ბს-158-156(კ-კს-11) 14 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ დ. გ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველო, შპს “...”
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
დ. გ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გურჯაანის რაიონულ სამმართველოსა და შპს “...” მიმართ და მოითხოვა: 1) 2001 წლის 2 აგვისტოს აუქციონზე შეძენილ შპს “...” 1976 წელს აშენებულ ცენტრალურ საწყობზე საკუთრების უფლების აღიარება; 2) გურჯაანის ქონების მართვის სამმართველოს დავალდებულება, გადასცეს მოსარჩელეს 2001 წლის 2 აგვისტოს აუქციონზე შეძენილი ... ფერმა და ცენტრალური საწყობი; 3) კუთვნილი ქონების გადაუცემლობის გამო მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის - 10000 აშშ დოლარის ანაზღაურება მოპასუხეთა მიერ.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ცნობილ იქნა დ. გ-შვილის საკუთრების უფლება 2001 წლის 2 აგვისტოს აუქციონზე შეძენილ შპს “...” 1976 წელს აშენებულ ცენტრალურ საწყობზე; სახელმწიფო ქონების მართვის გურჯაანის სამმართველოს დაევალა დ. გ-შვილისათვის აუქციონზე შეძენილი ... ფერმისა და ცენტრალური საწყობის გადაცემა; დ. გ-შვილის მოთხოვნა მატერიალური და მორალური ზინის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს “...” და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გურჯაანის რაიონული სამმართველოს მიერ. ამასთან, აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე დ. გ-შვილის მიერ წარდგენილ იქნა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო მოთხოვნა.
2005 წლის 15 მარტის სააპელაციო სასამართლოს წერილობითი განცხადებით მიმართა აპელანტმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გურჯაანის რაიონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 31 მარტის საოქმო განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გურჯაანის რაიონის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სააპელაციო საჩივარზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; დ. გ-შვილის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დ. გ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა დ. გ-შვილის განცხადება; გაუქმდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 22 თბერვლის გადაწყვეტილებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 22 თბერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა დ. გ-შვილის სარჩელი და ცნობილ იქნა დ. გ-შვილის საკუთრების უფლება 2001 წლის 2 აგვისტოს შეძენილ შპს “...” 1976 წელს აშენებულ ცენტრალურ საწყობზე და სახელმწიფო ქონების მართვის გურჯაანის სამმართველოს დაევალა დ. გ-შვილისათვის აუქციონზე შეძენილი ... ფერმისა და ცენტრალური საწყობის გადაცემა. გადაწყვეტილება ასევე გაუქმდა იმ ნაწილშიც, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დ. გ-შვილის სარჩელის მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ; შეწყდა საქმის წარმოება დ. გ-შვილის სარჩელზე 2001 წლის 2 აგვისტოს აუქციონზე შეძენილ შპს “...” 1976 წელს აშენებულ ცენტრალურ საწყობზე საკუთრების უფლების ცნობისა და სახელმწიფო ქონების მართვის გურჯაანის სამმართველოსათვის აუქციონზე შეძენილი ქონების - ... ფერმისა და ცენტრალური საწყობის გადაცემის დავალების თაობაზე, დავის საგნის არარსებობის გამო; შეწყდა საქმის წარმოება დ. გ-შვილის სარჩელზე ქონების გადაუცემლობით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა დ. გ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა მის მიერ შედგენილი სასამართლო სხდომის ოქმში არსებული ჩანაწერების საფუძველზე, რომელიც გაკეთებულ იქნა მხარეთა მიერ ზეპირი ახსნა-განმარტებების მიხედვით. კერძოდ, იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა სარჩელზე და შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მას უარი არ განუცხადებია სარჩელზე და იმ მოთხოვნებზე, რომელსაც ითხოვდა შეგებებული სააპელაციო საჩივრით. საქმეში არ არსებობს არანაირი წერილობითი მტკიცებულება სარჩელზე და შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ. მან არა თუ უარი თქვა სარჩელზე, არამედ არაერთგზის მიმართა სასამართლოს, რომელიც აჭიანურებდა საქმის განხილვას და ითხოვდა საქმის განხილვის დაჩქარებას. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, იგი გაეცნო სხდომის ოქმს და მოითხოვა მასში შესწორების შეტანა. ამასთან, რამდენადაც სარჩელის შეტანა სასამართლოში ხდება წერილობითი ფორმით, მასზე უარის თქმაც შესაბამისად, დადასტურებული უნდა იყოს წერილობითი ფორმით. კერძო საჩივრის ავტორმა უარი განაცხადა მხოლოდ ერთ მოთხოვნაზე, რომელიც შეეხებოდა მორალური ზიანის ანაზღაურებას, ხოლო დანარჩენ მოთხოვნებზე მას უარი არ განუცხადებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ. გ-შვილის კერძო საჩივარი, არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარში მითითებულ საპროცესო დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლების შესაბამისად მისი გაუქმებისა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაზეც კერძო საჩივრის ავტორს არ წამოუყენებია დასაბუთებული პრეტენზია, კერძოდ:
