ბს-1589-1518(კ-09) 5 მაისი, 2010 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – გ. ილინა
კასატორი – ქ. თბილისის მერია
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. შ-ია
სარჩელზე მოპასუხე – ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური; წარმომადგენელი – ე. გ-ძე
მესამე პირი – ვ. გ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 19 ივლის ნ. შ-იამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიმართ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ქ. თბილისის ზედამხედველობის სამსახურის 2006 წლის 12 დეკემბრის ¹000443 დადგენილების, ქ. თბილისის მერიის 2007 წლის 30 მარტის ¹105 განკარგულების ბათილად ცნობასა და მის მიერ განხორციელებული მიშენების დაკანონებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ უარი თქვა მის მიერ განხორციელებული მშენებლობის დაკანონების მოთხოვნაზე და საბოლოოდ მოითხოვა: ქ. თბილისი ზედამხედველობის სამსახურის 2006 წლის 12 დეკემბრის ¹000442 დადგენილების და ქ. თბილისის მერიის 2007 წლის 30 მარტის ¹105 განკარგულების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. შ-იას სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2006 წლის 12 დეკემბრის ¹000442 დადგენილება და ქ. თბილისის მერიის 2006 წლის 30 მარტის ¹105 განკარგულება ნ. შ-იასათვის ჯარიმის სახით 6000 ლარის დაკისრების ნაწილში; ძალაში დარჩა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები – ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2006 წლის 12 დეკემბრის ¹000441 დადგენილება და ქ. თბილისის მერიის 2007 წლის 30 მარტის ¹105 განკარგულება ნ. შ-იას მიერ განხორციელებული ნაგებობის დემონტაჟის დადგენის ნაწილში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს:
დადგენილ იქნა, რომ 1992 წლის აგვისტოში ნ. შ-იას და ქალაქ თბილისის მთაწმინდის რაიონის 64-ე საბინაო საექსპლუატაციო უბანს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ნ. შ-იას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქალაქ თბილისში, ... ქუჩა ¹36-ში მდებარე ბინა და დამხმარე ფართები. მითითებული ხელშეკრულებით და საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის წერილითა და საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ საჯარო რეესტრში ნ. შ-იას სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია საცხოვრებელი ფართი 41კვ.მ., საერთო ფართი 51კვ.მ. გარდა ამისა, ნ. შ-იას სახელზე რეგისტრირებულია სათავსები: შემინული აივანი 5კვ.მ, ცალკე მდგომი სათავსი 13კვ.მ და 2 კვ.მ.
საქმის მასალით ირკვეოდა, რომ ქალაქ თბილისში ... ქუჩა ¹36-ში მცხოვრებ პირთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შეისწავლა ნ. შ-იას მიერ განხორციელებული მიშენების კანონიერების საკითხი, შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ ნ. შ-იას მიერ ადგილი ჰქონდა ქალაქ თბილისში, ... ქუჩა ¹36-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ეზოს მხრიდან კაპიტალური ნაგებობის მიშენებას, რის გამოც ზედამხედველობის სამსახურმა 2006 წლის 11 ოქტომბერს შეადგინა მიწერილობა და ნ. შ-იას დაავალა წარედგინა კაპიტალური ნაგებობის მიშენების უფლების დამადასტურებელი ტექდოკუმენტაცია ან ობიექტი მოეყვანა პირვანდელ მდგომარეობაში, მოსარჩელეს განემარტა, რომ წინააღდეგ შემთხვევაში მის მიმართ გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ზომები. 2006 წლის 12 ნოემბერს ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსაურმა გამოსცა ¹000442 დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, რომლითაც ნ. შ-ია დაჯარიმდა 6000 ლარით და დაევალა მოეხდინა პროექტისა და მშენებლობის სათანადო ნებართვის გარეშე წარმოებული ნაგებობის დემონტაჟი. დადგენილების მიხედვით, ნ. შ-იას მიერ ჩადენილ იქნა “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, კერძოდ, კაპიტალური ნაგებობის მიშენება მშენებლობის სათანადო ნებართვის გარეშე. მითითებული დადგენილების გამოტანის სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ”ქვეპუნქტი.
დადგენილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ნ. შ-იამ, მაგრამ ქალაქ თბილისის მერის 2007 წლის 30 მარტის ¹105 განკარგულებით მას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს 2007 წლის 30 აგვისტოს წერილიდან ირკვეოდა, რომ ქალაქ თბილისში, ... ქ. ¹36-ში მდებარე შენობას მინისტრის 2006 წლის 30 მარტის ¹3/133 ბრძანების საფუძველზე მინიჭებული აქვს უძრავი ძეგლის სტატუსი.
საქმეში წარმოდგენილი იქნა 2004 წლის 23 მარტით დათარიღებული, ქალაქ თბილისში, ... ქუჩა ¹36-ში მცოხვრებ პირთა (სულ 6 პირი) განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი თანახმა არიან ნ. შ-იამ მიწისძვრისგან დაზიანებული დასანგრევი კედელი დაწიოს საერთო სარგებლობის ეზოს მხარეს 50 სმ-ით.
საქმეში წარმოდგენილია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის 2004 წლის 3 აგვისტოს ¹179-0602 წერილი, სადაც მითითებულია, რომ ქალაქ თბილისში, ... ქ. ¹36-ში შენობის გამაგრების სამუშაოები განხორციელებულია 2004 წელს.
ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2006 წლის 12 დეკემბრის ¹000442 დადგენილებით ნ. შ-ია დაჯარიმდა 6000 ლარით და დაევალა მოეხდინა პროექტისა და მშენებლობის სათანადო ნებართვის გარეშე წარმოებული ნაგებობის დემონტაჟი. დადგენილების გამოტანის სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-7 ქუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, მე-5 მუხლის პირველი პუნქტი და იმავე მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი. სასამართლო განმარტებით, დადგენილების გამოცემის მომენტში მოქმედი “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე სუბიექტები, რომლებიც ითვლებიან დამკვეთად ან რომლებსაც შეთავსებული აქვთ დამკვეთისა და მენარდის ფუნქცია, ჯარიმდებიან უნებართვო მშენებლობისათვის ან დემონტაჟისათვის, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების მიწერილობის შეუსრულებლობისათვის. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე სუბიექტების მიერ უნებართვო მშენებლობა ან დემონტაჟი ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის “ა” ქვეპუნქტში აღიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით. ამრიგად, მითითებული ნორმები ითვალისწინებდა უნებართვო მშენებლობისათვის ან/და შესაბამისი ორგანოების მიწერილობის შეუსრულებლობისათვის მშენებლობაში მონაწილე პირების დაჯარიმების შესაძლებლობას.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელის მიმართ დადგენილების გამოტანის პერიოდისათვის უკვე მოქმედებდა საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგისტოს ¹140 დადგენილება “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ”. მითითებული დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ნებართვას არ საჭიროებს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 50 კუბ.მმდე მოცულობის დამხმარე სამეურნეო დანიშნულების არასაცხოვრებელი ერთსართულიანი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომლის ფასადი არ არის განთავსებული ქუჩებზე, ავტომაგისტრალებზე, გზებზე და საზოგადოებრივი ადგილის მომიჯნავედ. ამრიგად, მითითებული მუხლის მიხედვით, ნებართვა არ არის საჭირო მშენებლობის განხორციელებისათვის, თუ იგი აკმაყოფილებს ერთდროულად რამდენიმე პირობას: მშენებლობა უნდა მოხდეს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ადგილი უნდა ჰქონდეს არაუმეტეს 50 კუბ.მმდე მოცულობის დამხმარე სამეურნეო დანიშნულების არასაცხოვრებელი ერთსართულიანი შენობა-ნაგებობის მშენებლობას და მშენებლობის ფასადი არ უნდა იყოს განთავსებული ქუჩებზე, ავტომაგისტრალებზე, გზებზე და საზოგადოებრივი ადგილის მომიჯნავედ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. შ-იას მიერ განხორციელებული მიშენება სრულად აკმაყოფილებდა მითითებული მუხლის მოთხოვნებს. საქმის მასალებით დადგენილ იქნა, რომ ნ. შ-ია ცხოვრობს ქალაქ თბილისში ... ქუჩა ¹ 36-ში მდებარე საერთო სარგებლობის ე.წ. იტალიური ტიპის ეზოში. უდაოა, რომ ეზოში არსებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალით და სხვა მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ განხორციელებული მიშენება ნამდვილად არ აღემატება 50 კუბ.მ ფართს და არის მასზე ბევრად ნაკლები. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერითა და წერილით დასტურდება, რომ ნ. შ-იას გააჩნია დამხმარე სათავსები, კერძოდ, შემინული აივანი 5კვ.მ, ცალკე მდგომი სათავსი 13 კვ.მ. საქმის მასალების მიხედვით დასტურდებოდა, რომ აღნიშნული სათავსი წარმოადგენს ცალკე მდგომ დამხმარე სამეურნეო დანიშნულების ერთსართულიან საცხოვრებელ ფართს. საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალებით დადგენილ იქნა და არც მოპასუხეს არ გაუხდია სადაოდ, რომ ნ. შ-იას მიერ განხორციელებული მიშენება იმყოფება საცხოვრებელი სახლის ეზოში შიგნით და მშენებლობის ფასადი არ არის განთავსებული ქუჩაზე, ავტომაგისტრალზე, გზაზე და საზოგადოებრივი ადგილის მომიჯნავედ.
აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. შ-იას მიერ განხორციელებულ მიშენებას არ სჭირდებოდა სპეციალური ნებართვა, ვინაიდან იგი აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 ავისტოს ¹ 140 დადგენილების “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს. შესაბამისად, მას არ ჩაუდენია “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევა. სასამართლო არ დაეთანხმა მოპასუხის წარმომადგენლის მსჯელობას იმის შესახებ, თითქოს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹ 140 დადგენილების “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის მოქმედება არ უნდა გავრცელდეს განსახილველ შემთხვევაზე, ვინაიდან აღნიშნული მუხლი ეხება ცალკე მდგომი დამხმარე სამეურნეო დანიშნულების ან/და არასაცხოვრებელი ერთსართულიანი შენობა-ნაგებობის მშენებლობას, მოსარჩელის მიერ განორციელებული მიშენებით (რეკონსტრუქციით) კი შეიცვალა შენობის გაბარიტები და კონსტრუქციული ელემენტები, რაც იმავე დადგენილების შესაბამისად საჭიროებდა ნებართვას.
საქმის მასალების, კერძოდ, ფოტომასალის შესწავლის შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. შ-იას მიერ განხორციელებული მიშენება წარმოადგენს სწორედ ცალკე მდგომი დამხარე სამეურნეო დანიშნულების ობიექტის მშენებლობას, უფრო სწორად, აღნიშნული ობიექტის კედლის ეზოს მხარეს გაწევას, რომელიც ასევე არის არასაცხოვრებელი ერთსართულიანი შენობა-ნაგებობა.
სასამართლო სხოდამზე მოპასუხის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სანამ მოსარჩელე განახორციელებდა უკანონო მიშენებას, მანამდე ქალაქ თბილისში, ... ქ. ¹36-ში მდებარე მთლიან შენობას უკვე მინიჭებული ჰქონდა კულტურული ძეგლის სტატუსი. მის გამო ”კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ” კანონის შესაბამისად, აღნიშნულ შენობაზე ნებისმიერი სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად აუცილებელი იყო სპეციალური ნებართვის არსებობა, რაც მოსარჩელეს არ გააჩნია. სასამართლო დაეთანხმა მოპასუხის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ კულტურის ძეგლზე ნებისმიერი სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად აუცილებელია სპეციალური ნებართვის არსებობა, მაგრამ, ასეთი ნებართვა აუცილებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მშენებლობა ხდება მას შემდეგ, როდესაც უძრავ ნივთს მინიჭებული აქვს უძრავი ძეგლის სტატუსი.
სასამართლომ განმარტა, რომ ნ. შ-იას მიმართ დადგენილების გამოტანის მომენტში მოქმედი “კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ამ კანონის მოქმედება ვრცლდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ კულტურის უძრავ და მოძრავ ძეგლებზე მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა.
მითითებული კანონის 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს ურავი ძეგლის სტატუსს ანიჭებს სამინისტრო კომისიის დასკვნის საფუძველზე. კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის მიხედვით, უძრავი ძეგლის მესაკუთრე ვალდებულია სამინისტროს წერილობითი თანხმობის გარეშე არ მოახდინოს უძრავი ძეგლის, მისი ნაწილებისა თუ ფრაგმენტების გადაკეთება, გადაადგილება და დაშლა.
აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლო არ დაეთანხმა მოპასუხის მსჯელობას იმის შესახებ, თითქოს ნ. შ-იამ მიშენება განახორციელა მას შემდეგ, როდესაც შენობას უკვე მინიჭებული ჰქონდა უძრავი ძეგლის სტატუსი, რის გამოც მიშენებისათვის ესაჭიროებოდა სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. შ-იას მიერ განხორციელებული მიშენება არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო უნებართვო მშენებლობად და არ უნდა მომხდარიყო მისი დაჯარიმება 6000 ლარით, შესაბამისად სასამართლოს მიერ ნ. შ-იას დაჯარიმების ნაწილში გასაჩივრებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები ბათილად იქნა ცნობილი.
სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ძალაში უნდა ყოფილიყო დატოვებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები – ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2006 წლის 12 დეკემბრის ¹000442 დადგენილება და ქალაქ თბილისის მერიის 2007 წლის 30 მარტის 105 განკარგულება ნ. შ-იას მიერ განხორციელებული ნაგებობის (მიშენების) დემონტაჟის დადგენის ნაწილში. სასამართლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნ. შ-იას მიშენების განხორციელების დროს კანონმდებლობის მოთხოვნები არ დაურღვევია, მიუხედავად ამისა ნ. შ-იას მიმართ დადგენილების გამოტანის დროისათვის ანუ 2006 წლის დეკემბრისათვის ქ. თბილისში, ... ქ.¹36-ში მდებარე შენობას უკვე მინიჭებული ჰქონდა უძრავი ძეგლის სტატუსი, რაც მას ავალდებულებს მოახდინოს მინაშენის დემონტაჟი.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. შ-იამ და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა.
აპელანტი – ნ. შ-ია სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების სასარჩელო განცხადების დაუკმაყოფილებლობის ნაწილში გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.
მეორე აპელანტი – ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ვ. გ-ძე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლს 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. შ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. შ-იას სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2006 წლის 12 დეკემბრის ¹000442 დადგენილება და ქ. თბილისის მერიის 2007 წლის 30 მარტის ¹105 განკარგულება.
სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა, აქვე მიუთითა რომ ... ქ.¹36-ში მცხოვრები 6 (ექვსი) მობინადრის 23.02.04 წლით დათარიღებული თანხმობით, ამავე სახლში მცხოვრებ მოქალაქეთა კოლექტიური განცხადებით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შპს “...”-ს მიერ 12.12.05 წელს შედგენილი ექსპერტიზის აქტით (¹2629) დადგენილად მიიჩნევდა, რომ ნ. შ-იამ სადაო მიშენება განახორციელა 2005 წელს. ამასთანავე პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ქ. თბილისში ... ქუჩა ¹36-ში მდებარე შენობას უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის ¹3/133 ბრძანების საფუძველზე, ამდენად, შენობას უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა უკვე არსებულ მიშენებასთან ერთად. შესაბამისად, სადაო ადმინისტრაციული აქტების გამოცემის მომენტისათვის ნ. შ-იას, სასამართლო მოსაზრებით, ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები არ დაურღვევია (ძალადაკარგულია საქართველოს 05/08/2007 ¹1708 კანონით) შესაბამისად, სავალდებულო არ იყო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ნებართვა.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სადაო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები – ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2006 წლის 12 დეკემბრის ¹000442 დადგენილება და ქალაქ თბილისის მერიის 2007 წლის 30 მარტის ¹105 განკარგულება იყო კანონშეუსაბამო და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1. მუხლის შესაბამისად, ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ოქტომრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორი ქ. თბილისის მერია მიიჩნევდა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ქ. თბილისში, ... ქუჩა ¹36-ში მდებარე საცხოვრებელი და დამხმარე ფართი საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ნ. შ-იას.
ქ. თბილისში, ... ქ. ¹36-ში მცხოვრებ პირთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შეისწავლა ნ. შ-იას მიერ განხორციელებული მიშენების კანონიერების საკითხი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ნ. შ-იას მიერ ადგილი ჰქონდა ქ. თბილისში, ... ქ. ¹36-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ეზოს მხრიდან კაპიტალური ნაგებობის მიშენებას, რის გამოც ზედამხედველობის სამსახურმა 2006 წლის 11 ოქტომბერს შეადგინა 27/338 მიწერილობა, რომლის საფუძველზეც ნ. შ-იას დაევალა, 20 დღის ვადაში წარედგინა კაპიტალური ნაგებობის მიშენების უფლების დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტაცია ან ობიექტი მოეყვანა პირვანდელ მდგომარეობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
2006 წლის 12 დეკემბერს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა გამოსცა ¹000442 დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, რომლითაც ნ. შ-ია დაჯარიმდა 6000 ლარით და დაევალა პროექტისა და მშენებლობის სათანადო ნებართვის გარეშე წარმოებული ნაგებობის დემონტაჟი. დადგენილებას საფუძვლად დაედო ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი.
