ბს-1502-1433 (კ-09) 17 მარტი, 2010 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი (მოწინააღმდეგე მხარე) _ ბ. გ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (კასატორი) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლი იურიდიული პირი _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 23 მარტს ბ. გ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე _ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2009 წლის 2 მარტის ¹96 პ/შ ბრძანებისა და 2009 წლის 24 თებერვლის ¹317 ბრძანების ბათილად ცნობა, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის ისანი-სამგორის დაცვის პოლიციის სამმართველოს ზონალური მუშაობის ჯგუფის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენა და 2009 წლის 24 თებერვლიდან იძულებითი განაცდურის _ 1092 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავდა, რომ იგი 1990 წლიდან წარმოადგენს შინაგან საქმეთა ორგანოების სისტემაში მომუშავე საჯარო მოსამსახურეს, ხოლო უკანასკნელად იგი დანიშნული იყო სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის ისანი-სამგორის დაცვის პოლიციის სამმართველოს ზონალური მუშაობის ჯგუფის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის თანამდებობაზე. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2009 წლის 2 მარტის ¹96 პ/შ ბრძანებით ბ. გ-ძე გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან პოლიციის სახელის დისკრედიტაციის მოტივით. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ 2009 წლის 11 თებერვალს ერთ-ერთ დასაცავ ობიექტზე პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან დაფიქსირდა საგუშაგოს მიტოვების ფაქტი, რასთან დაკავშირებით ჩატარდა მოკვლევა და ბ. გ-ძეს, როგორც ზონალური მუშაობის ჯგუფის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორს დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნა იმ მოტივით, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა სუსტი კონტროლის განხორციელებას და სამსახურებრივი პროცესის ხელშეშლას. მოსარჩელის მითითებით, გასაჩივრებულ ბრძანებაში მისი გამოცემის საფუძვლად მითითებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2009 წლის 24 თებერვლის ¹317 ბრძანება დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ, რადგან აღნიშნული ბრძანება პირდაპირ უკავშირდება სადაო საკითხს, მოსარჩელემ მოითხოვა აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობა.
მოსარჩელის მითითებით, თუ რა მოქმედება შეიძლება ჩაითვალოს პოლიციისათვის შეუფერებელ საქციელად უნდა დადგინდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებათა ხასიათისა და სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით. გასაჩივრებული ბრძანებიდან არ ირკვევა, თუ რომელი მოქმედება იქნა მიჩნეული კონკრეტულ შემთხვევაში პოლიციელისათვის შეუფერებელ საქციელად, ხოლო რაც შეეხება სამსახურებრივი შემოწმების შესახებ დასკვნას, მასში აღწერილი ფაქტები არასწორად არის გადმოცემული. მოსარჩელის მოსაზრებით, სადაო ბრძანების გამოცემისას მოპასუხის მიერ უხეშად დაირღვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების იმპერატიული მოთხოვნები, უგულებელყოფილია წესდების ის მოთხოვნა, რომლის თანახმად, თანამშრომელი შეიძლება დაითხოვონ შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, თუ დისციპლინური გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, მოსამსახურის წარსული საქმიანობა და რეპუტაცია მიზანშეუწონელს ხდის გადაცდომის ჩამდენი პირის მიერ მუშაობის გაგრძელებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით ბ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება და დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე _ ბ. გ-ძის მიმართ; ბ. გ-ძის სასარჩელო მოთხოვნა _ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა და დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ბ. გ-ძეს აუნაზღაუროს იძულებითი განაცდური ხელფასი გათავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე; მოსარჩელე ბ. გ-ძეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის _ სამუშაოზე აღდგენის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნავდა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება არის სახელმწიფო ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებზე შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანაა საჯარო ხელისუფლების განხორციელება.
,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პოლიცია არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი, სპეციალური, პოლიციური და გასამხედროებული დაწესებულების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე _ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებას, შესაბამისად, აღნიშნულ დეპარტამენტში საქმიანობა ითვლება საჯარო სამსახურად.
სასამართლო განმარტავდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხის დაყენება შეუძლია მის უშუალო უფროსს წერილობითი ფორმით (წარდგინებით) დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ, რასაც თან უნდა ახლდეს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა, ხოლო მეორე პუნქტში კი მითითებულია, რომ დასკვნაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: თანამშრომლის სახელი და გვარი, თანამდებობა, სახელმწიფო სპეციალური წოდება, შინაგან საქმეთა ორგანოებში და დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის სტაჟი, დისციპლინური გადაცდომის არსი, მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ გადაცდომის ფაქტს, დასაბუთება შესაძლო დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე, დასკვნის შედგენის თარიღი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის ¹303 ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ნუსხის მე-6 მუხლის თანახმად, სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურეთა (გარდა მოადგილეებისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ.
