ბს-1501-1432(2კ-09) 5 მაისი, 2010წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რ. პ-ძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. პ-ძემ 16.05.08წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ბინის ქირის, სამივლინებო, ჯილდოს, მატერიალური დახმარების, სანივთე ქონების კომპენსაციის, 2004 წლის გამოუყენებელი შვებულების თანხებისა და დავალიანების აუნაზღაურებლობით მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების თანხის 0,07%-ის მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ გადახდის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.12.08წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე რ. პ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელე რ. პ-ძის სასარგებლოდ 2001-2005 წლების სამივლინებო თანხის – 915 ლარისა და 2005 წლის ბინის ქირის – 2172 ლარის ანაზრაურება, მოსარჩელე რ. პ-ძეს უარი ეთქვა მატერიალური დახმარების, ჯილდოს და 2001-2004 წლების ბინის ქირის ანაზღაურებაზე ხანდაზმულობის გამო, ასევე უარი ეთქვა მოსარჩელე რ. პ-ძეს დავალიანების აუნაზღაურებლობის გამო მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის ანაზღაურებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რ. პ-ძემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.09.09წ. გადაწყვეტილებით რ. პ-ძის და თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.12.08წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ. პ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რ. პ-ძის მოთხოვნა ბინის ქირის დავალიანების ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა რ. პ-ძის სასარგებლოდ ბინის ქირის დავალიანების ანაზრაურება 732 ლარის ოდენობით, რ. პ-ძის მოთხოვნა მატერიალური დახმარების და ჯილდოს ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა: დაეკისრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რ. პ-ძის სასარგებლოდ მატერიალური დახმარების დავალიანების 119.51 ლარის და ჯილდოს დავალიანების 357.30 ლარის ოდენობით ანაზღაურება, რ. პ-ძის მოთხოვნა მივლინების დავალიანების 915 ლარის, 2004 წლის გამოუყენებელი შვებულების თანხის, სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.09.09წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და რ. პ-ძემ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც დაკმაყოფილდა რ. პ-ძის სასარჩელო მოთხოვნა მატერიალური დახმარების, ჯილდოსა და 2005 წლის მაისი-ივნისის თვეების ბინის ქირის დავალიანების ანაზღაურების ნაწილში და კასატორმა ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
რ. პ-ძემ მის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბუნება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რ. პ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რ. პ-ძის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რ. პ-ძის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.09.09წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.