Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-1543-1504(2კ-10) 30 დეკემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. ხ-შვილის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2010 წლის 9 ნოემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1543-1504(2კ-10) ნ. ხ-შვილისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრებით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ნოემბრის განჩინებებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად (იხ. ს.ფ. 60-61; ტ.II), ხოლო ნ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტისა და 399-ე მუხლების მოთხოვნებს, რადგან საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო საჩივრით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი (კასაციის მიზეზი). ამასთან კასატორი წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში უთითებდა, რომ მას არ ჩაბარებია თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც მოესპო სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ხ-შვილს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა დედნის სახით (იხ. ს.ფ. 57-59; ტ.II).

2010 წლის 27 დეკემბერს საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივრით მომართა კასატორმა ნ. ხ-შვილმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 69-75; ტ.II).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ნ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინებით, რომლის გაუქმებასაც ითხოვს კასატორი ნ. ხ-შვილი, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარზე, რომელიც არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება. თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნ. ხ-შვილის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნ. ხ-შვილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის _ 25170,07 ლარის, პირგასამტეხლოს – 7551,03 ლარისა და სანივთე დავალიანების _ 3,55 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება, ხოლო ნ. ხ-შვილისათვის ზიანის სახით – 1386,49 ლარის ანაზღაურების დაკისრებაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეთქვა უარი, ასევე ნ. ხ-შვილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისრა 981 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 48-52; ტ.I). თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა რაონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 57-67; ტ.I). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობაზე მხოლოდ ზიანის ანაზღაურების ნაწილში, ხოლო მოპასუხე ნ. ხ-შვილისათვის ჯარიმის, პირგასამტეხლოსა და სანივთე დავალიანების დაკისრების ნაწილში თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264.1 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, რამდენადაც გადაწყვეტილების ეს ნაწილი სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია ნ. ხ-შვილს.

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე გავლენას არ ახდენს ის გარემოება, რომ კასატორს არ ჩაჰბარებია რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება, რითაც მოესპო შესაძლებლობა თავისი უფლებების დაცვის მიზნით სააპელაციო წესით გაესაჩივრებინა იგი. სააპელაციო სასამართლომ განიხილა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, ხოლო ნ. ხ-შვილს არ მიეცა ანალოგიური უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორ ნ. ხ-შვილის არგუმენტი გავლენას იქონიებდა სააპელაციო საჩივრის შეტანის პირობებში გასაჩივრების ვადის განსაზღვრისას, მაგრამ ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის წინაპირობა, რამდენადაც საქმის მასალების თანახმად, ნ. ხ-შვილისათვის ცნობილი იყო, რომ საქმე თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე იხილებოდა სააპელაციო სასამართლოში, იგი ესწრებოდა სააპელაციო სასამართლოს სხდომას და შესაძლებლობა ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებისას წარედგინა სააპელაციო საჩივარი, რაც მას არ განუხორციელებია.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ნ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 აპრილის განჩინებაზე დაუშვებელია, რამდენადაც აღნიშნული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა მხოლოდ მოპასუხე ნ. ხ-შვილისათვის ზიანის დაკისრების შესახებ თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის საკითხი, ხოლო მოპასუხე ნ. ხ-შვილისათვის ჯარიმის, პირგასამტეხლოსა და სანივთე დავალიანების დაკისრების ნაწილში თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების კომპეტენცია სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა თანახმად სსსკ-ის 377.1 მუხლისა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.