¹ბს-157-155(კ-11) 14 აპრილი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 28 იანვარს ი. ს-მა, მ. ტ-მა, ნ. ფ-მა, ზ. დ-მა, ა. ჩ-მა, მ. ტ-მა, მ. ს-მა, მ. ა-მა, ი. დ-მა, ნ. ნ-მა, ს. ხ-მა, ო. ბ-მა, გ. ქ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელეებმა მიუღებელი ხელფასისა და საკომპენსაციო თანხების, კერძოდ, ი. ს-ის 2008 წლის 1 ივლისიდან 2009 წლის 20 ივლისამდე პერიოდის ხელფასის – 1770.32 ლარის და ორი თვის საკომპენსაციო თანხის – 207.2 ლარის, ს. ხ-ის 2008 წლის 1 ივლისიდან 2009 წლის 20 ივლისამდე პერიოდის ხელფასის – 695.48 ლარის, ო. ბ-ის 2008 წლის 1 ივლისიდან 2009 წლის 20 ივლისამდე პერიოდის ხელფასის _ 695.48 ლარის, გ. ქ-ის 2008 წლის 1 ივლისიდან 2009 წლის 20 ივლისამდე პერიოდის ხელფასის – 695.48 ლარის, ი. დ-ის 2008 წლის 1 ივლისიდან 2009 წლის 15 ივლისამდე პერიოდის ხელფასის – 252.9 ლარის და ორი თვის საკომპენსაციო თანხის – 29.6 ლარის, მ. ტ-ის ორი თვის საკომპენსაციო თანხის – 170.2 ლარის, ნ. ფ-ის ორი თვის საკომპენსაციო თანხის – 125.8 ლარის, ზ. დ-ის ორი თვის საკომპენსაციო თანხის – 125.8 ლარის, ა. ჩ-ის ორი თვის საკომპენსაციო თანხის – 155.4 ლარის, მ. ტ-ის ორი თვის საკომპენსაციო თანხის – 103.6 ლარის, მ. ს-ის ორი თვის საკომპენსაციო თანხის – 59.2 ლარის, მ. ა-ის ორი თვის საკომპენსაციო თანხის – 118.4 ლარის, ნ. ნ-ის ორი თვის საკომპენსაციო თანხის – 66.6 ლარის ანაზღაურება მოითხოვეს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 თებერვლის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქმეში ჩაება მოპასუხედ.
თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.
თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ს-ის, მ. ტ-ის, ნ. ფ-ის, ზ. დ-ის, ა. ჩ-ის, მ. ს-ის, მ. ა-ის, ი. დ-ის, ნ. ნ-ის, ს. ხ-ის, ო. ბ-ის, გ. ქ-ის სარჩელი მოპასუხე – გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; ი. ს-ის, მ. ტ-ის, ნ. ფ-ის, ზ. დ-ის, ა. ჩ-ის, მ. ს-ის, მ. ა-ის, ი. დ-ის, ნ. ნ-ის სარჩელი, მოპასუხე _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ საკომპენსაციო თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; ი. ს-ის სარჩელი მოპასუხე _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ი. ს-ის სასარგებლოდ 1520 ლარის გადახდა დაეკისრა; ი. დ-ის, ს. ხ-ის, ო. ბ-ის, გ. ქ-ის სარჩელი მოპასუხე _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ი. დ-ის სასარგებლოდ _ 180 ლარის, ს. ხ-ის სასარგებლოდ – 405 ლარის, ო. ბ-ის სასარგებლოდ – 405 ლარის, გ. ქ-ის სასარგებლოდ – 405 ლარის გადახდა დაეკისრა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება მოპასუხე _ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის სახელფასო დავალიანების დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 სექტემბრის განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის სახელფასო დავალიანების დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 3 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.