Facebook Twitter

ბს-1556-1517(2კ-10) 25 მაისი, 2011წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი

კასატორები (მოპასუხეები) – სსიპ შემოსავლების სამსახური; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს “...”

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.02.10წ. გადაწყვეტილება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს “...” 27.08.09წ. სარჩელი აღძრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ¹002327 და ¹002349 საბაჟო სამართალდარღვევათა ოქმების, შემოსავლების სამსახურის 08.07.09წ. ¹1956 ბრძანების, დავების განხილვის საბაჭოს 12.08.09წ. ¹10/10657 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 14.04.09წ. ¹874 საბაჟო შეტყობინებით, საბაჟო კოდექსის 250-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევისათვის დაეკისრა ჯარიმა 6631,50 ლ., მათ შორის 500 ლ. ¹ჩ13490 დეკლარაციაზე (ოქმი ¹002327) და 6131,50ლ. ¹ჩ13493 დეკლარაციაზე (ოქმი ¹002349). მოსარჩელე არ დაეთანხმა შეტყობინებით ხსენებული თანხების დაკისრებას და აღნიშნა, რომ დეკლარაციების შევსებისას დაშვებული იქნა მექანიკური შეცდომა, კერძოდ დეკლარაციის 22 გრაფაში ღირებულება აშშ დოლარის ნაცვლად აღინიშნა ევროში. შეცდომა მექანიკური და არა მიზანმიმართული იყო, რის გამოც იგი არ უნდა ჩაითვალოს სამართალდარღვევად, მოსარჩელე არ დაეთანხმა აგრეთვე ქმედების განმეორებითად მიჩნევას.

შემოსავლების სამსახურის 08.07.09წ. ¹1956 ბრძანებით და საქართველოს ფინანასთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 12.08.09წ. ¹10/10657 გადაწყვეტილებით შპს “...” საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამარლოს 22.10.09წ. საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუადგმოლობა, საქმეში მოპასუხეებად ჩაებნენ შემოსავლების სამსახური და თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 03.11.09წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოსარჩელის მოთხოვნა იმ სადავო აქტების ბათილად ცნობის შესახებ, რომლითაც მოსარჩელეს დაეკისრა 500 ლარის ჯარიმა (კერძოდ ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის 14.04.09წ. ¹874 საბაჟო შეტყობინება, შემოსავლების სამსახურის 08.07.09წ. ¹195 ბრძანება და ფინანასთა სამინისტროს. ¹10/10657 გადაწყვეტილება) არ დაკმაყოფილდა; სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციული აქტების, კერძოდ ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის 10.04.09წ. ¹874 საბაჟო შტყობინება განმეორებით ჩადენილი სარათალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის ნაწილში, კერძოდ – 6131,50. ლ. და მის საფუძველზე გამოყენებული ადმინისტრაციული აქტები – შემოსავლების სამსახურის 08.07.09წ. ¹1959 ბრძანება და სამინისტროს 09წ. ¹10/10657 გადაწყვეტილება ბათლიად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მსჯელობა იმის შესახებ, რომ მექანიკური შეცდომა არ ჩაითვლება სამართალდარღვევად. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედება გამოიხატა იმაში, რომ საბაჟო დეკლარაციაში საბაჟო ღირებულების გრაფაში ევროს ნაცვლად მოსარჩელის მიერ დოლარი იქნა მითითებული. აღნიშნულის სწორად მითითება საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით მოსარჩელის ვალდებულება იყო.

