ბს-1554-1483(კ-09) 25 მაისი, 2010წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ა-იანი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 17 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე _ ვ. A-იანის მიმართ თანხის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ვ. A-იანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ¹1344 ბრძანებით, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობის თანახმად, 2005 წლის 1 მაისიდან დაინიშნა სამხედრო მოსამსახურედ.
მოსარჩელის განმარტებით, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ამასთან, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება სახელმწიფოს შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებებით, რაც დაკავშირებულია დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
სამხედრო მოსამსახურე სრულ სახელმწიფო კმაყოფაზეა, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს. თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აქვს გამოყოფილი ასიგნებები და მათი მიზნობრივად გამოყენება სამინისტროს ვალდებულებაა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეთათვის განსაზღვრავს ხელფასის ოდენობას, კვების, სანივთე უზრუნველყოფისა და წვრთნისა და აღჭურვისთვის განსახორციელებლად წინასწარ დაგეგმავს ფულად სახსრებს, იგი ვალდებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თითოეული ლარი განკარგოს დანიშნულებისამებრ ანუ უზრუნველყოს საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიული, დისციპლინირებული, მაღალკვალიფიცირებული სამხედრო პერსონალით.
კონტრაქტის 7.3 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილით და “სამინისტროსთან” შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს, ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ “სამინისტრო” იძულებული გახდეს შეწყვიტოს 4 (ოთხი)-წლიანი კონტრაქტი, “სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს მასზე გათვალისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები: ა) ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 3 წლის ხელფასის სახით საშუალოდ 1400 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნება მთელი თვის ხელფასის შესაბამისად; ბ) ორი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 2 წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 1000 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნება ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად; გ) სამი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 5000 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნება ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე – ვ. A-იანი სამხედრო შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 21 იანვრის ¹71 ბრძანებით 2005 წლის 22 ნოემბრიდან სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, საკონტრაქტო სამსახურის გამვლელთათვის დადგენილია არანაკლებ 3-წლიანი ვადა, ხოლო ვ. A-იანს ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით, ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება 4 წელი ემსახურა შეიარაღებულ ძალებში. კონტრაქტის 7.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულების შეწყვეტიდან ათი დღის ვადაში, მოპასუხე ვალდებული გახდა აენაზღაურებინა სამინისტროსათვის მასზე გათვალისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეადგენდა 16092 ლარს, ხოლო 3.2 პუნქტი სამხედრო მოსამსახურის მომზადების პერიოდად განსაზღვრავს სამხედრო სამსახურის პირველ სამ თვეს, მოპასუხე – ვ. A-იანი კი, როგორც დათხოვნის ბრძანებიდან ირკვევა გათავისუფლებულია შეიარაღებული ძალებიდან “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტით (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო), რის გამოც მასზე უნდა გავრცელდეს კონტრაქტის 7.3 პუნქტის მოქმედება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მოპასუხე – ვ. A-იანს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა ჯარიმის - 16092 ლარის, ზიანის _ 2956,73 ლარისა და პირგასამტეხლოს - 16092 ლარის 0,2%-ის ოდენობის ყოველდღიურად გადახდა, 2005 წლის 3 დეკემბრიდან ძირითადი თანხის გადახდამდე.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ სამხედრო მოსამსახურეს თანხის გადახდა ეკისრებოდა ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, როგორც საქმის მასალებით დადგენილია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხეს შორის ხელშეკრულება შეწყვეტილი იყო ერთი წლის გასვლამდე, ვინაიდან ხელშეკრულება დადებული იყო 2005 წლის პირველ მაისს და მოპასუხე სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ იქნა 2006 წლის 12 იანვრის ¹71 ბრძანებით, 2005 წლის 3 დეკემბრიდან.
სასამართლოს განმარებით, კონტრაქტის 7.3 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, თავისი სურვილითა და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებდა სამხედრო ძალებს, ან შექმნიდა პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდებოდა, შეეწყვიტა ოთხწლიანი კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროსათვის მასზე გათვალისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები. კონტრაქტით აღნიშნული თანხების გადახდა დადგენილი იყო მხოლოდ ერთი, ორი ან სამი წლის სამხედრო სამსახურის გავლის შემთხვევაში. ვლადიმერ ახვლედიანს კი ნამსახურები ჰქონდა 6 თვე და 21 დღე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის განჩინებით ადმინისტრაციული საქმიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელისა გამო ვ. A-იანის მიმართ ცალკე წარმოებად გამოიყო სასარჩელო მოთხოვნა ზიანის - 2 956,73 ლარის დაკისრების ნაწილში და იგი განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრი ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 24 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინება; საქმე განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების ნაწილში დარჩა უცვლელად;
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ სამინისტროსა და ვ. ა-იანს შორის 2005 წლის პირველ მაისს დადებული ხელშეკრულება მიეკუთვნება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა კატეგორიას. სარჩელი ეფუძნება მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, შესაბამისად სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას არ ქმნის ხელშეკრულების 7.3 მუხლი. ხელშეკრულების 7.3 მუხლი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ხელშეკრულების მოშლის საფუძვლებსა და სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის ფარგლებს. იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში თავისი სურვილით და “სამინისტროსთან” შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდეს შეწყვიტოს 4-წლიანი კონტრაქტი. ასეთ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს მასზე კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი ვადის ფულადი თანხა, შემდეგი წესით: ა) ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 3 (სამი) წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 14 000 ლარის ოდენობით. ბ) ორი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 2 (ორი) წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 10 000 ლარის ოდენობით. გ) სამი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 1 (ერთი) წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 5 000 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ანაზღაურების წესი განსაზღვრულია ბოლო აბზაცით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობას ერთ წლამდე სამხედრო სამსახურის შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამისად, კონტრაქტით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის მოთხოვნის უფლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვება ხელშეკრულების დადებიდან ერთი წლის შემდეგ. დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვ. ა-იანს შორის ხელშეკრულება შეწყდა პირველი წლის გასვლამდე _ ხელშეკრულება დადებულია 2005 წლის პირველ მაისს, ხოლო დათხოვნილ იქნა 2005 წლის 22 ნოემბერიდან.
