Facebook Twitter

ბს-1558-1487(კ-09) 7 ივლისი 2010წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სსხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი – გ. ილინა

კასატორი (მოსარჩელე) – დ. მ-შვილი, წარმომადგენელი ზ. თ-შვილი (რწმუნებულება 15.08.07წ., ¹1-2535)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, წარმომადგენელი ვ. გ-შვილი (რწმუნებულება 18.02.09წ. ¹8/975)

დავის საგანი – სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.09წ. გადაწყვეტილება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. მ-შვილმა 03.05.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ დავალიანების _3631,35 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში, რაც 6391,8 ლარს შეადგენს, დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 11.01.2000წ. ¹23 ბრძანების საფუძველზე, 2000 წლის 16 იანვრიდან 2001 წლის 02 აგვისტომდე იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში შვეულმფრენის მფრინავის კურსებზე, რასთან დაკავშირებითაც უნდა მომხდარიყო სამივლინებო და სხვა სახის ხარჯების ანაზღაურება. საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის 29.09.06წლის ¹1641 წერილით სამივლინებო პერიოდი იყო 563 დღე. ხარჯებმა შეადგინა 3631.35 აშშ დოლარი. დ. მ-შვილის არაერთ მოთხოვნას, დავალიანების დაფარვის შესახებ, არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.03.08წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე დ. მ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 3631.35 აშშ დოლარის ექვივალენტი 6391.8 (ექვსი ათას სამას ოთხმოცდათერთმეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.03.08წ. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.08წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.03.08წ. გადაწყვეტილება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას, რომლითაც თბილისის სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 18.02.09წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.08წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საჰაერო ძალების სარდლის მოვალეობის შემსრულებლის 29.09.06წ. ¹1641 წერილის თანახმად, სამივლინებო თანხა, საქართველოს პრეზიდენტის 04.04.98წ. ¹220 ბრძანებულების მე-2 დანართის საფუძველზე, შეადგენს 3631,35 აშშ დოლარს, კურსით 6391,8 ლარი. საქმის მასალებით არ ირკვევოდა კონკრეტულად რა სახის ხარჯებმა შეადგინა აღნიშნული თანხა. სამივლინებო თანხა მოიცავს მგზავრობის, განთავსების, სადღეღამისო (მათ შორის კვების) ხარჯებს, მოცემულ შემთხვევაში არ იყო დადგენილი თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრებული თანხა, რომელ კომპონენტს განეკუთვნებოდა. საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დ. მ-შვილის შემთხვევაში ხარჯები გაიღო მიმღებმა სახელმწიფომ. საქმეში არსებული (ს.ფ. 144) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის 30.10.08წ. ¹12/1556 წერილის მიხედვით, დ. მ-შვილი აშშ-ის მხრიდან დაფინანსდა მგზავრობის, განთავსებისა და კვების ხარჯებით. საქმეში არ მოიპოვება პირადად დ. მ-შვილის მიერ ხარჯების გაწევის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 02.03.07წ. ¹9/602 წერილში მითითება, იმის შესახებ, რომ დაფინანსების წყაროს არსებობის შემთხვევაში, მოხდება მივლინების ანაზღაურების საკითხის განხილვა, წარმოადგენს აღიარებას. სასკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ცნოს სარჩელი იმ შემთხვევაში, თუ ცნობა არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამდენად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათიდან გამომდინარე, მოთხოვნის ცნობა არ გამორიცხავს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის თავდაცვის სამინისტროსათვის გადახდის უპირობო დაკისრებას, სამივლინებო თანხის ანაზღაურებისას საქართველოს პრეზიდენტის 04.04.98წ. ¹220 ბრძანებულებით დადგენილი წესის დაცვის შემოწმებას. ამდენად, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ იყო საკმარისად დასაბუთებული (სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტი), რაც საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნიდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.09წ. გადაწყვეტილებით აპელანტ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.03.08წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. მ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის 30.10.08წ. ¹12/1556 წერილის თანახმად, დ. მ-შვილი აშშ-ის მხრიდან დაფინანსდა მგზავრობის, განთავსებისა და კვების ხარჯებით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საჰაერო ძალების სარდლის მოვალეობის შემსრულებლის 29.09.06წ. ¹1641 წერილის თანახმად, სამივლინებო თანხა, საქართველოს პრეზიდენტის 04.04.98წ. ¹220 ბრძანებულების მე-2 პუნქტის დანართის საფუძველზე შეადგენს 3631.35 აშშ დოლარს, კურსით 6391,8 ლარი. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე წარდგენილი ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სამხედრო ოლქის თავდაცვისა და თანამშრომელთა განყოფილების შტაბის “IMEთ” პროგრამის კოორდინატორის პ. შ-შვილის 05.06.09წ. წერილით ირკვევა, რომ დ. მ-შვილი ესწრებოდა ტრენინგებს ამერიკის შეერთებულ შტატებში “UH-1H” კურსისა და “IMEთ” პროგრამების ფარგლებში, მათ ყოველდღიურად უნაზღაურდებოდათ საკვები, საცხოვრებელი ადგილი და სხვა ხარჯები. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 24.07.09წ. ¹9/3121 წერილის თანახმად, დ. მ-შვილის სამივლინებო თანხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაკრედიტებული და შესაბამისად ვალად აღიარებული არა აქვს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარი შტაბის უფროსის 10.07.09წ. ¹2162 წერილით დ. მ-შვილს ეცნობა, რომ სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელობის 09.06.09წ. ¹1821 და 09.09.06წ. ¹1641 წერილებში აღნიშნული მითითება საქართველოს პრეზიდენტის 04.04.98წ. ¹220 ბრძანებულების ¹2 დანართის საფუძველზე თანხის ანაზღაურების თაობაზე ექვემდებარება კორექტირებას და თანხა სამინისტროს მიერ არ ანაზღაურდება. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 11.01.2000წ. ¹23 ბრძანების საფუძველზე, დ. მ-შვილი 2000 წლის 16 იანვრიდან 2001 წლის 2 აგვისტომდე წარგზავნილ იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში პროფესიული გადამზადების კურსებზე და მიმღები მხარის მიერ დაფინანსდა მგავრობის, განთავსების, კვებისა და სხვა ხარჯებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.09წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-შვილმა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის 29.09.06წ. ¹1641 წერილის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის 04.04.98წ. ¹220 ბრძანებულების მე-2 დანართის შესაბამისად, მისაღები ქონდა 3631,55 აშშ დოლარი, კურსით – 6391,8 ლარი. აღნიშნული ცნობის საფუძველზე მან რამდენჯერმე მიმართა თავდაცვის სამინისტროს ფინანსთა მართვის დეპარტამენტს, რომელმაც ფულადი ვალდებულების არსებობა აღიარა, თუმცა თანხის გადახდაზე უარი განაცხადა მთავრობის მხრიდან სათანადო დაფინანსების არარსებობის გამო. საკასაციო სასამართლოს მითითების თანახმად სააპელაციო პალატას უნდა დაედგინა თუ ვის მიერ იქნა გაწეული სამივლინებო ხარჯები და რა სახის ხარჯებმა შეადგინა მოსარჩელის მოთხოვნილი თანხა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთასორისო ურთიერთობის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის 30.10.08წ. ¹1211656 წერილით ირკვევა, რომ აშშ-ს მიერ დაფინანსთა მგზავრობის, განთავსების და კვების ხარჯები. აღნიშნული წერილით ირკვევა, რომ დ. მ-შვილის ყოველდღიური ხარჯი არ დაფინანსებულა მიმღები მხარის მიერ, რომლის გარკვევასაც ითხოვდა საკასაციო სასამართლო. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ საქართველოს პრეზიდენტის 04.04.98წ. ¹220 ბრძანებულების იგნორირებით უარი უთხრა მოთხოვნის და დაკმაყოფილებაზე, ბრძანებულების ¹2 დანართის მე-6 პუნქტის მიხედვით კასატორს უნდა მიეღო ყოველდღიური ხარჯის სახით ბრძანებულების ¹1 დანართით დადგენილი დღიური ნორმის 15%, რამაც 563 დღეზე გაანგარიშებით 3631,35 აშშ დოლარს ანუ 6391,8 ლარს შეადგენს, რაც არაერთგზის იქნა აღიარებული თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალების სარდლის მიერ გაცემული ცნობებით. თავდაცვის სამინისტროს მიერ ვალის არსებობის აღიარება, სრულად ესადაგება საქართველოს პრეზიდენტის ¹220 ბრძანებულებით დადგენილ მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დ. მ-შვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 11.01.2000წ. ¹23 ბრძანების საფუძველზე, რომ 2000 წლის 16 იანვრიდან 2001 წლის 2 აგვისტომდე, სასწავლებლად იქნა წარგზავნილი აშშ-ში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის 30.10.08წ. ¹12/1556 წერილის თანახმად, დ. მ-შვილი აშშ-ის მხრიდან დაფინანსდა მგზავრობის, განთავსებისა და კვების ხარჯებით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საჰაერო ძალების სარდლის მოვალეობის შემსრულებლის 29.09.06წ. ¹1641 წერილის თანახმად, სამივლინებო თანხა, საქართველოს პრეზიდენტის 04.04.98წ. ¹220 ბრძანებულების მე-2 პუნქტის დანართის საფუძველზე შეადგენს 3631.35 აშშ დოლარს, შესაბამისი კურსით 6391,8 ლარს. ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სამხედრო ოლქის თავდაცვისა და თანამშრომელთა განყოფილების შტაბის “IMEთ” პროგრამის კოორდინატორის პ. შიშნიაშვილის 05.06.09წ. წერილის თანახმად დ. მ-შვილი ესწრებოდა ტრენინგებს ამერიკის შეერთებულ შტატებში “UH-1H” კურსისა და “IMEთ” პროგრამების ფარგლებში, მას ყოველდღიურად უნაზღაურდებოდა საკვები, საცხოვრებელი ადგილი და სხვა ხარჯები. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 24.07.09წ. ¹9/3121 წერილის თანახმად, დ. მ-შვილის სამივლინებო თანხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაკრედიტებული და შესაბამისად ვალად აღიარებული არა აქვს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარი შტაბის უფროსის 10.07.09წ. ¹2162 წერილით დ. მ-შვილს ეცნობა, რომ სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელობის 09.06.09წ. ¹1821 და 09.09.06წ. ¹1641 წერილებში აღნიშნული მითითება საქართველოს პრეზიდენტის 04.04.98წ. ¹220 ბრძანებულების ¹2 დანართის საფუძველზე თანხის ანაზღაურების თაობაზე ექვემდებარებოდა კორექტირებას და თანხა სამინისტროს მიერ ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა.