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების 69-ე პუნქტის თანახმად, რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირები, რომლებმაც ჩაიდინეს პოლიციის თანამშრომლისათვის უღირსი საქციელი, დათხოვნილ უნდა იქნენ რიგითი და ოფიცერთა დისკრედიტაციისათვის.
სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე შედგენილი 2009 წლის 11 თებერვლის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მან არ განახორციელა დაკისრებული მოვალეობა უმცროსი ინსპექტორების მიმართ კონტროლის განხორციელების თაობაზე, დასკვნაში მოსარჩელის მიმართ დისციპლინური სახდელის _ შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის საფუძვლად მითითებულია ზემოაღნიშნული წესდების მე-2 მუხლის მეორე პუნქტის ,,ა1” და ,,ე” ქვეპუნქტები.
აღნიშნული წესდების მე-2 მუხლის მეორე პუნქტის ,,ა1” ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის სახეა სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება, ხოლო ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, თანამშრომლისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს.
მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანებაზე მისი გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტი. ამ ნორმის თანახმად, პოლიციელი შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ იქნეს პოლიციელისათვის შეუფერებელი საქმიანობისათვის.
საქალაქო სასამართლო განმარტავდა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწულის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის საკუთარი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომელიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ისე იქნა გამოტანილი ბრძანება მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, რომ არ შეუსწავლია და არ გამოუკვლევია დასკვნაში მითითებული გარემოებები, გასაჩივრებული ბრძანებებიდან არ ირკვევა, თუ რა მოქმედება წარმოადგენს პოლიციელის თანამშრომლისათვის შეუფერებელ ქმედებას. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტაცია ბ. გ-ძის მიერ პოლიციის სერჟანტის ს. შ-ძისა და პოლიციის რიგითის ვ. ი-შვილის მიერ მოვალეობათა შეუსრულებლობაზე, კერძოდ, მათ მიერ დასაცავი ობიექტის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად მიტოვებაზე, კონტროლის განუხორციელებლობა წარმოადგენს პოლიციის თანამშრომლისათვის შეუფერებელ ქმედებას, რომელიც ლახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავდა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების გამოცმისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. აღნიშნული ნორმა ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ბრძანებაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მიეთითებინა, თუ რა იგულისხმება გათავისუფლების საფუძვლად მითითებულ შეუფრებელ საქციელში.
სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის მისაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლებულია კანონმდებლობის სრული დაცვით. სასამართლოს მოსაზრებით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე ბრძანება გამოიტანა მოცემული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში დაზუსტებულია, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
მოცემული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული ბრძანება და დაევალოს მოპასუხეს კვლავ განიხილოს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი, კანონით დადგენილი პროცედურის დაცვით გამოიკვლიოს და შეაფასოს ბ. გ-ძის სამსახურიდან დათხოვნის საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. შესაბამისად, მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის სამუშაოზე აღდგენის დაკმაყოფილების ნაწილში.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავდა, რომ ,,საჯარო სამსახურის” შესახებ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავსუფლების საფუძვლის შეცვლა და ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, ბ. გ-ძეს უნდა აუნაზღაურდეს გათავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ_სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პერიოდის იძულებითი განაცდური ხელფასის სახით, ვინაიდან ხელფასის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ მოხელის გათავისუფლება სამსახურიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა და ბ. გ-ძემ.
პირველი აპელანტი მოითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში და განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში.
მეორე აპელანტი _ ბ. გ-ძე სააპელაციო საჩივრით მოითხვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების შეცვლას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივრები დაუსაბუთებელია, ვინაიდან, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ და მიიჩნია, რომ აპელანტების მიერ ვერ იქნა გაბათილებული ისინი. სააპელაციო საჩივრებში მითითებულ გარემოებებზე მოსარჩელე და მოპასუხე აპელირებდნენ პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას, რაზეც შესაბამისი პასუხი იქნა გაცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბ. გ-ძემ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტმენტმა.
პირველი კასატორი _ ბ. გ-ძე თავის საკასაციო საჩივარში მითითებდა, რომ პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებმა არამართებულად იმსჯელეს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის შედეგებზე იმ მიმართებით, რომ სადაო ბრძანებების ბათილად ცნობა უნდა მომხდარიყო სადაო საკითხის გადაუწყვეტლად.
კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების არაადეკვატურობა ვლინდება იმ გარემოებიდან, რომ სასამართლომ გასაჩივრებული ბრძანებები კანონსაწინააღმდეგო აქტებად მიიჩნია არა მხოლოდ ფორმალური, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და დადგენილად ცნო ის ფაქტი, რომ ბ. გ-ძის სამსახურიდან გათავისუფლება პოლიციელისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენის მოტივით დაუშვებელი იყო, რადგან მისი მხრიდან არ ჰქონია ადგილი მსგავსი ქმედების ჩადენას.
კასატორი აღნიშნავდა, რომ სასამართლომ ფაქტობრივად გადაწყვიტა სადაო საკითხი, რაც გმოიხატა იმაში, რომ სამსახურიდან გათავისუფლება და მისი საფუძველი არაკანონიერად იქნა მიჩნეული. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, რადგან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე.
მეორე კასატორი _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტმენტი საკასაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოცემული ბრძანება ბ. გ-ძის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ არ საჭიროებდა დასაბუთებას. კასატორი მიუთითებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამრთლებრივი აქტი არ საჭიროებს დასაბუთებას, თუ დაინტერესებული მხარისათვის ცნობილია ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამრთლებრივი აქტი. კასატორი აღნიშნავდა, რომ ბ. გ-ძისათვის ცნობილი იყო ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რის უტყუარ მტკიცებულებასაც წარმოადგენს დასკვნა სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე, სადაც დაფიქსირებულია თუ რა არის პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედება.
კასატორის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი. ბრძანების გამოცემამდე მოხდა ყველა გარემოების გამოკვლევა და გადაწყვეტილება მიღებული იქნა ამ გარემოებათა შეფასების საფუძველზე, ბრძანების გამოცემა მოხდა ყველა იმ პროცედურის დაცვით, რაც გათვალისწინებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და ბ. გ-ძის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2009 წლის 11 თებერვალს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთ. სამმართველოს ინსპექტორებისა და მონიტორინგის განყოფილების ინსპექტორების მიერ შემოწმდა ქ.თბილისის ისანი-სამგორის, დიდუბე-ჩუღურეთისა და ვაკე-საბურთალოს სამმართველოების თანამშრომელთა მიერ საშემსრულებლო დისციპლინა, რის შედეგადაც დაფიქსირდა დისციპლინური დარღვევის რამოდენიმე ფაქტი. კერძოდ, 2009 წლის 11 თებერვალს 14 საათსა და 50 წუთზე შემოწმდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს ობიექტების დაცვის განყოფილების შპს “...ის” ოფისის დასაცავი ობიექტი, რა დროსაც გამოვლინდა, რომ აღნიშნული ობიექტების დაცვის უმცროს ინსპექტორებს მიტოვებული ჰქონდათ საგუშაგო.
თანამშრომელთა მიერ დისციპლინის დარღვევის ფაქტზე ჩატარებული შემოწმების თაობაზე შედგა დასკვნა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამმართველოში 2009 წლის 13 თებერვალს გამოძახებულ იქნა ქ. თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს ზონალური მუშაობის ჯგუფის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ბ. გ-ძე, რომელმაც უარი განაცხადა ახსნა-განმარტების მიცემაზე და თვითნებურად მიატოვა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შენობა.
იმავე დასკვნის საფუძველზე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის ისანი-სამგორის დაცვის პოლიციის სამმართველოს ზონალური მუშაობის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორს, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ – ბ. ჯ. ძე გ-ძეს “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტისა და საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის “თ” პუნქტის საფუძველზე, შეფარდებოდა დისციპლინური სახდელი შს ორგანოებიდან დათხოვნა.
ზემოაღნიშნული დასკვნა საფუძვლად დაედო შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 24.02.09წ. ¹317 ბრძანებას ბ. გ-ძის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ, ხოლო საქართევლოს შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2009 წლის 02 მარტის ¹962 პ/შ ბრძანებით ბ. გ-ძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შს ორგანოებიდან 2009 წლის 24 თებერვლიდან.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენებას და თვლის, რომ საქმის მასალებში ასახული მტკიცებულებები, სააპელაციო სასამართლოს აძლევს საკმარის საფუძველს წარმოადგინოს სამართლებრივი დასკვნები და შეფასებები და სადავო საკითხთან მიმართებაში მიიღოს არსებითი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიქცევს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომელშიც სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ არ იზიარებს ფაქტს იმის თაობაზე, რომ ბ. გ-ძის მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციის თანამშრომლისათვის შეუფასებელი საქციელის ჩადენას, რომელიც ლახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს.
