Facebook Twitter

¹ბს-1522-1483(კ-10) 27 აპრილი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ სპს «....»;

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 აგვისტოს განჩინება;

დავის საგანი _ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 13 აპრილს სპს «.....» სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა მოპასუხისათვის შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის დავალებას.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით სპს «.....» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

Pპირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2005 წელს გამოცხადებული იყო ტენდერი სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის «ჩაის» სახელმწიფო შესყიდვაზე, რომელშიც გამარჯვებულად გამოვლინდა სპს «....», მასთან 2005 წლის 23 ივნისს გაფორმდა ¹61 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, მოეხდინა პერსპექტიული ჩაის პლანტაციის მძიმედ გასხვლა, მისი შემოღობვა ეკლიანი მავრთულით და ხის ბოძებით. აღნიშნული ხელშეკრულებით განისაზღვრა მისი მოქმედების ვადა 2006 წლის 1 იანვრამდე. აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელის წერილის თანახმად, 2005 წლის 23 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სპს «....» შორის გაფორმებული ¹61 ხელშეკრულება ითვალისწინებდა ხელვაჩაურიოს რაიონში 30 ჰექტარი პერსპექტიული ჩაის მძიმედ გასხვლაზე მომსახურების გაწევას საერთო ღირებულებით 28400 ლარი. Mმომსახურების გეგმა-გრაფიკით სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2005 წლის 1 დეკემბრისათვის. Aამ პერიოდისათვის სპს «....» მიერ შეძენილ 2200 ცალ წაბლის ხის ბოძსა და 300 შეკვრა ეკლიან მავთულზე საერთო ღირებულებით 13840 ლარი, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ 2005 წლის 1 დეკემბერს შედგენილი იქნა შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი. რაც შეეხება გასხვლით სამუშაოებს, 20 ჰა-ზე ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში იქნა დასრულებული, ხოლო 10 ჰა-ზე უამინდობის გამო სამუშაოები გაგრძელდა 2005 წლის ბოლომდე. შპს «....» მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მდგომარეობა 2005 წლის დეკემბრის თვეში გადაამოწმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის პასუხისმგებელ მუშაკებისაგან შექმნილმა ჯგუფმა შიდა კონტროლის სამმართველოს უფროსის ლევან გეგეშიძის ხელმძღვანელობით. მათთან სიტყვიერი შეთანხმებით ხელშეკრულების ვადა უნდა გაგრძელებულიყო 2006 წლის იანვრის თვის ბოლომდე, მაგრამ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ოფიციალურად უარი განაცხადა ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე, რის გამოც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფს სპს «....» მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაგვიანებით შესრულების გამო მიღება-ჩაბარების აქტი არ გაუფორმებია.

Pპირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მითითება ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ სპს «....» გაშვებული აქვს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადა.

Pპირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1, 129-ე, 130-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს მოქმედების შესრულების (შესრულებული სამუშაოს მიღების) მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2006 წლის 1 იანვარს ანუ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის დროს. შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა და ამ პერიოდიდან 3 წლის განმავლობაში სპს «...» სასამართლოში სარჩელის აღძვრით უნდა მოეთხოვა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და შესრულებული სამუშაოს მიღება, რაც მან არ განახორციელა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სპს «....».

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 აგვისტოს განჩინებით სპს «....» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შესყიდვების შესახებ ¹61 ხელშეკრულების ვადის მოქმედება განსაზღვრული იყო 2006 წლის 1 იანვრამდე. ინსპექტირების ჯგუფის მიერ მიღება-ჩაბარების აქტები უნდა გაფორმებულიყო პერიოდულად შესრულებული სამუშაოების (მომსახურების შესრულების) მიხედვით. ხელშეკრულების მხარეებმა, რომელთა ინტერესს მოიცავდა მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება, 2006 წლის 1 იანვრამდე ამ აქტების გაფორმება არ მოახდინეს. ხელშეკრულების ვადა არ გაგრძელდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მოქმედებებიც დასრულდა.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომა არ გაიზიარა მოსაზრება, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2009 წლის 28 აპრილის წერილიდან, რადგან სპს «....» ჯერ კიდევ 2006 წლის 1 იანვრიდან ცნობილი იყო, რომ ხელშეკრულების ვადა არ გრძელდებოდა. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით სამოქალაქო კოდექსის 128-, 129-ე და 144-ე მუხლებზე მითითება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სპს «....».