,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს აქვს სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 12.2 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს “...სამხედრო სწავლებაში მონაწილეობისას სამივლინებო ხარჯების გარდა მიეცემა ყოველდღიური ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით”. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 39-ე, 391 მუხლების მიხედვით უცხოეთში გრძელვადიან მივლინებად ითვლება მოსამსახურის გაგზავნა უცხო სახელმწიფოში ერთ თვეზე მეტი ვადით, უცხო სახელმწიფოში გრძელვადიან მივლინებაში მოსამსახურის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების და კომპენსაციის ოდენობა და პირობები, აგრეთვე ამასთან დაკავშირებული სხვა სოციალური გარანტიები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი. დ. მ-შვილის მივლინებაში ყოფნის პერიოდში (16.01.2000წ. – 02.08.01წ.) სამივლინებო თანხების ანაზღაურების წესს განსაზღვრავდა ,,მოსამსახურესათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 04.04.98წ. ¹220 ბრძანებულება, რომლის ¹2 დანართის (,,ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი”) მე-3 პუნქტის თანახმად, მუშაკებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინებისას დღიური ხარჯები უნაზღაურდებოდათ ამავე ბრძანებულების ¹3 დანართის მიხედვით საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულებათა მუშაკებისათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც ეს დაწესებულება მდებარეობს. დანართის მე-5 და მე-6 პუნქტების თანახმად კი, თუ მუშაკების მივლინებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმღები მხარე უზრუნველყოფს კვების ხარჯით, მაშინ მათ უნაზღაურდებათ მხოლოდ დღიური ნორმის 30 პროცენტი და ამ განკარგულების ¹4 დანართით გათვალისწინებული დანამატი. უცხოეთში მოსწავლეთა (სკოლის, უმაღლესი სასწავლებლის, სხვა სასწავლებლის) დელეგაციების გაგზავნისას, თუ მიმღები მხარე უზრუნველყოფს მხოლოდ კვებით, მაშინ მათ უნაზღაურდებათ დღიური ნორმის 15 პროცენტი. იმ შემთხვევაში, როდესაც სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებულ ყველა სახის ხარჯს სრულად იხდის მიმღები მხარე, მოსამსახურეს საქართველოს მხრიდან ანაზღაურება აღარ მიეცემა, ხოლო ხარჯების ნაწილობრივი დაფარვის შემთხვევაში, წარმგზავნი სახელმწიფო აანაზღაურებს დანაკლისს. სამივლინებო თანხა მოიცავს მგზავრობის, განთავსების, სადღეღამისო (მათ შორის კვების) ხარჯებს. ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სამხედრო ოლქის თავდაცვისა და თანამშრომელთა განყოფილების შტაბის “IMEთ” პროგრამის კოორდინატორის პ. შ-შვილის 05.06.09წ. წერილის თანახმად დ. მ-შვილი ესწრებოდა ტრენინგებს ამერიკის შეერთებულ შტატებში “UH-1H” კურსისა და “IMEთ” პროგრამების ფარგლებში, მას ყოველდღიურად უნაზღაურდებოდა საკვები, საცხოვრებელი ადგილი და სხვა ხარჯები. ამდენად, არ არსებობს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დღიური ნორმის 15 პროცენტის ანაზღაურების საფუძველი. მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს წერილით აღიარება. სასკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ცნოს სარჩელი იმ შემთხვევაში, თუ ცნობა არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამდენად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათიდან გამომდინარე, მოთხოვნის ცნობა არ განაპირობებს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის თავდაცვის სამინისტროსათვის გადახდის უპირობო დაკისრებას და არ გამორიცხავს სამივლინებო თანხის ანაზღაურებისას საქართველოს პრეზიდენტის 04.04.98წ. ¹220 ბრძანებულებით დადგენილი წესის დაცვის შემოწმებას. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აღიარება მის მიმართ ვალის არსებობის შესახებ ესადაგება საქართველოს პრეზიდენტის 04.04.98წ. ¹220 ბრძანებულებას, ვინაიდან საქმეზე დადგენილია, რომ დ. მ-შვილის მივლინებაში ყოფნისას მიმღები მხარის მიერ მთლიანად იქნა ანაზღაურებული სამივლინებო ხარჯები (მგზავრობის, განთავსების, კვების, დღიური ხარჯები).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21.09.09წ. გადაწყვეტილება;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.