Facebook Twitter

ბს-1540-1470(კ-09) 25 თებერვალი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ა. ს-ივე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ოქტომბრის განჩინება

სარჩელის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 17 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის – ა. ს-ივეს მიმართ. მოსარჩელემ ა. ს-ივესათვის მის სასარგებლოდ ჯარიმის სახით - 16092 ლარის, ზიანის სახით - 3397.78 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით - 16092 ლარის 0.2%-ის ოდენობით ყოველდღიურად, 2005 წლის 9 დეკემბრიდან ძირითადი თანხის გადახდამდე დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში განმარტა, რომ იგი 2005 წლის 11 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ¹1344 ბრძანებით გაწვეულ იქნა სამხედრო-საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში და 2005 წლის 1 მაისიდან კონტრაქტით გათვალისწინებული პირობის თანახმად, დაინიშნა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ქვეითი ბრიგადის ... ასეულის მეორე ოცეულის მემიზნე-ოპერატორად.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი 2006 წლის 21 იანვარს ¹71 ბრძანების საფუძველზე დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან 2008 წლის 26 ოქტომბრიდან – კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. სამხედრო მოსამსახურესთან დადებული ხელშეკრულების 7.3 პუნქტის თანახმად, კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს ეკისრებოდა ვალდებულება, აენაზღაურებინა მასზე გათვლისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები, რაც მოსარჩელის მითითებით შეადგენდა 16092 ლარს.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. აპელანტმა განმარტა, რომ მოპასუხე მხარემ კონტრაქტი გააფორმა 2005 წლის 1 მაისს, ხოლო 2005 წლის 2 ნოემბერს დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, ე.ი. მოპასუხემ კონტრაქტი დაარღვია კონტრაქტის 7.3 პუნქტის პირველ წინადადებაში და 3.2 პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურის სწავლებისა და მომზადების პერიოდში, რაც 7.3 პუნქტიდან გამომდინარე, ამავე პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი იყო.

ამდენად, აპელანტის განმარტებით, მოპასუხე ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ვალდებული იყო, ჯარიმის სახით სამინისტროსათვის აენაზღაურებინა 14 000 ლარი, ხოლო დათხოვნის მეთერთმეტე დღიდან, ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 0.2 პროცენტი მის სრულ გადახდამდე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მარტის განჩინებით საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა ა. ს-ივესათვის ზიანის სახით – 3397.78 ლარის დაკისრების შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აპრილის განჩინება; საქმე განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება, ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ს-ივეს შორის 2005 წლის პირველ მაისს დადებული ხელშეკრულება მიეკუთვნება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა კატეგორიას. აპელანტის სარჩელი ეფუძნებოდა მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი მიიჩნია კანონშესაბამისად და დაადასტურა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას არ ქმნიდა ხელშეკრულების 7.3 მუხლი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის მოთხოვნის უფლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვებოდა ხელშეკრულების დადებიდან ერთი წლის შემდეგ. საქმის მასალებიდან კი დადგენილი იყო ის ფაქტი, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ს-ივეს შორის ხელშეკრულება შეწყდა პირველი წლის გასვლამდე – ხელშეკრულება დადებული იყო 2005 წლის პირველ მაისს, ხოლო მოპასუხის დათხოვნა მოხდა 2005 წლის 28 ნოემბერს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ ხელშეკრულება არ განსაზღვრავდა პასუხისმგებლობას მოსამსახურის მხრიდან 1 წლის გასვლამდე კონტრაქტის შეწყვეტის პირობებში, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო სასამართლომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მიიჩნია უსაფუძვლოდ და აღნიშნა, რომ არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი წინამძვრები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა განმარტა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხე ა. ს-ივეს მიერ ზიანის სახით 3397.78 ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლოს მიერ თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში არ იქნა დაკმაყოფილებული, იმ მოტივით, რომ სასამრთლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი სამართლებრივი გარემოებანი, კერძოდ, ვინაიდან ხელშეკრულება არ განსაზღვრავს პასუხისმგებლობას მოსამსახურის მხრიდან 1 წლის გასვლამდე კონტრაქტის შეწყვეტის პირობებს, რისი გათვალისწინებითაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას მიიჩნევს უსაფუძვლოდ.

კასატორმა სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა არასწორად მიიჩნია და განმარტა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნას ზიანის ნაწილში საფუძვლად ჰქონდა არა კონტრაქტის 7.3 პუნქტი, არამედ კონტრაქტის 8.3 მუხლი. კასატორის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფდა საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის ეტაპობრივ წვრთნასა და მომზადებას ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ხარჯზე. მნიშვნელოვნად გაიზარდა სამხედრო მოსამსახურის მომზადებაზე დასახარჯი თანხების ისეთი აუცილებელი კომპონენტი, როგორიც არის გადასახდელი ხელფასი. აღსანიშნავია, რომ ხელფასის ზრდა გამოწვეული იყო სწორედ იმ გარემოებით, რომ პირი, რომელიც ვალდებულებას აიღებდა სრული 4 წლის ვადით ემსახურება სამხედრო მოსამსახურედ 4 წლის განმავლობაში მიიღებდა შესაბამისი ოდენობის ანაზღაურებას, რომლის გაცემა ხორციელდებოდა ეტაპობრივად და ის არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა ანალოგიური ოდენობის, თუ სამხედრო მოსამსახურე სხვა უფრო მოკლე ვადით სამსახურის გავლის ვალდებულებას იკისრებდა.

