Facebook Twitter

ბს-1515-1446 (კ-09) 2 თებერვალი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ სს “...”

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

მესამე პირი _ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების

მარეგულირებელი კომისია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

განსახილველი საგანი _ მორიგების დამტკიცება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 21 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა სს “...” შუამდგომლობა სარჩელის აღძვრამდე ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ; შეჩერდა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2001 წლის 25 ივლისის ¹95 ბრძანების “საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის მიერ სს “...” ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დაცვის შესახებ” მოქმედება; საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს დაევალა თავი შეეკავებინა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2001 წლის 25 ივლისის ¹95 ბრძანებიდან გამომდინარე სს “...” მომსახურე საბანკო ორგანიზაციებში გახსნილ ანგარიშებზე საინკასო დავალებათა წარდგენაზე 7 431 114 ლარის უდავო წესით ჩამოწერის თაობაზე; სასამართლო კოლეგიამ სს “...” სარჩელის აღძვრისათვის ვადა დაუნიშნა 2001 წლის 10 სექტემბრამდე; განმცხადებელს განემარტა, რომ თუ ამ ვადაში სარჩელი არ იქნებოდა აღძრული, გაუქმდებოდა ადმინისტრაციული აქტის მოქმდების შეჩერება და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მოქმედების შეზღუდვა.

2001 წლის 10 სექტემბერს სს “...” სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2001 წლის 25 ივლისის ¹95 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 16 ივლისის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია და “...”.

“საერთო სასამართლოების შესახებ” კანონის მე-15 მუხლსა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე საოლქო სასამართლოებსა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოების წარმოებაში 2005 წლის 15 ივლისამდე არსებული საქმეები განსჯადობით დაექვემდებარა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებს, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოებს. განსახილველი საქმე გადაეცა განსჯად სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

საქმეზე მხარეთა სტატუსი განისაზღვრა შემდეგნაირად: მოსარჩელე _ სს “...”, მოპასუხე _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, მესამე პირები _ კავშირი (ასოციაცია) ... და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია.

2006 წლის 31 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქმის განხილვისას მოსარჩელემ _ სს “...” წარადგინა დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, რომლითაც საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2001 წლის 25 ივლისის ¹95 ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით სს “...” სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2001 წლის 25 ივლისის ¹95 ბრძანება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა, გარემოებათა შეფასებისა და გამოკვლევის შემდეგ გამოეცა ახალი აქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2001 წლის 25 ივლისის ¹95 ბრძანების ძალაში დატოვება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს “...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2001 წლის მდგომარეობით მოქმედი “ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დადგენილი იყო, რომ “საქართველოს რესპუბლიკაში ფასებისა და ფასწარმოქმნის შესახებ კანონმდებლობის დაცვის კონტროლს (ფასების კონტროლს) ამ კანონის საფუძველზე ახორციელებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექცია”. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობის (რეგისტრაციის ¹003), თანახმად საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექცია ახორციელებდა სახელმწიფო კონტროლს სახელმწიფო რეგულირებად ფასებზე (ტ.1, ს.ფ. 76). ამდენად, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, როგორც ფასების კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, უფლებამოსილი იყო, გამოეცა 2001 წლის 25 ივლისის ბრძანება სს “...” მიერ მიღებული უკანონო შემოსავლისა და საჯარიმო სანქციების, სულ 7 431 114 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღების თაობაზე.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმაზე, რომ აქტით რეგულირებული საკითხი საერთოდ არ განეკუთვნებოდა აქტის გამომცემი ორგანოს კომპეტენციას და აქედან გამომდინარე, ბრძანება უფლებამოსილების გადამეტებითაც იყო გამოცემული. ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება და საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ბრძანების გამოცემისას უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 52-ე, 53-ე და სხვა მუხლების მოთხოვნები.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემის მიზნით ჩატარებულ იქნა ადმინისტრაციული წარმოება და სს “...”, როგორც დაინტერესებულ მხარეს, საშუალება ჰქონდა, წარედგინა თავისი მოსაზრებები. გასაჩივრებული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის 2001 წლის 15 ივნისის აქტი. აქტს ფასების სახელმწიფო ინსპექციის შემმოწმებლებთან ერთად ხელი მოაწერეს სს “...” გენერალურმა დირექტორმა, კომერციულმა და შემოსავლების მენეჯერებმა და იურისტმა (ტ.1 ს.ფ. 44-58). მიუხედავად მათ მიერ გაკეთებული შენიშვნებისა, რომ აქტს არ ეთანხმებოდნენ და აპირებდნენ შენიშვნების წარდგენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება მათ მიერ წარდგენილი შენიშვნები. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იურისტ ა. ჩ-შვილის შენიშვნებზე 2001 წლის 15 ივნისის აქტთან დაკავშირებით (ტ.1, ს.ფ. 70-71) და აქვე აღნიშნავს, რომ მართალია, შენიშვნები სს “...” ტიტულიანი ფურცლით არის წარდგენილი, მაგრამ მას ხელს აწერს მხოლოდ იურისტი _ ა. ჩ-შვილი და არა საზოგადოების დირექტორი ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სხვა პირი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დარღვეული არ ყოფილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 95-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნები, შესაბამისად, არ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სს “...”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში. 2010 წლის 26 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, სს “...” და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, რომელთაც წარმოადგინეს მხარეებს შორის მიღწეული მორიგების აქტი და მორიგების გამო საქმისწარმოების შეწყვეტა მოითხოვეს.

