Facebook Twitter
ბს-1500-1431(კ-09) 29 მარტი, 2010 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე


საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ნანი შალვაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2009 წლის 4 დეკემბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ ნ. შ-შვილის საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და ამასთან, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ იყო გათავისუფლებული საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების და არც “...” საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული განჩინებით კასატორ ნ. შ-შვილს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი; კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსული საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 4 დეკემბრის ხარვეზის შესახებ განჩინება ნ. შ-შვილს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (თბილისი, გ. ... ქ. ¹19, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა) ჩაჰბარდა 2010 წლის 9 მარტს. შესაბამისად, მისთვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2010 წლის 10 მარტს და ამოიწურა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2010 წლის 15 მარტს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ორშაბათი; ხოლო, განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ ნ. შ-შვილმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა 2010 წლის 17 მარტს, ანუ სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო საამართლო თვლის, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, კერძოდ დროულად არ წარმოადგინა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორ ნ. შ-შვილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 4 დეკემბრის განჩინებით დავალებული ჰქონდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, ის გარემოება, რომ კასატორმა ნ. შ-შვილმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი არ შეიძლება გახდეს მისი წარმოებაში მიღების საფუძველი, რადგან მას ზემოთაღნიშნული განჩინებით დავალებული ჰქონდა 5 დღის ვადაში მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა და არა მისი დანიშნულ ვადაში გადახდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნანი შალვაშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე ნ. შ-შვილს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივრისათვის _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველი დარჩეს ნ. შ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე;
2. ნ. შ-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.