Facebook Twitter

ბს-157-150(კ-10) 23 ივნისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ო. კ-იას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ო. კ-იამ 13.10.08წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ს. ჩ-ბას მიმართ, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 03.10.08წ. ¹05-04/9288 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა, მისი 08.09.08წ. საჩივრის დაუკმაყოფილებლობის და აღნიშნულთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის 29.08.08წ. ¹2042 ბრძანების ძალაში დატოვების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.11.08წ. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთის“ 08.01.08წ. ¹4157 და 19.06.08წ. ¹860 საბაჟო შეტყობინებების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 29.08.08წ. ¹2042 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 03.10.08წ. ¹05-04/9288 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმეში მოპასუხეებად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ჩართვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებით, საქმეში მოპასუხეებად ჩაბმულ იქნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია). საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამოირიცხა მოპასუხეთა სიიდან და საქმეში ჩართული იქნა მესამე პირად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის 23.01.09წ. განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული ო. კ-იას სარჩელი მოპასუხე ს. ჩ-ბას მიმართ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ. განიმარტა განჩინების გასაჩივრების წესი და ვადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის 09.03.09წ. განჩინებით ო. კ-იას მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო –,,აღმოსავლეთი”-ს 08.01.08წ. ¹4157 საბაჟო შეტყობინების ბათილად ცნობის ნაწილში ცნობილი იქნა დაუშვებლად და ამ ნაწილში ადმინისტრაციულ საქმეზე შეწყდა წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.03.09წ. გადაწყვეტილებით ო. კ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ო. კ-იას მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩა უცვლელი. განიმარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.03.09წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო. კ-იამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.03.09წ. გადაწყვეტილება 16.04.09წ. სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. კ-იამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისრტაციულ საქმეთა პალატის 17.11.09წ. განჩინებით ო. კ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.11.09წ. განჩინებით ო. კ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისრტაციულ საქმეთა კოლეგიის 09.03.09წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.11.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. კ-იამ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. კ-იას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ო. კ-იას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. კ-იას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ო. კ-ია განთავისუფლებულ იქნეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.