მორიგების აქტის თანახმად, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო მისი წარმომადგენლის _ თ. მ-იანისა და მ. კ-იანის სახით, მეორე მხრივ, სს “...” მისი წარმომადგენლების _ დ. დ-შვილისა და ა. ა-ლის სახით და მესამე მხრივ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისია, მისი წარმომადგენლის _ მ. ს-შვილის სახით გამოხატეს კეთილი ნება მხარეთა შორის არსებული დავის მორიგებით დასრულების თაობაზე. მხარეთა მიერ შესასრულებელი ვალდებულებები განისაზღვრა შემდეგი პირობებით:

“1.1. სს “...” იღებს ვალდებულებას საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ 2001 წლის 25 ივლისის ¹95 ბრძანებით დაკისრებული 7 431 114 (შვიდი მილიონ ოთხას ოცდათერთმეტი ათას ას თოთხმეტი) ლარის გადახდის სანაცვლოდ საკუთარი სახსრებით, თბილისის მაცხოვრებლების სტაბილური ელექტრომომარაგებისათვის განახორციელოს ელექტრონული ქსელების რეაბილიტაცია, 9618 (ცხრა ათას ექვსას თვრამეტი) აბონენტისათვის ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟების ჩათვლით, დანართის შესაბამისად (ერთვის მორიგების აქტს). მათ შორის ელექტრული ქსელების რეაბილიტაცია 6200 (ექვსი ათას ორასი) აბონენტისათვის ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟების ჩათვლით განახორციელოს წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცებიდან 2010 წლის ბოლომდე, ხოლო დანარჩენი აბონენტებისათვის 2011 წლის მაისის ბოლომდე. ამასთან, სს “...” იღებს ვალდებულებას, რომ არ მოითხოვს გაწეულ დანახარჯებს და აღნიშნული ხარჯი არ იქნება ასახული სს “...” ელექტროენერგიის განაწილების ტარიფში;

1.2. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, მორიგების აქტის 1.1. პუნქტის შესრულების შემდეგ აღარ ექნება მოთხოვნის უფლება სს “...” მიმართ 1.1. პუნქტში მითითებული ბრძანება ¹95-ით დაკისრებულ 7 431 114 (შვიდი მილიონ ოთხას ოცდათერთმეტი ათას ას თოთხმეტი) ლართან მიმართებაში;

1.3. მხარეები ეთანხმებიან მოცემული მორიგების პირობებს და უარს ამბობენ ყოველგვარ სარჩელზე და საკასაციო საჩივარზე;

2. საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ:

სასამართლოსთვის მიმართვა დავაზე, იმავე მხარეებს შორის და იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

2.1. მორიგების აქტი შედგენილია ქართულ ენაზე ექვს ეგზემპლარად და ყოველ მათგანს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა;

2.2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო მისი წარმომადგენლის _ თ. მ-იანისა და მ. კ-იანის სახით, სს “...”, მისი წარმომადგენლების _ დ. დ-შვილისა და ა. ა-ლის სახით და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, მისი წარმომადგენლის _ მ. ს-შვილის სახით აცხადებენ, რომ სასამართლოს მიერ წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების შემთხვევაში არცერთი მხარე არ აპირებს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების გასაჩივრებას.”

