Facebook Twitter

ბს-1520-1451 (კ-09) 10 მაისი, 2010 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ ე. რ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ქ. თბილისის მერია

გასაჩივრებული განჩინება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 13 თებერვალს ე. რ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის _ ქ. თბილისის მერიის მიმართ და ქ. თბილისის მერიის 2009 წლის 9 იანვრის ¹26 განკარგულების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 8 ივნისის გადაწყვეტიებით ე. რ-შვილის სარჩელი მოპასუხის _ ქ. თბილისის მერიის მიმართ, სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მერიის 2009 წლის 9 იანვრის ¹26 განკარგულების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

საქალაქო სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა, რომ ქ. თბილისის მერიის 2009 წლის 9 იანვრის ¹26 ინდივიდულურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით. ქ. თბილისის მერია აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ზოგადი ადმინისტრაციული კოდქსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 96-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად. გასაჩივრებულ განკარგულებაში მოხელის განთავისუფლების საფუძვლად მითითებულ იქნა დაკავებულ თანამდებობასთან თანამშრომლის შეუსაბამობა, რაც “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 98-ე მუხლის I პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით საკმარის ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა მის განსათავისუფლებლად.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში განხორციელებულ იქნა რეორგანიზაცია, რაც დადასტურებულ იქნა 2006 წლის 26 დეკემბრის ¹22 ბრძანებით დამტკიცებული თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულებით, რომლის მე-7 მუხლით განსაზღვრულია აღნიშნული სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები. მათ შორის არ იქნა გათვალისწინებული სანიტარული სამსახური, აქედან გამომდინარე, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი შეუძლებელი გახდებოდა მისი აღსრულება, აღნიშნული სამსახურის არარსებობის გამო.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ იყო უსაფუძვლო, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა გამოსაცდელი ვადით მიღებულ თანამშრომელთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. ე. რ-შვილი მიღებული იყო გამოსაცდელი ვადით, რაც დასტურდებოდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით და არ წარმოადგენდა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საქალაქო სამსახურის სანიტარული ზედამხედველობის საერთო განყოფილების შტატზე მყოფ თანამშრომელს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. რ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. რ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 თებერვლის განჩინებით ე. რ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დადგინდა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ე. რ-შვილის საკასაციო საჩივარს, საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილებას ხელს არ აწერენ ის მოსამართლეები, რომლებიც გადაწყვეტილებაში არიან აღნიშნულნი.

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით. საქმეზე სასამართლო შემადგენლობა განისაზღვრა შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე _ ჯ. რუსიაშვილი, მოსამართლეები: ი. ღლონტი და ი. შენგელია. სასამართლო სხდომაზე მხარეებს განემარტათ აცილების უფლება ამ შემადგენლობის მიმართ. მხარეებს აცილება არ განუცხადებიათ. ამავე სხდომაზე, სასამართლოს ამავე შემადგენლობის მიერ მიღებულ იქნა განჩინება ე. რ-შვილის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მიღებულ განჩინებას მოსამართლე ი. შენგელიას ნაცვლად ხელს აწერს მოსამართლე ბ. ალავიძე, რომელსაც 2009 წლის 9 სექტემბრის საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება წარმოადგენს სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 385-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ზემოთ აღნიშნული გარემოება გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე. რ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 394-ე, 399-ე და 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. რ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სასამართლოს

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.