ბს-1478-1440(2კ-10) 17 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ 1) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე); 2) ი. პ-ელი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის – ი. პ-ელის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2005 წლის 30 დეკემბერს ი. პ-ელსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა კონტრაქტი და ი. პ-ელი კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, ჩაირიცხა სამხედრო-საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 10 ნოემბრის ¹2638 ბრძანებით, 2006 წლის 1 ნოემბრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, ი. პ-ელი დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ, ჯარიმის სახით _ 18 259.59 ლარის, პირგასამტეხლოს სახით – 5 477.88 ლარის და ზიანის საკომპენსაციო თანხის სახით – 4 373.60 ლარის დაკისრება მოითხოვა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი. პ-ელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ, ჯარიმის – 17 328.96 ლარის, პირგასამტეხლოს – 5 477.88 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული კონტრაქტის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილით და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს, ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდეს შეწყვიტოს 4 წლიანი კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს მასზე გათვალისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის ხელფასის სახით საშუალოდ 14 000 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნება ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად. რაიონული სასამართლოს მითითებით, ამავე კონტრაქტის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით სამხედრო მოსამსახურის მიერ მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული თანხების ამავე მუხლებით დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხებს დაერიცხება პირგასამტეხლო 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ 2006 წლის 10 ნოემბრის ¹2638 ბრძანებით ი. პ-ელი კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო 2006 წლის 1 ნოემბრიდან დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. რაიონულმა სასამართლომ აღნიშნული გარემოება საკონტრაქტო პირობების შესაბამისად მოპასუხის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების საფუძვლად მიიჩნია.
სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებში წარმოდგენილ ს/ნ 06411-ის მეთაურისა და ამავე ს/ნ-ის ფინანსისტის ხელმოწერით წვრთნისა და აღჭურვის პროგრამიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეთა მიერ ასანაზღაურებელი თანხის გაანგარიშების შესახებ დოკუმენტზე, საიდანაც ჩანს, რომ ი. პ-ელს სულ ასანაზღაურებელი აქვს 17 328.96 ლარის ოდენობის სწავლის პერიოდში მასზე დახარჯული თანხა. ამასთან, სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ კონტრაქტით დადგენილი პირგასამტეხლოს თანხა 5 477.88 ლარს შეადგენდა.
ამასთან, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ მიუთითა იმ ზიანზე, რაც მას მოპასუხისგან მიადგა. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლზე მიუთითა და განმარტა, რომ მხარეებს ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად შეუძლიათ გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც, კერძოდ პირგასამტეხლო, რომელიც თავისი ბუნებით წარმოადგენს მოვალის მიერ ხელშეკრულების დადების დროს გათვალისწინებული სავარაუდო ზიანის ოდენობას ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნა, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების დადების დროს ვალებულების შეუსრულებლობისაგან მიყენებული ზიანი შეფასდა სწორედ პირგასამტეხლოს ოდენობით და მასზე მეტი ზიანის ოდენობა მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. პ-ელმა, რომელმაც გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც, რომელმაც გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ი. პ-ელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის, რომლითაც ი. პ-ელს საქართველოს თავდაცვის სასარგებლოდ ჯარიმის სახით 17 328.96 ლარის გადახდა დაეკისრა, შეცვლით ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. პ-ელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის სახით – 18 259.59 ლარის გადახდა დაეკისრა; გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას – მსახურობდა სამხედრო ქვედანაყოფში, რის სანაცვლოდაც იღებდა შესაბამის ანაზღაურებას ხელფასის სახით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულების მოშვილს შემთხვევაში, მხარეთა ორმხრივ რესტიტუციას. შესამაბისად, სადავო შემთხვევაში სასამართლომ მოსარჩელისათვის ხელფასის დაბრუნება შეუძლებლად მიიჩნია, ვინაიდან მოპასუხეს გაწეული ჰქონდა სათანადო შრომა. ამასთან, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლზე მითითებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმფიფო კმაყოფაზე და მოსამსახურის მიერ გაწეული სამსახურისათვის ხელფასის გადახდა შეადგენს დამსაქმებლის ვალდებულებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სარჩელი მოპასუხისათვის ზიანის სახით - 4 373.60 ლარის დაკისრების ნაწილში.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტ – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიცია და მიიჩნია, რომ კონტრაქტის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, ი. პ-ელისათვის ჯარიმის სახით დასაკისრებელი თანხა შეადგენს არა 17 328.96 ლარს, არამედ – 18 259.59 ლარს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ის ფაქტი, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოპასუხისაგან არა ხელფასს, არამედ მის სანაცვლოდ დასაქმებულ სამხედრო მოსამსახურეზე დახარჯულ თანხას ითხოვდა.
