ბს-1581-1540(კ-10) 4 იანვარი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ო. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
2006 წლის 18 აგვისტოს ო. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის (ამჟამად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს) მიმართ.
მოსარჩელემ მოპასუხისათვის ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პენსიის დანიშნისა და გადაანგარიშების დავალდებულება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ო. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის განჩინებით ო. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით ო. ბ-ს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად რამდენი მხარეც იყო საქმეში და მისი საკასაციო საჩივრის ვადაში წარდგენის შესახებ მტკიცებულება, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით ვერ დგინდებოდა საკასაციო საჩივრის ვადაში წარდგენის ფაქტი.
2010 წლის 16 დეკემბერს ო. ბ-მა ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი და თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადებების ასლები, ხოლო საკასაციო საჩივრის ვადაში წარდგენის შესახებ მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია.
საკასაციო სასამართლო გაეცნო ო. ბ-ის საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ო. ბ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის განჩინების ასლი ჩაბარდა 2007 წლის 24 მარტს (ს.ფ. 55). შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორს საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა 2007 წლის 24 აპრილს 24 საათზე ამოეწურა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 2010 წლის 20 ოქტომბერს ო. ბ-ის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კასატორმა საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში საკასაციო საჩივრის წარდგენის 1 თვიანი ვადის დაცვით, კერძოდ, 2007 წლის 11 აპრილს შეიტანა, თუმცა გაურკვეველ მიზეზთა გამო საკასაციო საჩივრის საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადაგზავნა არ განხორციელებულა (ს.ფ. 58).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით ვერ დგინდება ო. ბ-ის მიერ საკასაციო საჩივრის ვადაში წარდგენის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის ¹3/7555 მომართვის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სექტორში 2007 წლის 24 მარტიდან 2007 წლის 24 მაისამდე შესული კორესპონდენციის აღრიცხვის ჟურნალში არ არის რეგისტრირებული ო. ბ-ის საკასაციო საჩივარი (ს.ფ. 82).
ამასთან, მიუხედავად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის ხარვეზის შესახებ განჩინებისა, ო. ბ-ის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ წარმოდგენილა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მის მიერ საკასაციო საჩივრის ვადაში შეტანის ფაქტს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ო. ბ-მა დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, რის გამოც საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ო. ბ-ის საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.