ზემოაღნიშნული დადგენილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ნ. შ-იამ, რომლის დაკმაყოფილებაზეც მას უარი ეთქვა ქ. თბილისის მერის 2007 წლის 30 მარტის ¹105 განკარგულებით.
საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, ... ქ. ¹36-ში მდებარე შენობას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის ¹3/133 ბრძანებით მინიჭებული აქვს უძრავი ძეგლის სტატუსი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ქ. თბილისის მერიის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან კანონის არასწორი გამოყენების თაობაზე, კერძოდ კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ნ. შ-იას მიერ განხორციელებული შენობის რეკონსტრუქციის კანონიერების საკითხი უნდა შეეფასებინა 2004 წელს მოქმედი კანონმდებლობით და არა იმ ნორმატიული აქტებით, რომელიც იმ პერიოდში ჯერ კიდევ არ ყოფილა მიღებული. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მოსაზრება უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან.
სააპელაციო სასამართლომ ... ქუჩა ¹36 სახლში მცხოვრები 6 მობინადრის 23.03.04 წლით დათარიღებული თანხმობის, ამავე სახლში მცხოვრებ მოქალაქეთა განცხადების, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შპს ,,...” მიერ 12.12.2005 წელს შედგენილი ექსპერტიზის აქტის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. შ-იამ მიშენება განახორციელა 2005 წელს (ტ.2, ს.ფ.113).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ნ. შ-იას მიერ წარმოებული მინაშენის მშენებლობის თარიღთან დაკავშირებით კასატორის მხრიდან წარმოდგენილი არ არის საკასაციო პრეტენზია, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტს იმის თაობაზე, რომ მიშენება განხორციელდა 2005 წელს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა იმ პერიოდისათვის მოქმედი ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 140-ე დადგენილებით. აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო საჭიროდ არ მიიჩნევს განავრცოს კასატორის მსჯელობა ნორმის უკუქცევითი ძალის შესახებ და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას კანონი არ დაურღვევია.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 140-ე დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების სამშენებლო მიწის ნაკვეთზე 50 კუბ.მმდე მოცულობის დამხმარე სამეურნეო დანიშნულების არასაცხოვრებელი ერთსართულიანი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომელთა ფასადი არ არის განთავსებული ქუჩაზე, ავტომაგისტრალზე, გზებზე ან საზოგადოებრივი ადგილის მომიჯნავედ.
დადგენილია და აღნიშნულს არ უარყოფენ თავად მხარეები, რომ ნ. შ-იას მიერ წარმოებული მინაშენი ბევრად უფრო ნაკლებია 50 კუბ/მ-ზე, განთავსებულია საცხოვრებელი სახლის ეზოს შიგნით, არ ემიჯნება ქუჩას, ავტომაგისტრალს, გზას ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს.
ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მითითების მართებულობას იმის თაობაზე, რომ ნ. შ-იას მიერ წარმოებული მინაშენი, მინაშენის განხორციელების მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალურ ნებართვას არ საჭიროებდა, რის გამოც არ არსებობს ნებართვის არარსებობის მოტივით ნ. შ-იას დაჯარიმების სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მინაშენმა შეიძინა კულტურული ძეგლის სტატუსი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭება მხოლოდ იმ უძრავ ნივთს, რომელსაც გააჩნია ამგვარი ძეგლის მახასიათებელი ნიშნები და სრულად იზიარებს ამ ნაწილში კასატორის მითითებას გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის კანონშეუსაბამობის თაობაზე, თუმცა იმავდროულად მიიჩნევს, რომ განსახილველი დავისათვის არსებითია ის გარემოება, რომ ნ. შ-იას მიშენება არ უწარმოებია უძრავ ძეგლზე, შენობას აღნიშნული სტატუსი მიენიჭა მიშენების შემდგომ, რის გამოც მის მიერ წარმოებული მშენებლობა, მშენებლობის მომენტისათვის, ვერ განიხილება კულტურულ ძეგლზე წარმოებულად და არ ჩაითვლება კანონდარღვევად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის გაზიარებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.