Facebook Twitter

ბს-1519-1450(კ-09) 28 იანვარი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. ჩ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 17 ნოემბერს ი. ჩ-ძემ სარჩელით მიმართა საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურს ცენტრის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის, იორმუღანლოს საჯარო სკოლისა და ლამბალოს საჯარო სკოლის მიმართ, სახელფასო დანამატის _ 12600 ლარისა და მორალური ზიანის _ 50000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 1967-2004 წლებში მუშაობდა საგარეჯოს რაიონის სოფლების _ იორმუღანლოსა და ლამბალოს აზერბაიჯანულენოვან სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ,,საქართველოში სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობისათვის სახელმწიფო ენის ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებათა სახელმწიფო პროგრამის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 სექტემბრის ¹516 ბრძანებულების საფუძველზე გამოიყო თანხები აზერბაიჯანულენოვან სკოლებში მომუშავე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისათვის ხელფასზე დანამატისა და კომუნალური ხარჯების სახით, თვეში 150 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ განმარტა, რომ მას აღნიშნული დანამატი არ მიუღია.

აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ 1997 წლის 15 სექტემბრიდან 2004 წლის 14 აგვისტომდე ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით მიუღებელი სახელფასო დანამატისა და მოპასუხეთა მხრიდან არაკანონიერი მოქმედებით მიყენებული მორალური ზიანის _ 50000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ი. ჩ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რომ მოპასუხეთა მხრიდან ი. ჩ-ძის მიმართ განხორციელებული იყო არაკანონიერი ქმედებები, რის გამოც მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.

საგარეჯოს რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,საქართველოში სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობისათვის სახელმწიფო ენის ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებათა სახელმწიფო პროგრამის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 სექტემბრის ¹516 ბრძანებულებით განისაზღვრა მისი მოქმედების ადგილი _ ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები. ხოლო საგარეჯოს რაიონზე, როგორც სხვა ადმინისტრაციულ რეგიონში შემავალ რაიონზე, აღნიშნული ბრძანებულება ვერ გავრცელდებოდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ჩ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ი. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 21 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ჩ-ძემ, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 4 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.