ბს-1524-1455(2კ-09) 21 იანვარი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ლ-ურის, მ. ვ-იანის, ნ. მ-შვილის, ლ. გ-შვილის, ი. რ-ძის, მ. ტ-ძისა და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 17 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართეს ი. რ-ძემ, ლ. გ-შვილმა, მ. ვ-იანმა, თ. ლ-ურმა, ნ. მ-შვილმა, მ. ტ-ძემ და ა. თ-იამ, მოპასუხის _ ქ. თბილისის მერიის მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹28 ბრძანებით ლიკვიდირებულად ჩაითვალა ქ. თბილისის მერიის 2000 წლის 8 მაისის ¹9 ბრძანების საფუძველზე შექმნილი ქ. თბილისის მერიის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის საქალაქო სამსახური. ბრძანება ძალაში შევიდა 2005 წლის 29 აპრილიდან.
ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹28 ბრძანება და 2005 წლის 16 მაისის ¹156 განკარგულება წინააღმდეგობაში იყო საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის ¹120 ბრძანებულებით დამტკიცებულ “საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულების” მე-3 მუხლის “მ” ქვეპუნქტთან, რომლითაც სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია მოიაზრებოდა მერიის სტრუქტურაში. ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹28 ბრძანება ასევე ეწინააღმდეგებოდა “სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის დებულების სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების ნუსხის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹39 ბრძანებას. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო აქტებით სამართლებრივად გაფორმდა სამსახურის გაუქმება და ამ საფუძვლით მოხელეთა სამსახურიდან გათავისუფლება, მაგრამ, ფაქტობრივად, განხორციელდა არა სამსახურის ლიკვიდაცია, არამედ _ რეორგანიზაცია, სამსახურის მოხელეებზე კი გავრცელდა ლიკვიდაციის სამართლებრივი შედეგები.
მოსარჩელეთა მითითებით, სადავო აქტები გამოსცა არაუფლებამოსილმა ორგანომ. ამასთან, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის თანახმად, ისინი დაწესებულების ადმინისტრაციას უნდა გაეფრთხილებინა სამსახურის ლიკვიდაციის თაობაზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ასევე სამსახურიდან მათი გათავისუფლებისას არასწორად იქნა მითითებული “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლზე, რადგან რეალურად ქ. თბილისის მერიის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის საქალაქო სამსახურის ლიკვიდაცია არ მომხდარა.
შესაბამისად, მოსარჩელეებმა ქ. თბილისის მერის 2005 წლის 5 მაისის ¹28 ბრძანების, 2005 წლის 16 მაისის ¹156 განკარგულების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სამსახურის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. რ-ძის, ლ. გ-შვილის, მ. ვ-იანის, თ. ლ-ურის, ნ. მ-შვილის, მ. ტ-ძისა და ა. თ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სამუშაოზე აღდგენა და მათთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრეს ი. რ-ძემ, მ. ვ-იანმა, თ. ლ-ურმა, ლ. გ-შვილმა, ნ. მ-შვილმა და მ. ტ-ძემ. კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 სექტემბრის განჩინება ა. თ-იას საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. რ-ძის, ლ. გ-შვილის, მ. ვ-იანის, თ. ლ-ურის, ნ. მ-შვილისა და მ. ტ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერის 2005 წლის 16 მაისის ¹156 განკარგულება მოსარჩელეთა თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში; ი. რ-ძეს, ლ. გ-შვილს, მ. ვ-იანს, თ. ლ-ურს, ნ. მ-შვილსა და მ. ტ-ძეს აუნაზღაურდათ სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან 2005 წლის 5 სექტემბრამდე იძულებით არყოფნის პერიოდის ხელფასი, გათავისუფლების მომენტისათვის მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრეს თ. ლ-ურმა, მ. ვ-იანმა, ნ. მ-შვილმა, ლ. გ-შვილმა, ი. რ-ძემ და მ. ტ-ძემ. კასატორებმა ახალი გადაწყვეტილებით სამსახურში აღდგენა და იძულებით არყოფნის განმავლობაში სამსახურში აღდგენამდე მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე ქ. თბილისის მერიამ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 4 დეკემბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მერიისა და თ. ლ-ურის, მ. ვ-იანის, ნ. მ-შვილის, ლ. გ-შვილის, ი. რ-ძის, მ. ტ-ძის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიისა და თ. ლ-ურის, მ. ვ-იანის, ნ. მ-შვილის, ლ. გ-შვილის, ი. რ-ძის, მ. ტ-ძის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მერიისა და თ. ლ-ურის, მ. ვ-იანის, ნ. მ-შვილის, ლ. გ-შვილის, ი. რ-ძის, მ. ტ-ძის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.