¹ბს-1491-1453(კ-10) 13 აპრილი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი
კასატორი: – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, წარმომადგენელი – ს. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ც-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 25 დეკემბერს ნ. ც-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა მარტოხელობის დახმარების თანხის _1 232 ლარის ანაზღაურება.
2010 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ც-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ც-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნ. ც-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1 232 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 მარტის ¹69/ნ ბრძანებით დამტკიცდა უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა სოციალური დახმარების გაცემის წესი და ფორმა, რომლის თანახმად გაგრძელდა უკვე დანიშნული უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა სოციალური დახმარება.
ამავე ბრძანების მე-15 ნაწილის ,,დ” პუნქტის შესაბამისად, სოციალური დახმარების განყოფილება სისტემატიურად ამოწმებს დახმარების მიმღებ ოჯახებში მომხდარ ცვლილებებს, რის საფუძველზეც სოციალური დახმარების მიმღებთა საქმეებში შეაქვთ შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა, გადაანგარიშება), ხოლო ,,ე” პუნქტის თანხმად აჩერებს დანიშნულ დახმარებას, თუ დახმარების დანიშვნის უფლებრივი საკითხი იმ დროისათვის წარმოშობილი გარემოებების გამო საჭიროებს დამატებით შესწავლა-შემოწმებას, რის შედეგადაც გამგე იღებს გადაწყვეტილებას აღდგენის ან შეწყვეტის თაობაზე.
სააპელაციო პალატის მიერ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების შესაბამისად, გამოთხოვილ იქნა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ნ. ც-ის საპენსიო საქმე, რომლის შესწავლის შედეგად დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მასში არ არის არანაირი ჩანაწერი ან შესწორება შეტანილი, აგრეთვე არ არის სოციალური მუშაკის ნ. ჯ-ის მიერ მოძიებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით არანაირი ჩანაწერი დაფიქსირებული, ნ. ც-ის სოფელში, ან სხვაგან ყოფნის თაობაზე.
სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, თითქოს ნ. ც-ემ თვითონ აღიარა, რომ მძიმე და ხანგძლივი ავადმყოფობის გამო მკურნალობდა ნათესავის ოჯახში, იმ მოტივით, რომ 2010 წლის 16 თებერვლის სასამართლო ოქმში დაფიქსირებულია ნ. ც-ის განმარტება, სადაც იგი უთითებდა, რომ მის პირად საქმეში არ არსებობდა საბუთი მისი შემოწმების თაობაზე და არც მეზობლების დასტური, ისე შეუწვიტეს დახმარების გაცემა.
სააპელაციო პალატა ასევე არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, სადაც მითითებულია, რომ ვინაიდან ზემოთ აღნიშნული წესის შესაბამისად, დახმარების მიმღების პირადი საქმის საფუძველზე სოციალური დახმარების განყოფილება ადგენდა მიმღებთა პირად ბარათებს, რომელშიც აისახებოდა დახმარების თანხების მოძრაობდა და იმის გათვალიწინებით, რომ ნ. ც-ეს 4 თვის განმავლობაში არ მიუღია დანიშნული სოციალური დახმარება და 2004 წლის იანვარში არ გამოცხადდა რეგისტრაციის გასავლელად, ვაკე-საბურთალოს სოციალური დახმარების განყოფილების მიერ დახმარების გაცემის შეჩერება და შემდგომ შეწყვეტა კანონიერად იქნა სასამართლოს მიერ მიჩნეული. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემის წესის შესაბამისად, არ არის განსაზღვრული პენსიის მიუღებლობის შემთხვევაში მისი შეწყვეტის შესაძლებლობა და ამასთან სწორედ სოციალური დახმარების განყოფილების ვალდებულებას წარმოადგენს სისტემატიურად დახმარების მიმღებ ოჯახებში მომხდარი ცვლილებების შემოწმება, რის საფუძველზეც სოციალური დახმარების მიმღებთა საქმეებში შეაქვთ შესაბამისი შესწორებები, რასაც მოცემულ შემთვევაში სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, ადგილი არ ჰქონია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატამ მიიჩნია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტომ ისე შეუწყვიტა ნ. ც-ეს დახმარების გაცემა, რომ არ დაუცვია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 მარტის ¹69/ნ ბრძანებით დამტკიცებული უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა სოციალური დახმარების გაცემის წესი და ფორმა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშწორების წესი, რომლის მე-2 მუხლის თანხმად, საარსებო შემწეობის მიღება გამორიცხავს საოჯახო დახმარების მიღებას. ოჯახს, რომელსაც 2007 წლის 1 იანვრამდე დანიშნული აქვს საოჯახო დახმარება, უფლება აქვს აირჩიოს რომელიმე ზემოაღნიშნული სოციალური დახმარებიდან ერთ-ერთი, გახდეს საარსებო შემწეობის მიმღები ან დაიტოვოს საოჯახო დახმარება.
სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ც-ეს, 2009 წლის მაისის თვიდან დაენიშნა 30 ლარიანი შემწეობა სარეიტინგო ქულების შესაბამისად, რასაც არც მხარეების ხდიან სადავოდ.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით გაკეთებულ დასკვნებს და მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნ. ც-ის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 1 232 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ნ. ც-ის სარჩელის უარყოფა.
კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის ¹254 დადგენილების მე-2 და მე-5 მუხლების თანახმად, 2007 წლის 1 აპრილიდან სააგენტო, ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით, ახორციელებს მხოლოდ იმ ბენეფიციართა საოჯახო დამარების ადმინისტრირებას, რომელთა საქმეებიც გადმოეცა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან (სოციალური დახმარების განყოფილებები) დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე ნორმებით კი სააგენტოს გადმოეცა მხოლოდ იმ პირთა საქმეები, რომლებსაც ეძლეოდათ საოჯახო დახმარება ან შეჩერებული (და არა შეწყვეტილი) ჰქონდათ მასზე უფლება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 მატის ¹69/ნ ბრძანებით დამტკიცებული «უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების დანიშვნა_გაცემის წესის» მე-15 მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, ნ. ც-ეს შეუჩერდა და შემდგომ, შეუწყდა საოჯახო დახმარება, რის გამოც, სააგენტოს 2007 წლის 1 აპრილის მდგომარეობით მისი პირადი საქმეც არ გადასცემია და 2009 წლამდე მოსარჩელეს საოჯახო დახმარების შეწყვეტის ფაქტი არცერთ ორგანოში სადავოდ არ უქცევია.
კასატორი ასევე აღნიშნავდა, რომ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილებით დამტკიცებული «სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესის» 81-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საოჯახო დახმარება მიეცემათ იმ ოჯახებს, რომელთაც დახმარება დანიშნული აქვთ 2007 წლის 1 იანვრამდე. ამავე წესის 121-ე მუხლის თანახმად, სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყოფს 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ იმ ვალდებულებათა დაფარვას (გაცემას), რომლებიც დაკავშირებულია უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარების გაცემასთან.
«უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე დანიშნული სოციალური დახმარების გაცემისა და ადმინისტრირების წესის» (დამტკიცებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 31 აგვისტოს ¹283/ნ ბრძანებით) მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, შეწყვეტის შემთხვევაში საოჯახო დახმარება აღდგენას არ ექვემდებარება.
კასატორის მითითებით სახელმწიფო გასაცემლით უზრუნველყოფა წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან ბენეფიციარის მიმართ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რის გამოც ამ ვალდებულებიდან წარმოშობილ მოთხოვნებზე უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. ჩამოთვლილი ნორმების შესაბამისად, ნ. ც-ის მიმართ სააგენტოს რაიმე ვალდებულება, მით უფრო, 2006 წლის იანვრამდე პერიოდზე არ შეიძლება დაეკისრებოდა.
