ბს-1495-1457(კ-10) 9 თებერვალი, 2011წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ჭ-იამ 15.10.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ქ. თბილისის ისან-სამგორის რაიონის სამხედრო განყოფილების მიმართ, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლილად ჩათვლის და მისი სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემის დავალება და ქ. თბილისის ისან-სამგორის რაიონის სამხედრო განყოფილებისათვის სამხედრო ბილეთის გაცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.03.10წ. გადაწყვეტილებით ვ. ჭ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვ. ჭ-იას ჩაუთვალოს სამხედრო სავალდებულო სამსახურში 1995 წლის 25 ოქტომბრიდან 1997 წლის 23 მარტამდე პერიოდი, დაევალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვ. ჭ-იას სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემა 09.06.98წ. მდგომარეობით სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, მოსარჩელე ვ. ჭ-იას სამხედრო ბილეთის გაცემის თაობაზე ეთქვა უარი. აღნიშნული გადაყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.10წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.03.10წ. გადაწყვეტილების მეორე და მესამე პუნქტების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. ჭ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვ. ჭ-იას სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილად ჩაუთვალოს 1995 წლის 25 ოქტომბრიდან 1997 წლის 21 მარტამდე პერიოდში, დაევალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი 1997 წლის 21 მარტიდან ვ. ჭ-იას სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის და რეზერვში ჩარიცხვის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.10წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.10წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.