ასეთ პირობებში, როდესაც სასამართლოს შეფასება არის ცალსახა და ფაქტობრივად უარყოფილია გათავისუფლების საფუძვლების არსებობის ფაქტი, სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლზე მითითებით ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულებას, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და გამოსცეს ახალი აქტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე, ჩადენილი გადაცდომის ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით, უნდა განსაზღვროს გამოყენებული პასუხისმგებლობის ადექვატურობა და მიიღოს არსებითი გადაწყვეტილება. ამასთან, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება მიექცეს ბ. გ-ძის სამსახურებრივ სტატუსს და საკითხი გადაწყდეს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და იმ სპეციალური კანონმდებლობის ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რომელიც არეგულირებს პოლიციის თანამშრომელთა შრომით სამართლებრივი მოწყობის საკითხებს.
“პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 1.1 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პოლიცია არის ადმინისტრაციული ხელისუფლების განმახორციელებელ სამართალდამცავი, სპეციალური, პოლიციური და გასამხედროებული დაწესებულების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და წესრიგს, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შს ორგანოებში სამსახურის გავლის სპეციფიკა და მუშაობის გასამხედროებული რეჟიმი, შს ორგანოს თანამშრომლებს მკვეთრად გამიჯნავს საჯარო სამსახურის დარჩენილი მოხელეებისაგან. რაც ძირითადად გამოიხატება სამსახურებრივი დისციპლინის, თანამდებობრივი სუბორდინაციისა და წოდებრივი ქვემდებარეობის განუხრელ დაცვაში.
“შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების მე-40 მუხლის შესაბამისად, შს ორგანოებში სამსახურებრივი დისციპლინა ნიშნავს შს ორგანოს თანამშრომლის მიერ საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის, ფიცის, სამსახურის ხელშეკრულების პირობების, აგრეთვე საქართველოს შს მინისტრის ბრძანებების, უშუალო უფროსის მითითებებისა და მისთვის დაკისრებული მოვალეობისა და უფლებამოსილების შესრულებას.
იმავ სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების 41-ე მუხლის საფუძველზე, შს ორგანოს უფროსი პასუხისმგებელია ხელქვეითი თანამშრომლების სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობისათვის.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ამ უკანასკნელი ნორმის შინაარსს და იმ ვითარებაში, როდესაც დაცვის პოლიციის ფუნქციას წარმოადგენს დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონების, კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან, საჭიროდ მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან კვლევის საგნად იქცეს, შედიოდა თუ არა უშუალოდ ბ. გ-ძისათვის დაკისრებულ მოვალეობაში საგუშაგოზე გამწესებულ ინსპექტორებზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება.
შს ორგანოს თანამშრომელთა მიმართ მაღალი სადისციპლინო-საშემსრულებლო მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლიოს და შეაფასოს ბ. გ-ძის მხრიდან ხელქვეითთა მიმართ კონტროლის შესუსტება ქმნის თუ არა მისი პასუხისმგებლობის საკმარის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ოქმში ასახულ ინფორამციას, რომელიც შეეხება ბ. გ-ძის მხრიდან პროტესტის ნიშნად დაცვის პოლიციის შენობის მიტოვების ფაქტს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული გარემოება საჭიროებს სასამართლოს შეფასებას, კერძოდ ახსნა-განმარტების მიუცემოლობა ნიშნავს თუ არა ბ. გ-ძის მხრიდან დაუმორჩილებლობას, საკუთარი ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმას და მის მიერ ჩადენილი ქმედება რამდენად შეესაბამება მის თანამდებობრივ სტატუსს.
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 79-ე მუხლის I პუნქტის შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს. ამავე კანონის 99-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტი შეიცავს მითითებას სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობის თაობაზე იმ პირობებშიც, როდესაც მის მიმართ არ მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება, თუ ამ პირის მხრიდან ადგილი აქვს სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევას. (ანალოგიური შინაარსის ნორმას შეიცავს “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონიც).
საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს დადგინდეს, სადავო აქტის გამოცემის მომენტისათვის მოქმედებდა თუ არა ბ. გ-ძის მიმართ დისციპლინური ზემოქმედების რაიმე სხვა სახის ღონისძიება და წინააღმდეგ შემთხვევაში საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის საფუძველზე დადგინდეს, მის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს თუ არა სამსახურებრივ მოვალეობის უხეშ დარღვევას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე ხელახალი გამოკვლევის მიზნით საჭიროებს იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის I ნაწილით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და ბ. გ-ძის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 08 ოქტომბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.