რაც შეეხება სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენას, სასამართლომ აღნიშნა, რომ პირისათვის სახდელის დადება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ კი გამოვლენილი გადაცდომა ჩადენილია მას შემდეგ, რაც იმავე სამართალდამრღვევმა გარკვეული დროით ადრე ჩაიდინა ამავე სახის გადაცდომა და ამ უკანასკნელის გამო ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა სამართალდამრღვევის მიმართ სანქცია-ჯარიმა. საბაჟო კოდექსის 233-ე მუხლის თანამხმად, პირს არ შეიძლება განმეორებით დაეკისროს პასუხისმგებლობა ერთი და იმავე საბაჟო სამართალდარღვევისათვის, საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებითად ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში, რასაც განსახილველ შემთვევაში ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან ორივე ოქმი - ¹002327 და 002349 ერთი და იმავე დღესაა შედგენილი – 17.03.09წ., მოსარჩელის მიერ 13.03.09წ. წარდგენილი სატვირთო საბაჟო დეკლარაციების (¹ჩ13490 და ¹ჩ13493) საფუძველზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ფინანასთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის და თბილისის რეგიონალური ცენტრის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 25.02.10წ. გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის 14.04.09წ. ¹874 საბაჟო შეტყობინება – განმეორებით ჩადენილი სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის ნაწილში, კერძოდ – 5631,50 ლარის და მის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტები – შემოსავლების სამსახურის 08.07.09წ. ¹1956 ბრძანება და სამინისტროს 09წ. ¹10/10657 გადაწყვეტილება. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 500 ლარის ჯარიმის ნაწილში აქტების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებები ¹002327 ოქმში მითითებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ არ არსებობს ამ ოქმის საფუძველზე გამოცემული სადავო აქტების ბათილად ცნობა 500 ლარის ჯარიმის ნაწილში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოყვანილი მოსაზრება სამართალდარღვევის განმეორებითად მიჩნევის პირობასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება საბაჟო კოდექსის 233.4 მუხლს, რომლის მიხედვით საბაჟო სამართალდარღვევის განმეორებითად ჩადენის მიჩნევისათვის უნდა არსებობდეს იგივე ქმედება ჩადენილი სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში, ხოლო სამართალდარღვევის გამოვლენაში პალატის აზრით არ მოიაზრება სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაბამისი სანქციის განსაზღვრის შემდგომ ჩადენილი ქმედება. პალატამ უდავოდ დადგენილ გარემოებად მიიჩნია ოქმებში აღწერილი გადაცდომების ჩადენა, ამასთანავე პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს უნდა მოეხდინათ ფაქტის სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება, კერძოდ სახეზე იყო არა განმეორებითობა, არამედ პირველი და მეორე სამართალდარღვევა, რამდენადაც არ დგინდება ამ სამართალდარღვევის ზუსტი დრო. სამართალდარღვევის განმეორებისათვის არსებითი იყო ოქმებზე შევსების მოქმედების დაწყების დრო და დასრულების დრო, სამართალდარღვევებს შორის გონივრული ვადის გასვლა. მოცემულ შემთვევაში, პალატის აზრით, გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი ერთი სახის სხვადასხვა ქმედება, რის გამოც მას უნდა დაკისრებოდა საბაჟო კოდექსის 250-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხსიმგებლობის ზომა თითეული ქმედებისათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ. კასატორები თვლიან, რომ საბაჟო კანონმდებლობა სამართალდარღვევის განმეორებითობას უკავშირებს არაკონკრეტული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებას, არამედ სამართალდარღვევის გამოვლენას. კოდექსის 233-ე მუხლის მიხედვით საბაჟო სამართალდარღვევისათვის პირს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლით და წესით, 233-ე მუხლის თანახმად სამართალდარღვევა განმეორებითად მიიცნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. საბაჟო სამართალდარღვევის საფუძვლები და წესი რეგულირდება საბაჟო კანონმდებლობით და იგი სხვა სახის სამართალდარღვევებისაგან განსხვავებულადაა მოწესრიგებული. საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლი, რომელიც ადგენდა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის წესს, არ ავალდებულებდა ოქმის შემდგენს ოქმის შედგენის დროს - საათის მითითებას. დროის ინტერვალს ადასტურებს