ბს-15-14(2კ-10) 25 თებერვალი, 2010 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 17 ოქტომბერს ა. მ-ემ, შ. მ-ემ, ზ. მ-ძემ და ლ. მ-ძემ სარჩელით მიმართეს ოზურგეთის რიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ ოზურგეთის რაიონის გამგეობის მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთისა და მიწის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის მოთხოვნით.
მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ მიწის რეფორმის დროს, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, საკუთრებაში გადაეცათ მიწის ნაკვეთები ოზურგეთის რაიონის სოფ. ..., ე.წ. ,,...’’. აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე გაშენებული იყო ჩაის პლანტაციები, რომლებსაც მოსარჩელეები უვლიდნენ და გააჩნდათ გარკვეული შემოსავალი. გარკვეული პერიოდის შემდეგ აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე მოსარჩელეთა დაუკითხავად გამგეობამ დაიწყო წყლის მილების გაყვანის სამუშაოები. მოსარჩელეთა განმარტებით, მათ მოთხოვნაზე ოზურგეთის რაიონის გამგეობამ წერილობით აცნობა, რომ არსებობდა მ-ძის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს 1983 წლის ¹431 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სადავო მიწის ნაკვეთი გამოყოფილი იყო წყალსადენის მშენებლობისათვის და ისინი მიწის სარეფორმო ფონდში არ უნდა შესულიყო.
მხარეთა განმარტებით, ასეთი გადაწყვეტილება მართლაც არსებობდა, მაგრამ წყალსადენის მშენებლობისათვის აღმასკომის მიერ გამოყოფილი იყო ტყე, ე.წ. ,,...’’ და არა ჩაის პლანტაციები. აღნიშნულ ფაქტს არ უარყოფდნენ მიწის რეფორმის კომისიის წევრები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხის მხრიდან საკუთრების ხელყოფის აღკვეთა, მიწის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება და ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ნოემბრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება ოზურგეთის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
2008 წლის 26 მარტს განახლდა საქმის წარმოება მოცემულ საქმეზე და ოზურგეთის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
2008 წლის 9 ივნისს მოსარჩელეებმა დაზუსტებული სარჩელით მიმართეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს და აღნიშნეს, რომ გარკვეული გარემოებების გამო მათმა თავდაპირველმა სასარჩელო მოთხოვნამ ხელშეშლის აღკვეთის შესახებ აზრი დაკარგა და მოითხოვეს ფულადი კომპენსაციის ანაზღაურება.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე ლ. მ-ძემ უარი განაცხადა სარჩელზე, რის გამოც ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 15 ივლისის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება მისი მოთხოვნის ნაწილში, ხოლო ზ. მ-ძის მიერ სარჩელის გახმობის გამო სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის განჩინებით მის ნაწილში სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული.
მოპასუხეებმა _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და განაცხადეს თანხმობა ა. და შ. მ-ძეებისათვის გაცემულიყო შესაბამისი კომპენსაციები საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების იმ ნაწილზე, რომლებიც წყალგამყვანი მილებით იქნა დაკავებული და რის გამოც შეუძლებელი იყო მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება. დანარჩენ ნაწილში მოპასუხეები არ დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნას.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ა. და შ. მ-ეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს დაევალათ ოზურგეთის რაიონის სოფ. ... ტერიტორიაზე, ე.წ. ,,...’’ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული 2700 და 2218,61 კვ.მ მიწის ნაკვეთის მონაცვლება ტოლფასი მიწის ნაკვეთით, ან შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურება გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდისათვის არსებული საბაზრო ფასების მიხედვით ამ ნაკვეთებზე ყოფილი სრულმოსავლიანი ჩაის პლანტაციების გათვალისწინებით.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მხოლოდ სარჩელის აღიარებულ ნაწილში მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მისი შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს დაევალა ა. და შ. მ-ეებისათვის ოზურგეთის რაიონის სოფ. ... ტერიტორიაზე საკუთრებაში გადაეცათ მათ საკუთრებაში არსებული 2700 და 2218,16 კვ.მ ფართის ტოლფასი მიწის ნაკვეთები, ან გადაეხადათ შესაბამისი კომპენსაცია გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის არსებული საბაზრო ფასის მიხედვით; დანარჩენ ნაწილში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 იანვრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.