საქმის მასალების მიხედვით, დ. გ-შვილის სასაჩელო მოთხოვანს წარმოადგენდა: 1) 2001 წლის 2 აგვისტოს აუქციონზე შეძენილ შპს “...” 1976 წელს აშენებულ ცენტრალურ საწყობზე საკუთრების უფლების აღიარება; 2) გურჯაანის ქონების მართვის სამმართველოს დავალდებულება, გადასცეს მოსარჩელეს 2001 წლის 2 აგვისტოს აუქციონზე შეძენილი ... ფერმა და ცენტრალური საწყობი; 3) კუთვნილი ქონების გადაუცემლობის გამო მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის - 10000 აშშ დოლარის ანაზღაურება მოპასუხეთა მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 ოქტომბრის სხდომის ოქმის თანახმად, მოსარჩელე _ დ. გ-შვილმა უარი განაცხადა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილზე, კერძოდ, აუქციონზე შეძენილი ქონების მესაკუთრედ ცნობასა და ამ ქონების გადაცემის შესახებ მოთხოვნის ნაწილში, ასევე უარი განაცხადა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე და მოითხოვა მხოლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება /იხ.ს.ფ. 96/. აღნიშნულ სხდომის ოქმზე შენიშვნები შეიტანა დ. გ-შვილმა, რომელშიც აღნიშნა, რომ მას მსგავსი შინაარსის განცხადება 2010 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე არ გაუკეთებია და შესაბამისად, ოქმში არასწორი მონაცემები იქნა შეყვანილი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, სასამართლომ არ გაიზიარა დ. გ-შვილის შენიშვნები სხდომის ოქმთან დაკავშირებით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 22 თბერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა დ. გ-შვილის სარჩელი და ცნობილ იქნა დ. გ-შვილის საკუთრების უფლება 2001 წლის 2 აგვისტოს შეძენილ შპს “...” 1976 წელს აშენებულ ცენტრალურ საწყობზე და სახელმწიფო ქონების მართვის გურჯაანის სამმართველოს დაევალა დ. გ-შვილისათვის აუქციონზე შეძენილი ... ფერმისა და ცენტრალური საწყობის გადაცემა. გადაწყვეტილება ასევე გაუქმდა იმ ნაწილშიც, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დ. გ-შვილის სარჩელის მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ; შეწყდა საქმის წარმოება დ. გ-შვილის სარჩელზე 2001 წლის 2 აგვისტოს აუქციონზე შეძენილ შპს “...” 1976 წელს აშენებულ ცენტრალურ საწყობზე საკუთრების უფლების ცნობისა და სახელმწიფო ქონების მართვის გურჯაანის სამმართველოსათვის აუქციონზე შეძენილი ქონების - ... ფერმისა და ცენტრალური საწყობის გადაცემის დავალების თაობაზე, დავის საგნის არარსებობის გამო; შეწყდა საქმის წარმოება დ. გ-შვილის სარჩელზე ქონების გადაუცემლობით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.
საკასაციო საასმართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მის მიერ არ მომხდარა სასამართლო სხდომაზე უარის თქმა სასარჩელო მოთხოვნაზე, რომ საქმეში არ არსებობს არანაირი წერილობითი მტკიცებულება სარჩელზე და შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის საფუძველზე განმარტავს, რომ სარჩელზე უარის თქმის თაობაზე არსებული მტკიცებულება შეიძლება იყოს: წერილობითი და ზეპირი. წერილობითი სახის მტკიცებულებები დაერთვის საქმეს, ხოლო ზეპირი სახის მტკიცებულებები შეიტანება სხდომის ოქმში. სხდომის ოქმი, თავის მხრივ მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, რამდენადაც, მხარეთა ზეპირი სახის ახსნა-განმარტება, აღიარება, ან გარკვეული სახის უარყოფა ფაქტებისა თუ მტკიცებულებისა, სხდომის ოქმში უნდა იქნეს შეტანილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს თითოეული სხდომის შესახებ, აგრეთვე სხდომის გარეშე შესრულებული თითოეული საპროცესო მოქმედების შესახებ, რომელშიც მონაწილეობენ მხარეები, მათი, წარმომადგენლები, მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები, ოქმის შედგენა სავალდებულოა. ამავე კოდექსის 288-290 მუხლებში ჩამოყალიბებული ის პირობები, თუ რას უნდა შეიცავდეს სხდომის ოქმი, მისი შედგენის წესი, მასზე შენიშვნებისა და ცვლილებების შეტანის წესი.
ამდენად, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის საოქმო განჩინებაზე, დ. გ-შვილის მიერ წარდგენილი შენიშვნები, არ არსებობს მითითებულ სხდომის ოქმში დ. გ-შვილის მიერ სარჩელზე ნაწილობრივ უარის თქმის თაობაზე ფაქტზე ეჭვის შეტანის არც პროცესუალური და არც სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს, მოპასუხე მხარეს და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. დისპოზიციურობის პრინციპი ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია საპროცესო სამართალში, რაც ნების ავტონომიიდან გამომდინარეობს და თავის მხრივ, გულისხმობს, რომ მხარეები თავისუფალნი არიან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო შეზღუდულია დისპოზიციურობის პრინციპით, რის გამოც, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
საკასაციო სასამართლო დასკვნის სახით განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობთ გათვალისწინებული და მხარეთა გარანტირებული შესაძლებლობა, თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამასთან, დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მხარის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილზე უარის თქმა.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ვინაიდან არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმში მითითებულ გარემოებაზე (სასარჩელო მოთხოვნის ნაწილზე უარის თქმის თაობაზე) ეჭვის შეტანის საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. გ-შვილის კერძო საჩივარი არ შეიცავს იმ წანამძღვრებს, რომელიც შესაძლებელია საფუძვლად დაედოს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421.1, 422-427-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. გ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.