ბს-1492-1423(კ-09) 20 იანვარი, 2010 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ნ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 2 დეკემბერს თ. ნ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ მ. ნ-შვილის, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის, შს კასპის რაიონული სამმართველოს, კასპის მუნიციპალიტეტის კავთისხევის ტერიტორიული ორგანოს მიმართ და მოითხოვა კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ კომისიის გადაწყვეტილების, საკუთრების უფლების მოწმობის ¹569, 07.08.08წ. ბათილად ცნობა; კომისიის აქტის საფუძველზე კასპის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ასევე მოითხოვა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით კასპის შს სამმართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება. გარდა ამისა, მოსარჩელემ მოითხოვა ... სასოფლო საბჭოს 1954-56, 1964-66 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერების ბათილად ცნობა მ. ნ-შვილის სახელზე სადავო უძრავი ქონების აღრიცხვის ნაწილში; ასევე ითხოვდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის _ სამკვიდროს მიღებისა და ფლობის ფაქტის დადგენას.
გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინებით თ. ნ-შვილის სარჩელიდან ცალკე წარმოებად იქნა გამოყოფილი მოთხოვნა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის _ სამკვიდროს მიღებისა და ფლობის ფაქტის დადგენის შესახებ და განხილულ იქნა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით თ. ნ-შვილის სარჩელი, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის, შს კასპის რაიონული სამმართველოს, კასპის მუნიციპალიტეტის კავთისხევის ტერიტორიული ორგანოს მიმართ, მესამე პირი _ მ. ნ-შვილი, კომისიის 2008 წლის 7 აგვისტოს საკუთრების უფლების ¹569 მოწმობის, მ. ნ-შვილის საკუთრების შესახებ საჯარო რეესტრისა და ... სასოფლო საბჭოს საკომლო წიგნის ჩანაწერების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ნ-შვილმა, რომლითაც მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. ნ-შვილმა, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ივლისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი.
2009 წლის 2 დეკემბერს მ. ნ-შვილმა მოსაზრებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა თ. ნ-შვილის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, თ. ნ-შვილის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ თ. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს თ. ნ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%”. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ თ. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% (210 ლარი).”
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ნ-შვილს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. თ. ნ-შვილს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი, ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.