ოქმებზე და დეკლარაციებზე არსებული ნუმერაცია. საბაჟო დეკლარაციის შევსება ნიშნავს კოდექსით გათვალისწინებული ერთ-ერთი პროცედურის დასრულებას, ორი სხვადასვა დეკლარაციის შევსება განიხილება ორი ქმედების განხორციელებად, ქმედებებს შორის 12 თვიანი ვადა არ გასულა, არსებობდა საბაჟო კოდექსის 250-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციების შეფარდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 13.03.09წ. შპს “...” კუთვნილ ტვირთზე, საბაჟო დამუშავების ოპერაციების სამმართველოში წარდგენილ იქნა სატვირთო საბაჟო დეკლარაციები ¹ჩ 13493 და ¹ჩ 13490, რაზეც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თბილისის რეგიონალური ცენტრის მიერ 17.03.09წ. შპს “...” მიმართ, რომელიც ტვირთის მეპატრონეს უწევდა ირიბ წარმომადგენლობას, შედგენილ იქნა სამართალდარღვევის ოქმები. შპს “...” 13.03.09წ. ¹ჩ 13493 და ¹ჩ 13490 დეკლარაციებში საბაჟო ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემების შეტანის გამო, რომელმაც გამოიწვია საბაჟო ღირებულების ცვლილება, მაგრამ არ შემცირებულა საბაჟო გადასახადი, საქართველოს საბაჟო კოდექსის 250-ე მუხლის I და II ნაწილის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა ¹ჩ 13490 დეკლარაციაზე 500 ლარის, ხოლო ¹ჩ 13493 დეკლარაციაზე 6131,50 ლარის ოდენობით. თბილისის რეგიონალური ცენტრის მიერ 14.04.09წ. გაიცა ¹874 საბაჟო შეტყობინება შპს “...” 6631,50 ლარის გადასახდელად დაკისრების თაობაზე. ¹002327 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შედგა ¹ჩ 13490 დეკლარაციაზე, სამართალდარღვევა მიჩნეულ იქნა პირველადად და საბაჟო კოდექსის 250 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მოსარჩელეს დაეკისრა ჯარიმა _ 500 ლარი; ¹002349 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შედგა ¹ჩ 13493 დეკლარაციაზე, რაც მიჩნეულ იქნა სამართალდარღვევის განმეორებად და მოსარჩელეს, საქონლის საერთო ფაქტიური ღირებულების გათვალისწინებით, საბაჟო კოდექსის 250 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა _ 6131,50 ლარის ოდენობით.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ¹002327 და ¹002349 ოქმებში აღწერილი გადაცდომების ჩადენას ადგილი ჰქონდა, ამასთანავე პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ განმეორებით ჩადენილი სამართალდარღვევისათვის სახდელის დადება იმ შემთვევაშია შესაძლებელი თუკი პირს მანამდე ჩადენილი აქვს ანალოგიური სამართალდარღვევა და ამ უკანასკნელის გამო ადმინისტრაციულ ორგანოს უკვე გამოყენებული აქვს სამართალდამრღვევის მიმართ სანქცია – ჯარიმა. საბაჟო კოდექსის 233.4 მუხლზე მითითებით პალატამ აღნიშნა, რომ სამართალდარღვევის განმეორებითად ჩადენის მიჩნევისათვის უნდა არსებობდეს იგივე ქმედება ჩადენილი სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში, პალატის აზრით გამოვლენაში არ მოიაზრება სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაბამისი სანქციის განსაზღვრის შემდგომ ჩადენილი ქმედება, ვინაიდან ერთი სახის დარღვევა შეიძლება განხორციელდეს ერთ დღეს, დროის გონივრულ შუალედში. ამასთანავე, რამდენადაც სამართალდარღვევის ჩადენის ზუსტი დრო არ დგინდება, პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო არა სამართალდარღვევის განმეორებითობა, არამედ პირველი და მეორე სამართალდარღვევა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 25.07.06წ. საბაჟო კოდექსის 250-ე მუხლის პირველი ნაწილი, სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით, საბაჟო დეკლარაციაში საბაჟო ღირებულების თაობაზე არასწორი მონაცემების შეტანისათვის, რომელიც შედეგად იწვევდა საბაჟო ღირებულების შემცირებას ან გაზრდას და ამასთანავე არ იყო დაკავშირებული საბაჟო გადასახადელების ოდენობის შემცირებასთან, ითვალისწინებდა ჯარიმას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ საბაჟო ღირებულებასა და შემცირებულ ან გაზრდილ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 10%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით იწვევს პირის დაჯარიმებას სხვაობის თანხის 20%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული, გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობრივი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ გამომდინარეობს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოყვანილი არგუმენტაციიდან. სააპელაციო პალატამ 13.03.09წ. ¹ჩ 13493 სატვირთო-საბაჟო დეკლარაციაში მითითებული თანხის არასწორი ჩვენება მიიჩნევა ქრონოლოგიურად მეორედ ჩადენილ პირველად სამართალდარღვევად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამართალდარღვევის ზუსტი დროის დაუდგენლობის გამო, სახეზე არა სამართალდარღვევის განმეორებითობა, არამედ პირველი და მეორე სამართალდარღვევა, რომლისთვისაც მოსარჩელეს 250-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია უნდა დაკისრებოდა.საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საბაჟო კოდექსის 250-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებდა არასწორი მონაცემების შეტანისათვის დაჯარიმებას საბაჟო ღირებულებისა და შემცირებული ან გაზრდილი საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 10%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ დეკლარაციებში სხვადასხვა პარტიის სხვადასხვა ღირებულების საქონელია მითითებული, კერძოდ ¹ჩ 13490 ოქმში 2109.08, ხოლო 13.03.09წ. ¹ჩ 13493 სატვირთო-საბაჟო დეკლარაციაში საქონლის ფაქტობრივი ღირებულების გრაფაში 66043.73 ევროა მითითებული. სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება არ შეიცავს მსჯელობას საბაჟო კოდექსის 250-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საქონლის საბაჟო ღირებულებასა და გაზრდილ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის 10% გამოანგარიშების თაობაზე, რისთვისაც სასამართლოს უნდა დაედგინა დეკლარაციის წარდგენის დღეს - 13.03.09წ. ეროვნული ბანკის მიერ ევროსა და აშშ დოლარის კურსი ლართან მიმართებაში და მათ შორის სხვაობიდან უნდა გაეანგარიშებინა საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმა. ნებისმიერ შემთვევაში საჯარიმო თანხა არ არის გაანგარიშებული სადავო პერიოდში მოქმედი საბაჟო კოდექსის 250-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ 13.03.09წ. ¹ჩ 13493 სატვირთო-საბაჟო დეკლარაციაში საქონლის საბაჟო ღირებულებასა და გაზრდილ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის 10% აღემატება სააპელაციო სასამართლოს მიერ ხსენებული ნორმის საფუძველზე განსაზღვრული 500 ლარის ოდენობას (3065.5ლ.). ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ჯარიმის ოდენობა არ გამომდინარეობს 250-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარიმო სანქციიდან.

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა ოქმებში მითითებულ სამართალდარღვევებს, ანუ არა ერთ, არამედ რამოდენიმე სამართალდარღვევას და აღნიშნავს, რომ საბაჟო კოდექსის 233.4 მუხლში მითითებული სამართალდარღვევის გამოვლენაში არ მოიაზრება სამართალდარღვევისათვის სანქციის დაკისრების შემდგომ სამართალდარღვევის ჩადენა, ანუ კვალიფიციური ნიშანი – განმეორებითობა სააპელაციო პალატის აზრით უკავშირდება არა სანქციის შეფარდებას, არამედ სამართალდარღვევის გამოვლენას. აღნიშნულის მიუხედავად პალატა ასკვნის, რომ სახეზეა არა განმეორებითობა, არამედ პირველი და მეორე სამართალდარღვევა, რამდენადაც არ დგინდება ამ სამართალდარღვევის ჩადენის ზუსტი დრო. იმის გათვალისწინებით, რომ საბაჟო კოდექსის 233.4 მუხლი საბაჟო სამართალდარღვევას განმეორებითად ჩადენილად მიიჩნევდა, თუ იგივე ქმედება სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაშია ჩადენილი, ამასთანავე ოქმების და დეკლარაციების ნუმერაციიდან გამომდინარე უდავოა ქმედების რიგითობა, აგრეთვე ის რომ ხსენებული ვადა გაცდენილი არ არის, სააპელაციო პალატის დასკვნა არის წინააღმდეგობრივი. საბაჟო კოდექსის 235.4 მუხლი ითვალისწინებდა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში თარიღის და არა მისი შედგენის ზუსტი დროის მითითებას, ამასთანავე გაურკვეველია აგრეთვე სამართალდარღვევებს შორის გონივრულ ვადაში დროის რა პერიოდი იგულისხმა პალატამ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, დავის კანონიერი გადაწყვეტა საჭიროებს საქმის გარემოებების დამატებით გამოკვლევას, ამდენად. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.02.10წ. გადაწყვეტილების ის ნაწილი (მე-4 პუნქტი), რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი განმეორებით ჩადენილი სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის – 5631,50 ლარის ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 14.04.09წ. ¹874 საბაჟო შეტყობინება, მის საფუძვლეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტები (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსვლების სამსახურის 08.07.09წ. ¹1956 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 12.08.09წ. ¹10/10657 გადაწყვეტილება) და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.