საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1482-1444(2კ-10) 27 დეკემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ქ. ჯ-ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2010 წლის 2 ნოემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1482-1444(2კ-10) ქ. ჯ-ძისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრებით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ქ. ჯ-ძისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად (იხ. ს.ფ. 114-115).
საკასაციო საჩივრების დასაშვებობასთან დაკავშირებით 2010 წლის 29 ნოემბერს საკასაციო სასამართლოში მოსაზრება წარმოადგინა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა ქ. ჯ-ძის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა იმ მოტივით, რომ ქ. ჯ-ძე საკასაციო საჩივრით ასაჩივრებს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, სადავოდ ხდის გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც მას უარი ეთქვა კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ანაზღაურებაზე, რაც მას სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას (იხ. ს.ფ. 120-126).
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 9 დეკემბრის მიმართვით ქ. ჯ-ძეს დაევალა თავისი არგუმენტების წარმოდგენა თავდაცვის სამინისტროს მოსაზრებასთან დაკავშირებით (იხ. ს.ფ. 127-128).
2010 წლის 17 დეკემბერს ქ. ჯ-ძემ მოსაზრება წარმოადგნა თავისი საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით და მოიუთითა, რომ საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების ჩაბარებისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იყო გასაჩივრებული თავდაცვის სამინისტროს მიერ და მიიჩნია, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა აღარ იყო აუცილებელი. სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ სრულად ითხოვდა დავალიანების ანაზღაურებას. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მას განემარტა, რომ სასამართლო სრულად განიხილავდა საქმეს, თუ მის მიერ წარდგენილი იქნებოდა შეგებებული სარჩელი, მაგრამ ადვოკატის მიერ განემარტა, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო სარჩელის შეტანას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი ქ. ჯ-ძემ შეიტანა საკასაციო საჩივარი დავალიანების ანაზღაურების მოხოვნით (იხ. ს.ფ. 130-132).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი მოსაზრებების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განჩინებით, რომლის გაუქმებასაც ითხოვს კასატორი ქ. ჯ-ძე, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარზე, რომელიც არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. ჯ-ძის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქ. ჯ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების _ 256,65 ლარის ანაზღაურება, ხოლო ქ. ჯ-ძისათვის 1999-2000 წლების კვების კომპენსაციის _ ულუფის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების _ სულ – 718,98 ლარის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი ხანდაზმულობის მოტივით (იხ. ს.ფ. 38-46).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება ქ. ჯ-ძის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში (იხ. ს.ფ. 52-62). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობაზე მხოლოდ 1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში, ხოლო ქ. ჯ-ძისათვის 1999-2000 წლების კვების კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264.1 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, რამდენადაც გადაწყვეტილების ეს ნაწილი სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია ქ. ჯ-ძეს.
რაც შეეხება კასატორ ქ. ჯ-ძის არგუმენტს, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების პირობებში სრულად მიიჩნია გასაჩივრებულად საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და საჭიროდ არ ჩათვალა სააპელაციო საჩივრის წარდგენა, ვერ გაიზიარებს საკასაციო სასამართლო და მიაჩნია, რომ აღნიშნული საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე გავლენას არ ახდენს, რამდენადაც საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების წესი და პირობები, საჩივრის შეტანა-შუტანლობის შედეგები, ხოლო მისი არცოდნა გავლენას არ ახდენს გარკვეული მოქმედების შეუსრულებლობის კანონით განსაზღვრულ შედეგზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორ ქ. ჯ-ძისათვის ცნობილი იყო საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება, ამავე გადაწყვეტილებით მხარეებს განემარტათ მისი გასაჩივრების შესაძლებლობა და წესი კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ქ. ჯ-ძისათვის ცნობილი იყო, რომ საქმე თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე იხილებოდა სააპელაციო სასამართლოში, იგი ესწრებოდა სააპელაციო სასამართლოს სხდომას და შესაძლებლობა ჰქონდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან კანონით დადგენილ ვადაში წარედგინა სააპელაციო საჩივარი, რაც მას არ განუხორციელებია.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ქ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 მაისის განჩინებაზე დაუშვებელია, რამდენადაც აღნიშნული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა მხოლოდ მოპასუხე თავდაცვის სამინისტროსათვის 1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრების შესახებ ქ. ჯ-ძის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის საკითხი, ხოლო ქ. ჯ-ძისათვის 1999-2000 წლების კვების კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 Aთებერვლის გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების კომპეტენცია სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა თანახმად სსსკ-ის 377.1 მუხლისა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.