის თანახმად, რომელზეც აპელირებდა მოპასუხე ქ. ქუთაისის მერია, მოვალის მეუღლემ მოითხოვა დამატებითი ვადა 2006 წლის 24 დეკემბრამდე სასამართლოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების მიზნით. მოვალემ მიუთითა, რომ ფანჯრის ღიობის ამოშენებას მოახდენდა მინა-ბლოკით. აღსრულება გადაიდო 2006 წლის 24 დეკემბრამდე, ხოლო ფანჯრის ამოშენებისათვის მასალად მინა-ბლოკის გამოყენებაზე მოვალეს დაევალა წარედგინა ქალაქის არქიტექტურის სამსახურიდან ნებართვა (იხ. ს.ფ. 15; ტ.I). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ოქმი მართებულად არ მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის მორიგებად, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით კასატორთა პრეტენზიას, რამდენადაც ოქმის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ აღსრულების გადადებასა და მოვალისათვის დამატებითი ვადის მიცემაზე, ხოლო სამშენებლო მასალად მინა-ბლოკის გამოყენებაზე მოვალეს უნდა წარედგინა ნებართვა, რაც მას არ წარუდგენია აღსრულების პროცესში, ასეთად არ უნდა იქნეს განხილული მის მიერ წარდგენილი თვითმმართველი ქალაქის _ ქუთაისის სახანძრო დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მიმართვა, რომლის მიხედვით, მინა-ბლოკით ფანჯრის ამოშენება დასაშვები იყო სახანძრო უსაფრთხოების წესების მიხედვით (იხ. ს.ფ. 7; ტ.I). მითითებულ ნებართვად ასევე ვერ იქნება განხილული შპს “...” დირექტორის 2007 წლის 12 იანვრის ¹7 ცნობა, რომ მინის ღრუტანიანი ბლოკები გამოიყენება ტიხრების ასაშენებლად და სანათი ღიობების შესავსებად (იხ. ს.ფ. 14; ტ.I). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღსრულების პროცესში მხარეთა შორის შეთანხმება მოხდა არა მინა-ბლოკით ფანჯრის ღიობის ამოშენებაზე, არამედ მოვალისათვის დამატებით ვადის მიცემასა და აღსრულების 2006 წლის 24 დეკემბრამდე გადადებაზე, ხოლო აღნიშნული მასალის გამოყენებაზე, როგორც აღინიშნა, მოვალეს უნდა წარედგინა სათანადო ნებართვა, რაც მას არ წარუდგენია. ამასთან, სააღსრულებო მოქმედების შესახებ 2006 წლის 22 დეკემბერს შედგა ოქმი, რომლის მიხედვით, ფანჯრის ღიობის მინა-ბლოკით ამოშენებაზე პრეტენზია გამოთქვა მესამე პირმა _ ლ. დ-ძემ და მიუთითა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება და შენობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა გულისხმობდა ფანჯრის არა მინა-ბლოკით, არამედ აგურით ამოშენებას. მოვალე გაფრთხილებულ იქნა საკითხის გარკვევამდე სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტის შესახებ (იხ. ს.ფ. 16; ტ.I).

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის მორიგების მიღწევასა და ამ მოტივით სააღსრულებო წარმოების შეწყვეტაზე მსჯელობა მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ საფუძველს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ასევე მართებულად არ გაიზიარა მოსაზრება, რომ ლ. დ-ძეს უფლება არ ჰქონდა პრეტენზია განეცხადებინა 2005 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, რამდენადაც “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 151.1 მუხლის შესაბამისად, სააღსრულებო წარმოებაში კრედიტორს წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომელთა სასარგებლოდ ან/და ინტერესებისათვის მიღებულია აღსასრულებელი გადაწყვეტილება.

მოსარჩელე ლ. დ-ძე წარმოადგენდა მესამე პირს რ. კ-შვილსა და იმერეთის რეგიონალურ არქმშენინსპექციას შორის არსებულ დავაში, დავის საგანი ეხებოდა სამეზობლო საზღვარზე უკანონოდ მოწყობილ ფანჯარას, შესაბამისად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება, რომლითაც რ. კ-შვილს დაევალა ფანჯრის ამოშენება და შენობის პრივანდელ მდგომარეობაში მოყვანა, ეხებოდა მის ინტერესებს, რომელთა დაცვაც უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო აღსრულების პროცესში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს ზემოთ მითითებულ პროცესუალურ საკითხებზე, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენდა აღმასრულებლის მოქმედების ბათილად ცნობა აღსრულების შეწყვეტის შესახებ, ხოლო მისი ბათილად ცნობით სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, არსებობდა თუ არა სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმაციის აუცილებლობა, რამდენადაც მოპასუხეებს წარმოადგენდნენ ქ. ქუთაისის მერია და სააღსრულებო ბიურო, ამ უკანასკნელის მიმართ კი სასარჩელო მოთხოვნა აღძრული არ ყოფილა. აღნიშნულის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა მოხდა თუ არა მხარეთა შორის მორიგების შედეგად, აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით და მოიპოვოს მტკიცებულებები შედგა თუ არა აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო წარმოების შეწყვეტაზე ოქმი და რა საფუძვლით. ამასთან, რამდენად ჰქონდა ადგილი კრედიტორსა და მოვალეს შორის მორიგებას აღმასრულებლის 2006 წლის 12 დეკემბრის ოქმის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხების გამოკვლევისა და დადგენის შედეგად უნდა იმსჯელოს სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე და საქმეზე დაადგინოს ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე 399-ე, 408.3, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ქუთაისის მერიისა და რ. კ-შვილის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.