Facebook Twitter

ბს-1482-1413(კ-09) 13 იანვარი, 2010წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 8 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის _ კ. ც-ძის მიმართ თანხის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მოპასუხე – კ. ც-ძეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა ჯარიმის - 14 000 ლარის, ზიანის _ 2 437, 96 ლარის, სანივთე დავალიანების - 1 502, 43 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 14 000 ლარის 0,2%-ის ოდენობის ყოველდღიურად დაკისრება, 2005 წლის 1 ოქტომბრიდან ძირითადი თანხის გადახდამდე.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე კ. ც-ძეს დაეკისრა სანივთე დავალიანების სახით 1 502 აშშ დოლარისა და 43 ცენტის გადახდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; მოპასუხე კ. ც-ძეს დაეკისრა ხელშეკრულების დარღვევისათვის ზიანის სახით _ 2437 ლარისა და 96 თეთრის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; ჯარიმის სახით 14 000 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 2005 წლის 1 ოქტომბრიდან ჯარიმის თანხის გადახდამდე, ყოველდღიურად 14 000 ლარის 0,2 %-ის დაკისრების შესახებ, სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს კ. ც-ძემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

აპელანტი – კ. ც-ძე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების სანივთე ქონების დავალიანების 1 502, 43 აშშ დოლარისა და ხელშეკრულების დარღვევისათვის ზიანის სახით 2 437, 96 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმებას.

მეორე აპელანტი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა კ. ც-ძის წინააღმდეგ ზიანის _ 2 437, 96 ლარის დაკისრების შესახებ და საქმე განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კ. ც-ძის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის, კ. ც-ძის მიმართ ჯარიმის სახით 14 000 ლარის და პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 14 000 ლარის 0,2 % ის დაკისრების შესახებ, უარყოფისა და თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, კ. ც-ძის მიმართ სანივთე დავალიანების სახით 1 502, 43 აშშ. დოლარის დაკისრების შესახებ, დაკმაყოფილების ნაწილში დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით კ. ც-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება ზიანის 2 437,96 ლარის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, ხელახლა განსახილველად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით კ. ც-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო განცხადება ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.