2010 წლის 1 თებერვალს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ იქნა განცხადება, საიდანაც დგინდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით განხორციელდა არაკომერციული იურიდიული პირის _ კავშირი (ასოციაციის) “...” რეგისტრაციის გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მორიგების აქტის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. აღნიშნულ ნორმათა მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ, ისევე როგორც სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მოქმედებს დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალურთიერთობის მონაწილენი, სამოქალაქო სამართალურთიერთობის მონაწილეთა მსგავსად, აღჭურვილნი არიან თავიანთ უფლებათა თავისუფლად განკარგვის სრული უფლებამოსილებით. მხარეთა თავისუფალ განკარგულებაშია ყველა პროცესუალური საშუალება ამ უფლებამოსილების რეალიზებისათვის: მოსარჩელის ნებაზეა დამოკიდებული საქმის დაწყება ან შეწყვეტა, მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნოს ან არ ცნოს სარჩელი, საქმის მორიგებით დამთავრება მხარეთა მიერ გონივრული კომპრომისის მიღწევის უნარზეა დამოკიდებული.

საკასაციო პალატამ განიხილა მორიგების აქტის წარმოდგენილი ტექსტი, რომელსაც ხელს აწერენ საამისოდ უფლებამოსილი პირები. საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველი დავის მორიგებით დამთავრება არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რის გამოც მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი, როგორც მხარეთა მიერ მათი საპროცესო უფლების კანონშესაბამისი რეალიზების შედეგი, ექვემდებარება დამტკიცებას. მხარეთა მორიგების გამო უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლზე და მხარეებს განუმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

გარდა ამისა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება ამ ინსტანციისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან სს “...” საკასაციო საჩივრის წარდგენისას გადახდილი აქვს 8000 ლარი, უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი _ 4 000 (ოთხი ათასი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 390-ე, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება შემდეგი პირობებით:

1.1. “1.1. სს “...” იღებს ვალდებულებას საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ 2001 წლის 25 ივლისის ¹95 ბრძანებით დაკისრებული 7 431 114 (შვიდი მილიონ ოთხას ოცდათერთმეტი ათას ას თოთხმეტი) ლარის გადახდის სანაცვლოდ საკუთარი სახსრებით, თბილისის მაცხოვრებლების სტაბილური ელექტრომომარაგებისათვის განახორციელოს ელექტრონული ქსელების რეაბილიტაცია, 9618 (ცხრა ათას ექვსას თვრამეტი) აბონენტისათვის ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟების ჩათვლით, დანართის შესაბამისად (ერთვის მორიგების აქტს). მათ შორის ელექტრული ქსელების რეაბილიტაცია 6200 (ექვსი ათას ორასი) აბონენტისათვის ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟების ჩათვლით განახორციელოს წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცებიდან 2010 წლის ბოლომდე, ხოლო დანარჩენი აბონენტებისათვის 2011 წლის მაისის ბოლომდე. ამასთან, სს “...” იღებს ვალდებულებას, რომ არ მოითხოვს გაწეულ დანახარჯებს და აღნიშნული ხარჯი არ იქნება ასახული სს “...” ელექტროენერგიის განაწილების ტარიფში;

1.2. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მორიგების აქტის 1.1. პუნქტის შესრულების შემდეგ აღარ ექნება მოთხოვნის უფლება სს “...” მიმართ 1.1. პუნქტში მითითებული ბრძანება ¹95-ით დაკისრებულ 7 431 114 (შვიდი მილიონ ოთხას ოცდათერთმეტი ათას ას თოთხმეტი) ლართან მიმართებაში;

1.3. მხარეები ეთანხმებიან მოცემული მორიგების პირობებს და უარს ამბობენ ყოველგვარ სარჩელზე და საკასაციო საჩივარზე;

2. საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ:

სასამართლოსთვის მიმართვა დავაზე, იმავე მხარეებს შორის და იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

2.1. მორიგების აქტი შედგენილია ქართულ ენაზე ექვს ეგზემპლარად და ყოველ მათგანს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა;

2.2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო მისი წარმომადგენლის _ თ. მ-იანისა და მ. კ-იანის სახით, სს “...”, მისი წარმომადგენლების _ დ. დ-შვილისა და ა. ა-ლის სახით და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, მისი წარმომადგენლის _ მ. ს-შვილის სახით აცხადებენ, რომ სასამართლოს მიერ წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების შემთხვევაში არცერთი მხარე არ აპირებს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების გასაჩივრებას.”

2. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული თბილისის საქალაქო სამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება;

3. სს “...” (საიდენტიფიკაციო კოდი: .......................) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8 000 ლარის ნახევარი _ 4 000 (ოთხი ათასი) ლარი, ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი _ 300773150, გადახდის დანიშნულება სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები _ ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ 220101222; გადამხდელის ბანკი _ სს “კორ სტანდარტ ბანკი”, ბანკის კოდი _ 220101945.

4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.