კასატორმა _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის ეტაპობრივ წვრთვნასა და მომზადებას ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ხარჯზე უზრუნველყოფდა. კასატორის განმარტებით, მოპასუხის მომზადებასა და წვრთნაზე საბიუჯეტო თანხები უშედეგოდ დაიხარჯა, ხოლო თავდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა ახალი სამხედრო მოსამსახურის მომზადებაზე კვლავ გაეწია შესაბამისი ხარჯები.
კასატორმა _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ,,საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონით 2005 წელში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა განისაზღვრა 23 000-ით, ხოლო ,,საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონით 2006 წელში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა განისაზღვრა 28 000-ით.
კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ი. პ-ელის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის გამო, ,,საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრისა და 2005 წლის 9 დეკემბრის კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის რაოდენობის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი კონტრაქტის გაფორმება და თანხის ხელახლა დახარჯვა მოუწია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. პ-ელმაც, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრულება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 21 იანვრის ¹85 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა სამინისტროს ... მძღოლად. კასატორი უთითებს, რომ თავდაცვის სამინისტროს მხრიდან დაშვებულ იქნა შეცდომა, ვინაიდან იგი იმ პირობებში აიყვანეს მძღოლად, როდესაც მართვის მოწმობა არასდროს ქონია. ამდენად, მართვის მოწმობის არ არსებობის გამო იგი ვერ შეძლებდა კონტრაქტით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულებას.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად გამოიტანა გადაწყვეტილება და არ დაინტერესებულა შეეძლო თუ არა ი. პ-ელს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი. პ-ელის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; ი. პ-ელის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებაზე პირგასამტეხლოს სახით 5 477.88 ლარის დაკისრების თაობაზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე; ი. პ-ელის საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, განსახილველად დაშვებულ ნაწილში საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, ამავე ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. პ-ელის საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ, ვინაიდან 2011 წლის 12 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, ხოლო ი. პ-ელის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებაზე პირგასამტეხლოს სახით 5 477.88 ლარის დაკისრების თაობაზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში მიჩნეულ დასაშვებად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს მხოლოდ მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს თანხის _ 5 477.88 ლარის დაკისრების საფუძვლიანობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2005 წლის 30 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი. პ-ელს შორის 4 წლის ვადით დაიდო ხელშეკრულება (ტ. I; ს.ფ. 23-29).
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 10 ნოემბრის ¹2638 ბრძანების საფუძველზე, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, 2006 წლის 1 ნოემბრიდან ი. პ-ელი დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან (ტ. I; ს.ფ. 14).
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის _ ი. პ-ელის მსჯელობას, გასაჩივრებული განჩინების პირგასამტეხლოს თანხის დაკისრების ნაწილში გაუქმების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2005 წლის 30 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი. პ-ელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროს მიერ მასზე გათვალისწინებული ფულადი თანხები, ხოლო აღნიშნული თანხების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებოდა პირგასამტეხლო 0.2% ოდენობით (ტ. I; ს.ფ. 23-29).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებასა და ფინანსური პასუხისმგებლობის ერთგვარ ფორმას წარმოადგენს, რომელსაც გააჩნია ვალდებულების დროული შეუსრულებლობის პრევენციული ფუნქცია. ამასთან, პირგასამტეხლო კრედიტორისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების ლეგალური საშუალება და კრედიტორის აქცესორული უფლებაა _ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ჯარიმას ცალკე როგორც ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ იცნობს.
საკასაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა, ფაქტობრივად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის დადგენილია უზრუნველყოფის საშუალება პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით _ 18 259.59 ლარის ოდენობით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დამატებით 5 477.88 ლარი უკვე პირგასამტეხლოს ოდენობის აშკარა შეუსაბამობას ადასტურებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თავისუფალი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვისა და ეკონომიკური თავისუფლების, როგორც კონსტიტუციური პრინციპის, უზრუნველყოფა-რეალიზების ინტერესები მოითხოვს პირგასამტეხლოს განაკვეთისა და ფაქტობრივი ოდენობის თანაზომიერებასა და მხარისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ შესაბამისობას ძირითადი სახელშეკრულებო დავალიანების თანხასთან მიმართებაში. მართალია, შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს პირგასამტეხლოს თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, კერძოდ, პირგასამტეხლოს თანხის _ 5 477.88 ლარის დაკისრების ნაწილში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. პ-ელის საკასაციო საჩივარი დაშვებულ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება ი. პ-ელისათვის პირგასამტეხლოს სახით 5 477.88 ლარის დაკისრების თაობაზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით _ 5 477.88 ლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არის შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავა, რაც სოციალურ დავათა კატეგორიას მიეკუთვნება. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ი. პ-ელის საკასაციო საჩივარი დაშვებულ _ პირგასამტეხლოს თანხის 5 477.88 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება ი. პ-ელისათვის პირგასამტეხლოს სახით 5 477.88 ლარის დაკისრების თაობაზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, ი. პ-ელისათვის პირგასამტეხლოს სახით _ 5 477.88 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.