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სპს «....» საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 აგვისტოს განჩინება და საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია განსჯადობის წესების დარღვევით, კერძოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას არ გამოუკვლევია და არ შეუმოწმებია, განსახილველი დავა მიეკუთვნება თუ არა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განსახილველ საქმეს, რის შედეგადაც სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დარღვეულია დავის გადაწყვეტის საპროცესო წესი, რაც წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საკმარის საფუძველს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე.

საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნის დაცვას, რათა გამოირიცხოს საქმის განსხვავებულ პრინციპებზე აგებული სამართალწარმოების წესით განხილვა. განსჯადობის წესის დაცვით დავის სწორად გადაწყვეტისათვის საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს თავად სადავო სამართალურთიერთობის ხასიათის განსაზღვრას. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ნორმათა ანალიზს, რომელიც იძლევა ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამოქალაქო ხელშეკრულებისაგან გამიჯვნის შესაძლებლობას.

კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება-დამატებების შედაგად, შემოღებულ იქნა ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცნება განსხვავებით მანამდე არსებული ადმინისტრაციული გარიგებისაგან. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ დამატებით მოთხოვნებს.

როგორც ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას არ სარგებლობს კერძო პირებისათვის დამახასიათებელი ნების ავტონომიის უფლებით, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას განაპირობებს მის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება.

ადმინისტრაციული ხელშეკრულების ერთ-ერთი მახასიათებელი არის ის, რომ ხელშეკრულების დადების შედეგად შესაბამისი პირი აღიჭურვება საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, მაშინ როდესაც სამოქალაქო ხელშეკრულების დადებისას მხარეები გვევლინებიან წმინდა სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობის მატარებლებად.

წინამდებარე შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სპს «...» შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა. ხელშეკრულების საფუძველზე კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა –სპს «....» იკისრა ვალდებულება, შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ განეხორციელებინა მომსახურება, კერძოდ, სპს «....» სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ხელვაჩაურის რაიონში უნდა გაეწია პერპექტიული ჩაის პლანტაციის მძიმედ გასხვლა, მისი შემოღობვა ეკლიანი მავთულით და ხის ბოძებით. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების თანახმად შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება უნდა მომხდარიყო პერიოდულად, მომსახურების შესრულების მიხედვით, ამ მიზნით შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის მიერ, რის შესახებაც უნდა გაფორმებულიყო მიღება-ჩაბარების აქტი. იმის გამო, რომ სპს «....» მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაგვიანებით შესრულებისათვის მოპასუხემ მიღება-ჩაბარების აქტები არ გააფორმა, სპს «....» სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავალდებულება გააფორმოს შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, ამ შემთხვევაში ხელშეკრულების მონაწილე მხარეები არ არიან აღჭურვილი საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით და სარგებლობენ სამოქალაქო ხელშეკრულებისათვის მახასიათებელი ნების ავტონომიურობის პრინციპით, სასარჩელო მოთხოვნას საფუძვლად უდევს სამოქალაქო კოდექსის მუხლები, სადავო სამართალურთიერთობების ხასიათიდან გამომდინარე სავსებით ცხადია, რომ სადავო სამართალურთიერთობები კერძო-სამართლებრივი კანონმდებლობის საფუძველზე უნდა გადაწყდეს. ამდენად სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, რაც სასკ-ის 2.3 მუხლის თანახმად საქმის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნების სავალდებულო პირობას წარმოადგენს. სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ კერძო-სამართლებრივ ხელშეკრულებათა რიცხვს განეკუთვნება, შესაბამისად მის შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა, სსკ-ის მე-11 მუხლის საფუძველზე, განსახილველად ექვემდებარება სამოქალაქო საქმეთა პალატას.

საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ზემოაღნიშნული პრინციპის დაცვას და თვლის, რომ განსჯადობის აღრევა იწვევს საქმის განხილვას განსხვავებულ პრინციპებზე აგებული სამართალწარმოების წესით, რაც, თავის მხრივ, ასახვას ჰპოვებს მხარეთა უფლებებზე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არაგანსჯადი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად და ექვემდებარება გაუქმებას. რის გამოც საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის, შემდგომი განხილვის მიზნით, განსჯადი სასამართლოსათვის დაქვემდებარებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სპს «....» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 აგვისტოს განჩინება და საქმე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

3. სახელმწიფო ბაჟის გადანაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.