კასატორის აღნიშვნით, სააპელაციო სასამართლომ სააგენტოსაგან გაითხოვა საპენსიო საქმე და მისი შესწავლის საფუძველზე მიიჩნია, რომ არ დასტურდება სოციალური მუშაკის მხრიდან მოსარჩელის ოჯახის სისტემატური შემოწმების ფაქტები, მაშინ როდესაც საპენსიო საქმე წარმოადგენს სრულიად განსხვავებული გასაცემლის ადმინისტრაციული წარმოების მასალების ერთობლიობას და მასთან არავითარ კავშირში არ არის ოჯახში სოციალური მუშაკის მიერ განხორციელებული ვიზიტების ჩანაწერები. ამასთან, ზემოთ დასახელებული მიზეზებით, ნ. ც-ის როგორც საოჯახო დახმარების მიმღების საქმე სააგენტოს ფიზიკურად არ გააჩნია.
კასატორი ასევე აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ისე იქნა მიჩნეული სააგენტოს მხრიდან ნ. ც-ის მიმართ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 21 მარტის ¹69/ნ ბრძანებით დადგენილი სოციალური დახმარების გაცემის წესის და ფორმის დაუცველობა, რომ არ მიუთითებია კონკრეტულად რომელი ნორმა იქნა იგნორირებული ან დარღვეული მოსარჩელის მიმართ.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული საკანონმდებლო ნორმები, რამაც განაპირობა სააგენტოს კომპეტენციისა და ვალდებულების არასწორი განსაზღვრა. მტკიცებულებათა არასათანადო გამოკვლევის შედეგად, სააგენტოს მხრიდან საკუთარი მოვალეობის დარღვევად იქნა მიჩნეული ის, რომ საოჯახო დახმარების მიმღები პირების მონაცემთა ბაზაში არარსებული ბენეფიციარის მიმართ არ განხორციელდა და ვერც განხორციელდებოდა ოჯახის სისტემური შემოწმება, მით უფრო, გაუქმებული ნორმების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ «სოციალური მომსახურების სააგენტოს» საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან იკვეთება მოსარჩელე ნ. ც-ე სარჩელის საფუძველზე ითხოვს 2004 წლის მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 თვეების მიუღებელი დახარების 88 ლარის ანაზღაურებას, 2005 წლის 1 იანვრიდან მარტოხელობის სტატუსის აღდგენას და 2005 წლის იანვრიდან 2009 წლის მაისამდე მიუღებელი დახმარების სულ 1232 ლარის ანაზღაურებას.
საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოხმობილი ნორმები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევიან საქმეზე შესაბამისი სამართლებრივი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.
დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან ფაქტს იმის თაობაზე, რომ ნ. ც-ე მიეკუთვნება სოციალურად დაუცველი ოჯახის კატეგორიას, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და 2004 წლის სექტემბრამდე იღებდა მარტოხელა არამომუშავე პენსიონერთა ერთსულიანი ოჯახისათვის გათვალისწინებულ დახმარებას 22 ლარის ოდენობით. 2004 წლის სექტემბრიდან 2009 წლის მაისამდე ნ. ც-ეს მითითებული დახმარება არ მიუღია.
სააპელაციო სასამართლო, მართალია, კანონშეუსაბამოდ მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებას და თვლის, რომ ეს უკანასკნელი ვალდებული იყო გამოეკვლია, დაეფიქსირებინა და შეექმნა დოკუმენტი მოსარჩელის მითითებულ მისამართზე არ ყოფნის თაობაზე, მაგრამ ცალსახად ადასტურებს ფაქტს იმის შესახებ, რომ ნ. ც-ეს შეუწყდა სოციალური დახმარების გაცემა.
«უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე დანიშნული სოციალური დახმარების ადმინისტრირების გაუმჯობესების შესახებ» საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 31 აგვისტოს ¹283/ნ ბრძანების 7.7 მუხლის შესაბამისად, შეწყვეტის შემთხვევაში საოჯახო დახმარება აღდგენას არ ექვემდებარება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება, როგორც აღინიშნა, ადმინისტრაციულ ორგანოს ნორმატიული აქტის საფუძველზე აკრძალული აქვს საოჯახო დახმარების აღდგენა. ასეთ პირობებში, როცა სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს მსგავსი მოქმედების განხორციელებას, ვალდებულია მიუთითოს კანონზე ან კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტზე, რომელიც ამ ორგანოს მისცემს აღნიშნული კონკრეტული ქმედების განხორციელების შესაძლებლობას.
