Facebook Twitter

¹ბს-1588-1547(კ-10) 13 აპრილი, 2011წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი

კასატორი (მოსარჩელე) – გ. ღ-ა, წარმომადგენელი დ. გ-ე (რწმუნებულება 28.01.2010წ., ¹100067181)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს კონტროლის პალატა, წარმომადგენელი ნ. წ-ი (მინდობილობა 25.04.2011წ., ¹25/02)

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.10წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ღ-ამ 24.02.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის მისი კუთვნილი ხელფასის 1189,86 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში. მოპასუხე ორგანიზაციას გააჩნდა მის მიმართ სახელფასო დავალიანება, რომელიც შეადგენს 1189,86 ლარს, რომლის ანაზღაურებაზეც უარს აცხადებს მოპასუხე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.03.10წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ. ღ-ას სასარჩელო განცხადება მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატას მოსარჩელე გ. ღ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999-2000 და 2003 წლების ხელზე გასაცემი სახელფასო (გარდა პრემიის და სამკურნალო დახმარებისა) დავალიანების ანაზღაურება, სულ _ 24.66 ლარის ოდენობით, მოსარჩელე გ. ღ-ას უარი ეთქვა მოპასუხე _ საქართველოს კონტროლის პალატისათვის 1998-1999-2000 წლების პრემიის და სამკურნალო დახმარების ანაზღაურებაზე – 465.20 ლარის ოდენობით, ხანდაზმულობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ღ-ამ და საქართველოს კონტროლის პალატამ.

მოსარჩელისათვის 1998-2000 წლების პრემიის და მატერიალური დახმარების, რაც შეადგენს _ 465,20 ლარს, ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად სასამართლომ მიიჩნია სარჩელის ხანდაზმულობა და მიუთითა, რომ პრემია და მატერიალური დახმარება წარმოადგენს მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამასთან, ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახეებისგან, კერძოდ პრემიისაგან და მატერიალური დახმარებისაგან, რაც განსხვავებულადაა მოწესრიგებული «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341 მუხლში. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს კონტროლის პალატის 16.02.10წ. ¹102/04 და 05.03.10წ. ¹18/08 წერილები განხილული რომ იყოს ამ ორგანოს მიერ ვალის აღიარებად, მათში პირდაპირ, ნათლად და გარკვევით უნდა იყოს გამოხატული ადმინისტრაციული ორგანოს ნება ვალის გადახდის თაობაზე. ამასთან, ისინი აუცილებლად უნდა შეიცავდნენ ამავე ორგანოს მხრიდან ვალის გადახდის დაპირების ელემენტს. მოცემულ შემთხვევაში წერილები არ შეიცავენ ზემოთ აღნიშნულ არცერთ ელემენტს, მათში მხოლოდ მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული ინფორმაციული მონაცემებია დაფიქსირებული სახელფასო დავალიანების არსებობის შესახებ. რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელფასის თანხების დავალიანების აუნაზღაურებლობას, სასამართლო კოლეგიის მოსაზრებით აღნიშნული ეწინააღმდეგება სამართლის ზოგად პრინციპებს – სამართალურთიერთობის სტაბილურობის, კეთილსინდისიერებისა და კანონიერების პრინციპებს, სახელმწიფოს პოლიტიკას პრიორიტეტულად დაიცვას ადამიანის უფლებები, მათ შორის შრომითი უფლებები და შრომის სამართლიანი ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.03.10წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. ღ-ასა და საქართველოს კონტროლის პალატის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.05.10წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.03.10წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი დასკვნები და შეფასებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.05.10წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ღ-ამ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლი და საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე მხარეთა წერილობითი თანხმობის არარსებობის მიუხედავად. კასატორის განმარტებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341 მუხლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან განთავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის გაცემა ხორციელდება წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ კუთვნილ თანხაში შედიოდა პრემიისა და მატერიალური დახმარების თანხები. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ მის მოთხოვნაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდებოდა, ვინაიდან აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ სადავო დავალიანება აღიარებული იყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.02.11წ. განჩინებით გ. ღ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

