ბს-1511-1442(კ-09) 3 თებერვალი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შ. თ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ. თ-ძემ 05.02.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ და ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ 07.08.04წ. გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალის, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების (ინფრასტრუქტურისა და განვითარების) სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფლებამონაცვლით _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროთი შეცვლა და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.04.09წ. გადაწყვეტილებით, შ. თ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციის (ინფრასტრუქტურისა და განვითარების) სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია შეიცვალა უფლებამონაცვლით _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროთი და გაცემულ იქნა ახალი სააღსრულებო ფურცელი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.04.09წ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.10.09წ. გადაწყვეტილებით აპელანტ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.04.09წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შ. თ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 01.07.04წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შ. თ-ძისათვის დანიშნული ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ყოველთვიური სარჩოს _ 640 ლარის გადახდის ნაწილში, ლიკვიდირებული საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფლებამონაცვლედ 01.09.07წ-მდე პერიოდში დადგენილ იქნა ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.10.09წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. თ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული ნაწილის გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. თ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შ. თ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. თ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.