თუმცა, საგულისხმოა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოსათვის ღიად რჩება საკითხი იმის თაობაზე, მოხდა თუ არა სარჩელის იმ ნაწილის დაკმაყოფილება, რომლითაც ნ. ც-ე ითხოვდა მარტოხელობის სტატუსის აღდგენას.
საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასაცია წამოდგენილია მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ თანხის გაცემის ნაწილში მოთხოვნა სრულადაა დაკმაყოფილებული, ხოლო აღნიშნული ორგანულადაა დაკავშირებული სტატუსის აღდგენის მოთხოვნაზე, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისათვის საჭიროდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს პოზიციის ცალსახა ჩამოყალიბებას.
თუ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედება იყო კანონშეუსაბამო, რის საფუძველზეც მოსარჩელეს მიადგა ზიანი და ამდენად, სტატუსის აღდგენის აუცილებლობა არ არსებობს, ასეთ პირობებში სასამართლომ უნდა იზრუნოს მოთხოვნის ტრანსფორმირებაზე.
საკასაციო სასამართლო არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობას და აღნიშნავს, საქართველოს სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 მარტის ¹69/ნ ბრძანებით დამტკიცებული «უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა სოციალური დახმარების გაცემის წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ» ინსტრუქციის მე-15 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად, სოციალური დახმარების განყოფილებას ევალებოდა სისტემატიურად შეემოწმებინა დახმარების მიმღებ ოჯახებში მომხდარი ცვლილებები რის საფუძველზეც სოციალური დახმარების მიმღებთა საქმეებში უნდა შეეტანა შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა, გადაანგარიშება). ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მსგავსი დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის. მაგრამ იმავდროულად საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას იმის თაობაზე, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონმდებლობის მოთხოვნათა არაჯეროვანი შესრულება წარმოადგენდა თუ არა შემწეობის შეწყვეტის ერთადერთ საფუძველს და აღნიშნული გამორიცხავდა თუ არა მოსარჩელის ვალდებულებებს.
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის მიზნით 2004 წლიდან არაერთხელ მოხდა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება. მათ შორის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ 2007 წლის 15 თებერვალს მიღებულ იქნა ბრძანება ¹47/ნ, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება-გადამოწმება.
აღნიშნული ბრძანების საფუძველზე სოციალურად დაუცველი ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახს ევალებოდა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების განაცხადის წარდგენა.
უფრო მეტიც, სადავო პერიოდში მოქმედი თითქმის ყველა აქტი რომელიც უკავშირდებოდა ქვეყანაში სიღატაკის დაძლევის მიზნით მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიების გატარებას, ოჯახის განმეორებითი შეფასების პერიოდში ითვალისწინებდა საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერებას და იმ შემთხვევაში, თუ გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლები იქნებოდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საარსებო შემწეობის ზღვრულ ქულაზე, ოჯახს აღუდგებოდა შემწეობის გაცემა შეჩერების თვიდან.
დადგენილია, რომ ნ. ც-ეს 2004 წლიდან 2009 წლამდე დამატებითი რეგისტრაცია არ გაუვლია. ასეთ პირობებში სააპელაციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს წარმოადგენდა თუ არა რეგისტრაცია უკვე დანიშნული სოციალური დახმარების გაგრძელების სავალდებულო წინაპირობას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მითითებას თანხის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე და თვლის, რომ სასამართლოს არ უმსჯელია მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის სამართლებრივ ბუნებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია საქმეზე არსებით გადაწყვეტილების გამოტანა, რის გამოც საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.