კასატორმა საქმის განხილვის დროს 13.04.11წ. სასამართლო სხდომაზე დააზუსტა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის პრემიისა და სამკურნალო დახმარების მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. ღ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.10წ. განჩინება გ. ღ-თვის პრემიის სახით ასანაზღაურებელი თანხის 318,20 ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ღ-ას სარჩელი საქართველოს კონტროლის პალატისთვის პრემიის 318,20 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პრემიის 318,20 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.10წ. განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. ღ-ა სამსახურეობრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა საქართველოს კონტროლის პალატასთან და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს. შესაბამისად, სადავო ურთიერთობის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნები. აღნიშნული კანონის 37.1 მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ არის მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი. საქართველოს კონტროლის პალატის 05.03.10წ. ცნობით დასტურდება, რომ გ. ღ-ას 1998-2000 წლებისა და 2003 წლის ხელზე მისაღები შრომის ანაზღაურება შეადგენს 1189,86 ლარს, მათ შორის ხელფასი – 724,66 ლარს, პრემია – 318,2 ლარს და სამკურნალო დახმარება – 147 ლარს. მოსამსახურეზე პრემიის გაცემა ადმინისტრაციის მიერ ხდება საქმიანობის შედეგების მიხედვით, მუშაკის მატერიალური წახალისების, საქმიანობის ეფექტურობისა და ხარისხის ამაღლების მიზნით. მხედველობაშია მისაღები, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი შეადგენს არა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, არამედ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რომელიც დასტურდება ზემოაღნიშნული ცნობით. ცნობით დასტურდება მოპასუხის მიერ გაწეული სამუშაოსათვის პრემიის თანხების გამოყოფა, რაც თავის მხრივ უქმნიდა მოსარჩელეს მისი მიღების სამართლიან მოლოდინს. «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341 მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელებულიყო წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37.1 მუხლის შესაბამისად ხელფასი მოიცავს პრემიას. ვინაიდან პრემიის თანხის დავალიანება არ განეკუთვნება კომპენსაციას და სახეზე არ არის ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის მოთხოვნა, შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოთხოვნის ამ ნაწილის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის საფუძველზე ხანდაზმულად მიჩნევა. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა არასწორად განმარტეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე და 1341 მუხლები და გამოიყენეს კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინათ, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც განსაზღვრულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რის გამოც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება საქართველოს კონტროლის პალატისთვის გ. ღ-ას სასარგებლოდ პრემიალური თანხის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსაზრებას გ. ღ-თვის სამკურნალო დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და თვლის, რომ მოთხოვნა ამ ნაწილში მართებულად არ დაკმაყოფილდა. სამკურნალო დახმარების ანაზღაურება წარმოადგენს მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამკურნალო დახმარების ანაზღაურება არ არის ხელფასის შემადგენელი კომპონენტი. ვინაიდან სამკურნალო დახმარების ანაზღაურება წარმოადგენს მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, მასზე ვერ გავრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლის დებულება. მოსამსახურეზე სამკურნალო დახმარების თანხის გაცემის ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სამკურნალო დახმარების კომპენსაციის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რომელიც აითვლება სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით. საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელეს მისაღები აქვს 1999-2000 წლების სამკურნალო დახმარების თანხები. შესაბამისად, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის (24.02.10წ.) გასული იყო ხანდაზმულობის კანონით განსაზღვრული სამწლიანი ვადა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. საქმეში დაცული საქართველოს კონტროლის პალატის 05.03.10წ. და 16.02.10წ. ცნობებით არ დასტურდება ვალის აღიარება, ვინაიდან ცნობები ინფორმაციულ ხასიათს ატარებს და ადასტურებს არა მოპასუხის მიერ დავალიანების აღიარებას, არამედ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა თანხა ერგებოდა მოსარჩელეს. ფაქტის და მოთხოვნის აღიარება არ არის იდენტური, ფაქტის აღიარება არის მტკიცებულება, ხოლო მოთხოვნის აღიარება არის დისპოზიციური პრინციპიდან გამომდინარე განკარგვითი აქტი, მოპასუხის მიერ დავალიანების ფაქტის აღიარება არ ნიშნავს მისი გადახდის აღიარებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გ. ღ-ზე გაცემული ცნობები, რომლებიც შეიცავენ მის მიმართ ამ ორგანოს დავალიანების შესახებ ინფორმაციას, ინფორმაციული ხასათის დოკუმენტებია და არ წარმოადგენენ დავალიანების აღიარებას, თანხის გადახდის დაპირებას და მაშასადამე ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის და მისი ათვლის თავიდან დაწყების პირობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამკურნალო დახმარების ანაზღაურების საქართველოს კონტროლის პალატისთვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

საქმის მასალებით არ დასტურდება სააპელაციო პალატის მიერ სსკ-ის 391-ე მუხლის დარღვევით საქმის განხილვა, სააპელაციო საჩივრებით აპელანტები ითხოვდნენ პირველი ინსტანციის გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემოწმებას სამართლებრივი თვალსაზრისით, საქმის ფაქტობრივი გარემოებები დავას არ იწვევდა, აპელანტ გ. ღ-ას წარმომადგენელს წინასწარ ეცნობა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე სააპელაციო საჩივრის განხილვის შესახებ (ს.ფ. 74,77), ამდენად არ დასტურდება საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრება სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 3761 მუხლის მოთხოვნის დარღვევით საქმის განხილვის შესახებ. ამასთანავე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დავას არ იწვევს, ამ მიმართებით კასატორს არ წარმოუდგენია რაიმე პრეტენზია, ხოლო სამართლებრივი შეფასება ქმნის არა საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო პალატისათვის დაბრუნების, არამედ გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გ. ღ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.10წ. განჩინება გ. ღ-თვის პრემიის სახით ასანაზღაურებელი თანხის 318,20 (სამას თვრამეტი ლარის და ოცი თეთრის) ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ. ღ-ას სარჩელი საქართველოს კონტროლის პალატისათვის მისი კუთვნილი პრემიის 318,20 (სამას თვრამეტი ლარის და ოცი თეთრის) ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს და საქართველოს კონტროლის პალატას გ. ღ-ას სასარგებლოდ დაეკისროს პრემიის 318,20 (სამას თვრამეტი ლარის და ოცი თეთრის) ლარის გადახდა;

4. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.10წ. განჩინება დარჩეს უცვლელად;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.