Facebook Twitter

ბს-1537-1467 (კ-09) 19 მაისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს “...” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს “...” 13.11.08წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების მიმართ და ბათუმის საქალაქო სამმართველოს 29.09.08წ. მიღებული ადმინისტრაციული აქტის- საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ გაფრთხილებისა და 13.10.08წ. საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 26.01.09წ. განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მესამე პირად ჩაება ნ. ბ-ძე და ლ. ხ-ძე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 24.03.09წ. გადაწვეტილებით შპს “...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 24.03.09წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.09.09წ. განჩინებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 24.03.09წ. გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.09.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია საიჯარო ქირის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო ხელშეკრულება ძალადაკარგულად და მხარე ამის შესახებ გაფრთხილებას აღარ საჭიროებდა, კასატორის მოსაზრებით, იჯარის ხელშეკრულების გაუქმებას სჭირდებოდა მეორე მხარეზე შეტყობინება, თუ ხელშეკრულებას წყვეტდა მოიჯარე. ამასთანავე, მისი აზრით, რადგან პოლიციას წარედგინა იჯარის ხელშეკრულება, მას არ ჰქონდა უფლება მოსარჩელე გამოესახლებინა საიჯარო ფართიდან, ვინაიდან აღნიშნული საკითხი უნდა გარკვეულიყო სამოქალაქო დავის წესით სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “...” საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს “...” საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან შპს “...” წარმომადგენელ ზ. ფ-ძეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “...” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ზ. ფ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ შპს “...” საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარის ოდენობით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.