კასატორის განმარტებით ა. ს-ივეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის გამო, ,,საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრისა და 2005 წლის 9 დეკემბრის კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის რაოდენობის შენარჩუნების მიზნით სამინისტროს მოუწია სხვა სამხედრო მოსამსახურესთან ახალი კონტრაქტის გაფორმება და მოპასუხეზე მოთხოვნილი თანხის ხელახლა დახარჯვა ახალი სამხედრო მოსამსახურის სამხედრო მომზადების იმ დონემდე მისაღწევად, რაც ჰქონდა მიღწეული მოპასუხეს შეიარაღებული ძალების დათხოვნისას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ა. ს-ივესათვის ხელფასის _ 2683.78 ლარის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ოქტომბრის განჩინება წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ანაზღაურებული ხელფასის _ 2683.78 ლარის ა. ს-ივესათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის – 714 ლარის ა. ს-ივესათვის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დაშვებულ ნაწილში საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, განსახილველად დაშვებულ ნაწილში საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, ამავე ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ა. ს-ივესათვის ხელფასის _ 2683.78 ლარის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის – 714 ლარის ა. ს-ივესათვის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად, ამდენად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს მხოლოდ ა. ს-ივესათვის კვების კომპენსაციის - 714 ლარის დაკისრების საფუძვლიანობა.

საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია ფაქტობრივი გარემოებები: 2005 წლის 1 მაისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ს-ივეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, (კონტრაქტი) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 11 სექტემბრის ¹1344-ე ბრძანებით 2005 წლის პირველი მაისიდან, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, რიგითი ა. ს-ივე დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ქვეითი ბრიგადის ... ბატალიონის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ოცეულის მემიზნე-ოპერატორად, სამხედრო წოდება, ,,კაპრალის” მინიჭებით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 21 იანვრის ¹71 ბრძანებით 2005 წლის 28 ნოემბრიდან ... ქვეითი ბრიგადის ... ბატალიონის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ოცეულის მემიზნე-ოპერატორი ა. ს-ივე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან, რეზერვში, (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვითა და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით) ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მეორე თავის 21-ე მუხლის მეორე ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო).

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ ა. ს-ე შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ იქნა კონტრაქტის პირობების დარღვევის და არა რეორგანიზაციის, სამხედრო ნაწილის გაუქმების გამო. უკანასკნელი არ ყოფილა მოპასუხის შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულების (კონტრაქტის) 7.3 მუხლი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ხელშეკრულების მოშლის საფუძვლებსა და სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის ფარგლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში თავისი სურვილით და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდეს შეწყვიტოს 4 წლიანი კონტრაქტი, ასეთ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს მასზე კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი ვადის ფულადი თანხა, კერძოდ, ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო სამი წლის ხელფასის სახით, საშუალოდ - 14 000 ლარის ოდენობით, ორი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 2 წლის ხელფასის სახით, საშუალოდ - 10 000 ლარის ოდენობით და სამი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 1 წლის ხელფასის სახით, საშუალოდ - 5 000 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 7.3 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შედეგად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს სამხედრო ძალებში სულ მცირე 1 წლის სამსახური, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ამდენად, არ არსებობს მოპასუხის მიმართ ხელშეკრულების 7.3 მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების სახით საჯარიმო თანხების გამოყენების საფუძველი. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინიტრო სასარჩელო განცხადებით ფაქტიურად ითხოვს კონტრაქტის 7.3 მუხლის თანახმად, ა. ს-ივეზე დახარჯული თანხების ანაზღაურებას, სამინისტროს მოთხოვნა არ ეხება ხელშეკრულების (კონტრაქტის) 7.3 მუხლით გათვალისწინებულ ჯარიმას. სამინისტროს მოთხოვნა ეხება მოპასუხისათვის ხელშეკრულების არა 7.3 მუხლში მითითებული ჯარიმის თანხას, არამედ ა. ს-ივეზე დახარჯული თანხის სამინისტროსათვის ანაზღაურებას, რომლიდანაც 714 ლარი კვების ხარჯს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კვების კომპენსაცია წარმოადგენს “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით რეგლამენტირებულ სასურსათო ულუფას. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ამასთან, ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ სასურსათო ულუფისაგან, რაც განსხვავებულადაა მოწესრიგებული “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლში. ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდქსის ნორმები და სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 21 იანვრის ¹71 ბრძანებით ა. ს-ივე კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობის გამო დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, შესაბამისად საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა ხელშეკრულებაზე. ადგილი აქვს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენებას, რომელიც იწვევს მხარეთა ორმხრივი ვალდებულებების გაქარწყლებას და ახალი ვალდებულების წარმოშობას, კერძოდ, მხარეებმა ხელშეკრულების შედეგად მიღებული შესრულება და სარგებელი უნდა დააბრუნონ. შეძენის (მიღებული შესრულების – მოპასუხის მიერ გაწეული სამსახურის და გაწეული სამსახურის შედეგად გადახდილი ხელფასის თანხის) ხასიათიდან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია ხელფასის სახით გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კვების ნაწილში თანხის დაკისრება უნდა მომხდარიყო მოპასუხე – ა. ს-ივესათვის.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების გასვლა განპირობებული იყო მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით, რაც საქართველოს სამოქალაო კოდექსის 352-ე მუხლის მე-5 ნაწილის, თანახმად, ქმნის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ, ა. ს-ვესათვის კვების კომპენსაციის – 714 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ოქტომბრის განჩინება კვების კომპენსაციის ნაწილში გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ა. ს-ივეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს კვების კომპენსაციის _ 714 ლარის ანაზღაურება;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.