Facebook Twitter

ბს-155-148(კ-10) 13 მაისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ს. ზ-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 დეკემბრის განჩინება

სარჩელის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 29 აპრილს საქათველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის _ ს. ზ-ძის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ¹232 ბრძანებით ს. ზ-ძე გაიწვიეს სამხედრო-საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, იგი შეიარაღებული ძალების რიგებში ჩაირიცხა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 18 ივნისის ¹1817 ბრძანების საფუძველზე, ს. ზ-ძე 2007 წლის 10 მაისიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის ჯარიმის სახით _ 16 639.90 ლარის, სანივთე დავალიანების სახით _ 418.02 ლარის, ზიანის სახით _ 8 148.52 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით _ 16 639.90 ლარის 0,2 %-ის ოდენობის თანხის ყოველდღიურად 2007 წლის 21 მაისიდან თანხის სრულად გადახდამდე ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 25 206.44 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით _ 16 639.90 ლარის 0.2%-ის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 10 თებერვალს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ს. ზ-ძეს შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომლის საფუძველზეც ს. ზ-ძე კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, ჩაირიცხა სამხედრო სამსახურში.

საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 10 მაისს ¹06670 სამხედრო ნაწილის მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის გადაწყვეტილებით დადგინდა ს. ზ-ძის მიერ სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვების ფაქტი და 2007 წლის 18 ივნისს სახმელეთო ჯარების სარდლის შუამდგომლობის საფუძველზე ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, 2007 წლის 10 მაისიდან ს. ზ-ძე დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენდა და მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ამ კოდექსის ნორმები და ხელშეკრულების შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები გამოიყენებოდა.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი იყო მონაწილეთა შორის ხელშეკრულების არსებობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული საფუძვლებიდან წარმოიშობოდა.

საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა მოპასუხისათვის ჯარიმის, ზიანისა და სანივთე დავალიანების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში იყო საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

საქალაქო სასამართლომ ჯარიმისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნასთან დაკავშირებით განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო იყო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება, ხოლო ჯარიმას როგორც ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიებას, სამოქალაქო კოდექსი არ ცნობდა.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული დათქმა ჯარიმის გადახდის შესახებ ვალდებულების შესრულების ერთ-ერთ სახეს _ პირგასამტეხლოს წარმოადგენდა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლოს შეეძლო შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება და მიიჩნია, რომ ვინაიდან, მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის დადგენილი იყო უზრუნველყოფის საშუალება პირგასამტეხლოს სახით _ 16 639.90 ლარის ოდენობით, დამატებით 16 639.90 ლარის 0.2 პროცენტი შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენდა და შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა 0.2 პროცენტის ნაწილში სასამართლოს მიერ უნდა შემცირებულიყო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე და სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ჯარიმის ანაზღაურებას, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ითხოვდა. აღნიშნული მოთხოვნის უფლება კი მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის პირობებიდან გამომდინარეობდა. კასატორის განმარტებით, ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჯარიმის მოთხოვნის უფლებას ითვალისწინებდა, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი პირგასამტეხლოს მოთხოვნა იყო გარანტირებული, რომლის გადახდაც მოპასუხის სახელშეკრულებო ვალდებულებას წარმოადგენდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2006 წლის 10 თებერვალს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ს. ზ-ძეს შორის 4 წლის ვადით დაიდო ხელშეკრულება (ს.ფ. 21). საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ¹232 ბრძანებით ს. ზ-ძე გაიწვიეს შეიარაღებული ძალების რიგებში და დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ბრიგადის, ... დივიზიონის ... ბატარეის საცეცხლე ოცეულის გათვლის მეთაურ-ოპერატორად, სამხედრო წოდების _ კაპრალის მინიჭებით (ს.ფ. 29).

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2007 წლის 10 მაისს ¹06670 სამხედრო ნაწილის მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის გადაწყვეტილებით დადგინდა ს. ზ-ძის მიერ სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვების ფაქტი (ს.ფ. 31) და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 18 ივნისის ¹1817 ბრძანების საფუძველზე, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, 2007 წლის 10 მაისიდან ს. ზ-ძე დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან (ს.ფ. 20).

საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ 2006 წლის 10 თებერვალს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ს. ზ-ძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროს მიერ მასზე გათვალისწინებული ფულადი თანხები, ხოლო აღნიშნული თანხების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებოდა პირგასამტეხლო 0.2% ოდენობით (ს.ფ. 22).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებულ საქალაქო სასამართლოს მსჯელობას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული დათქმა ჯარიმის გადახდის შესახებ, ვალდებულების შესრულების უზრუნველოფის ერთ-ერთ სახეს _ პირგასამტეხლოს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებასა და ფინანსური პასუხისმგებლობის ერთგვარ ფორმას წარმოადგენს, რომელსაც გააჩნია ვალდებულების დროული შეუსრულებლობის პრევენციული ფუნქცია. ამასთან, პირგასამტეხლო კრედიტორისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების ლეგალური საშუალება და კრედიტორის აქცესორული უფლებაა _ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე, ხოლო ძირითადი უფლების ნამდვილობის იურიდიული აღიარება-დადასტურება და საპროცესო ლეგიტიმაცია პირგასამტეხლოს დაკისრების უდავო საფუძველია.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ჯარიმას ცალკე როგორც ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ ცნობს.

საკასაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა, ფაქტობრივად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით რეგლამენტირებულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის დადგენილია უზრუნველყოფის საშუალება პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით _ 16 639.90 ლარის ოდენობით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დამატებით 16 639.90 ლარის 0.2 პროცენტი უკვე პირგასამტეხლოს ოდენობის აშკარა უსამართლობას ადასტურებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თავისუფალი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვისა და ეკონომიკური თავისუფლების, როგორც კონსტიტუციური პრინციპის, უზრუნველყოფა-რეალიზების ინტერესები მოითხოვს პირგასამტეხლოს განაკვეთისა და ფაქტობრივი ოდენობის თანაზომიერებასა და მხარისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ შესაბამისობას ძირითადი სახელშეკრულებო დავალიანების თანხასთან მიმართებაში. მართალია, შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს პირგასამტეხლოს თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, კერძოდ, პირგასამტეხლოს თანხის _ 16 639.90 ლარის 0.2 პროცენტის დაკისრების ნაწილში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე მიიღო კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.