სასამართლოს განმარტებით, მართალია მოცემულ საქმეზე წარმოდგენილია 2005 წლის 6 ოქტომბრის დანართი ხელშერკულება, რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო სამხედრო მოსამსახურის პაუხიმგებლობას ერთ წლამდე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მაგრამ აღნიშნული ეხება ჯარიმის თანხის დაკისრებას და ზიანის ანაზღაურების წესს არ არეგულირებს.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის დაშვებულ ნაწილში საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება ხელშეკრულების შეფასების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და თავის მხრივ, განმარტავს შემდეგს: კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება-დამატებების შედეგად, შემოღებულ იქნა ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცნება განსხვავებით მანამდე არსებული ადმინისტრაციული გარიგებისაგან. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ დამატებით მოთხოვნებს.
როგორც ნორმის შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას არ სარგებლობს კერძო პირისათვის დამახასიათებელი ნების ავტონომიის პრინციპით, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას განაპირობებს მის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია თავდაცვის მინისტრის სამხედრო ქვედანაყოფში სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა. მითითებული კონტრაქტის მონაწილე ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომლის საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას განეკუთვნება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა, ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან დადებულია სწორედ ზემოაღნიშნული ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად. ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას.
საკასაციო სასამართლო ეთნახმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობის თაობაზე და ადასტურებს სასამართლოს მხრიდან ხელშეკრულების 7.3 მუხლის თაობაზე განმარტების შესახებ წარმოდგენილი მოტივაციის მართებულობას.
ხელშეკრულების 7.3 მუხლი განსაზღვრავს თავდაცვის სამინისტროს მიერ ხელშეკრულების მოშლის საფუძვლებს და სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილით და ,,სამინისტროსთან” შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს, ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ ,,სამინისტრო” იძულებული გახდეს შეწყვიტოს 4 წლიანი კონტრაქტი. “სამხედრო მოსამსახურე” უპირობოდ ხდება ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს მასზე კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი ვადის ფულადი თანხები: ა) 1 (ერთი) წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო სამი წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 14000 ლარის ოდენობით; ბ) 2 (ორი) წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო ორი წლის ხელფასის სახით 10000 ლარის ოდენობით; გ) 3 (წლის) წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის ხელფასის სახით საშუალოდ 5000 ლარის ოდენობით.
ამდენად, როგორც ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსი ცხადყოფს, სამხედრო მოსამსახურეს ფულადი თანხების – ჯარიმის, გადახდის ვალდებულება ეკისრება მხოლოდ კონტრაქტის 1 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ. რაც შეეხება ერთ წლამდე პერიოდს, აღნიშნულზე მხარეთა შორის ჯარიმა-საურავების თაობაზე შეთანხმება არ არსებობს, რაც გამორიცხავს სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის დაკისრებას კონტრაქტის ერთ წლამდე შეწყვეტის შემთხვევაში.
საქმეზე კი უდაოდაა დადგენილი, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვ. ა-იანს შორის ხელშეკრულება დაიდო 2005 წლის 1 მაისს და შეწყდა 2005 წლის 22 ნოემბერს. ამდენად, ხელშეკრულების მოქმედების ვადამ შეადგინა 6 თვე და 21 დღე.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდქსის ნორმები და სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 21 იანვრის ¹71 ბრძანებით ვ. ა-იანი კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობის გამო დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, შესაბამისად საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა ხელშეკრულებაზე. ადგილი აქვს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენებას, რომელიც იწვევს მხარეთა ორმხრივი ვალდებულებების გაქარწყლებას და ახალი ვალდებულების წარმოშობას, კერძოდ მხარეებმა ხელშეკრულების შედეგად მიღებული შესრულება და სარგებელი უნდა დააბრუნონ (სკ-ის 352.1 მუხ.). საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანამად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. ამდენად, თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. შესაბამისად, მოსამსახურის მიერ გაწეული სამსახურისათვის ხელფასის გადახდა შეადგენს დამსაქმებლის ვალდებულებას, ამდენად მოსარჩელის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ხელფასის თანხის დაბრუნების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო რაც შეეხება სასურსათო ულუფას (612 ლარი), საკასაციო სასამართლო თვლის, რომ იგი არ წარმოადგენს ხელფასის შემადგენელ ნაწილს, ამასთანავე ხელშეკრულებიდან გასვლა განპირობებულია მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით, რაც სკ-ის 352-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 407-ე მუხლის თანახმად ქმნის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისათვს კვების კომპენსაციის თანხის ანაზღაურების ნაწილში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებული კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ოქტომბრის განჩინება კვების კომპენსაციის ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფიდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ვ. A-იანისათვის კვების კომპენსაციის – 612 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ოქტომბრის განჩინება კვების კომპენსაციის ნაწილში გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ვ. ა-იანს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს კვების კომპენსაციის _ 612 ლარის ანაზღაურება;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.