ბს-1590-1549(კ-10) 15 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ქ. კ-ძე
მოპასუხე _ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება;
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 5 ნოემბერს ქ. კ-ძემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოთხოვა მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრება (იხ. ს.ფ. 1-11).
საქმის გარემოებები:
მოსარჩელე ქ. კ-ძე 1998-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ლაბორატორიაში. ამ წლების განმავლობაში მის მიმართ სამინისტროს წარმოეშვა სახელფასო დავალიანება, ბოლო დროს სამინისტროს სისტემაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარე, ზემოთ აღნიშნული სახელფასო დავალიანების აღიარება მოხდა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, რასაც ადასტურებს ამავე სააგენტოს მიერ 2009 წლის 29 ოქტომბერს გაცემული ¹23-21/2854 ცნობა, თუმცა დავალიანების გადახდა არ მომხდარა, ვინაიდან ფინანსთა სამინისტროს მიერ არ განხორციელდა დამატებითი ასიგნების გამოყოფა. ცნობის მიხედვით მოსარჩელე ქ. კ-ძის ხელზე მისაღები თანხა შეადგენდა 412,72 ლარს.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
მოსარჩელე ქ. კ-ძე თავის მოთხოვნას ამყარებს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ 2009 წლის 29 ოქტომბრის ¹23-21/2854 ცნობაზე.
სარჩელის სამართლებრივი გარემოებები:
მოსარჩელემ მიიჩნია, რომ დარღვეულია “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის თანახმადაც მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), თუმცა, ეს თანხა არ გაუსტუმრებიათ, ვინაიდან ფინანსთა სამინისტროს მიერ არ გამოყოფილა დამატებითი ასიგნებები სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოზე.
ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი _ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.
ასევე, საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად _ დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი (იხ. ს.ფ. 7).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (იხ. ს.ფ. 63-64).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-2000 წლების ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 381,22 ლარის ოდენობით, ხოლო სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2003 წლის ნოემბრის თვის ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 31,50 ლარის ოდენობით, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
მოსარჩელე ქ. კ-ძე, იმ პერიოდში, როდესაც მის მიმართ წარმოიშვა სახელფასო დავალიანება, ანუ 1998-2000 წლებში, შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოსთან, კერძოდ, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად საჯარო მოხელეს წარმოადგენდა, რის გამოც მასზე შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებისას უნდა გავრცელდეს აღნიშნული კანონის მოთხოვნები. გარდა ამისა, მოსარჩელე ქ. კ-ძე 2003 წლიდან შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა სსიპ გარემოს დაცვის ლაბორატორიასთან და ამ პერიოდში მასზე შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებისას უნდა გავრცელდეს საქართველოს შრომის კანონმდებლობის მოთხოვნები, კერძოდ, იმ დროს მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნები.
საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 აგვისტოს ¹333 ბრძანებულებით “საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში გარემოს დაცვის სფეროში ოპერატიული ანალიზური საქმიანობის წარმართვის მიზნით, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირები: ა) სამეგრელოს გარემოს დაცვის ლაბორატორია; Bბ) გურიის გარემოს დაცვის ლაბორატორია; გ) შიდა ქართლის გარემოს დაცვის ლაბორატორია; დ) ქვემო ქართლის გარემოს დაცვის ლაბორატორია; ე) სამცხე-ჯავახეთის გარემოს დაცვის ლაბორატორია; ვ) კახეთის გარემოს დაცვის ლაბორატორია. ახლად შექმნილი ზემოთ მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები არ ყოფილან ცნობილი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რომელიმე სტრუქტურული ერთეულის უფლებამონაცვლედ.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 დეკემბრის ¹641 ბრძანებულების მე-2 ნაწილის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირების _ სამეგრელოს, გურიის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის გარემოს დაცვის ლაბორატორიები რეორგანიზებული იქნა და მათ ბაზაზე შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ “გარემოს დაცვის ლაბორატორია”, რომელიც ასევე არ ყოფილა ცნობილი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რომელიმე სტრუქტურული ერთეულის უფლებამონაცვლედ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის ¹116 ბრძანებით, ახლად შექმნილი _ სსიპ მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი ჩაითვალა რეორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ გარემოს დაცვის ლაბორატორიის უფლებამონაცვლედ. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 6 აგვისტოს ¹580 ბრძანებით კი რეორგანიზებული სსიპ მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ბაზაზე შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ გარემოს ეროვნული სააგენტო, რომელიც წარმოადგენს ზემოაღნიშნული რეორგანიზებული დაწესებულებების უფლებამონაცვლეს (იხ. ს.ფ. 104-113).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის ქ. კ-ძის სასარგებლოდ 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების – 381,22 ლარის დაკისრების ნაწილში და გასაჩივრებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით აღნიშნული სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრება სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის, შემდეგი მოტივით:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა, რამდენადაც სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული მტკიცებულებები.
აპელანტის მითითებით, რაიონულმა სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ: “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი. ასევე საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის თანხის _ 381 ლარის და 22 თეთრის ოდენობით დაკისრების ნაწილში საქმესთან დაკავშირებით არსებული გარემოებები და წარდგენილი მტკიცებულებები არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა დ ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის ¹1061 ბრძანებულების პირველი პუნქტის შესაბამისად, რეორგანიზებულ იქნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები _ მონიტორინგისა და პრგნოზირების ცენტრი და სივრცული ინფორმაციის ცენტრი, ხოლო მათ ბაზაზე შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ გარემოს ეროვნული სააგენტო, რომელიც “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების _ მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის და სივრცული ინფორმაციის ცენტრის რეორგანიზაციისა მათ ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ გარემოს ეროვნული სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტროს 2008 წლის 6 აგვისტოს ¹580 ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის უფლებამონაცვლეს.
“სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზციისა და მათ ბაზაზე ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის ¹116 ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად, მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი წარმოადგენდა სსიპ _ გარემოს დაცვის ლაბორატორიის უფლებამონაცვლეს.
აღსანიშნავია, რომ ცნობა 1998-2003 წლების სახელფასო დავალიანების შესახებ გაცემულია სსიპ _ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, რაც მათი მხრიდან დავალიანების აღიარებას ნიშნავს, ხოლო სსიპ _ გარემოს ეროვნული სააგენტო მიმდინარე წლის 2 თებერვლის 23-15/242 წერილის ასლით ადასტურებს, რომ ქ. კ-ძის სახელფასო დავალიანება ირიცხება სააგენტოს ბალანსზე, რომელიც მიიღო უფლებამონაცვლეობით სამინისტროში შემავალი რეორგანიზებული ორგანიზაციებიდან.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ ცნო მოწინააღმდეგე მხარემ _ ქ. კ-ძემ, შემდეგი საფუძვლით:
სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძდ, საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”, რადგან მოსარჩელე, ქ. კ-ძე 1998-2000 წლებში მუშაობდა რა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში, იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში ამ ადმინისტრაციულ ორგანოსთან, რის გამოც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს. შესაბამისად, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას გამოყენებულ უნდა იქნეს აღნიშნული კანონის მოთხოვნები. გარდა ამისა, მოსარჩელე 2003 წელს შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა სსიპ გარემოს დაცვის ლაბორატორიასთან და ამ პერიოდში მასზე შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას უნდა გავრცელდეს საქართველოს შრომის კანონმდებლობის მოთხოვნები, კერძოდ, იმ დროს მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი (იხ. ს.ფ. 143-150).
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ასევე არ ცნო სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოპასუხემ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა სამართლებრივ დასაბუთებას გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და იმ ორგანიზაციას შორის სამართალმემკვიდრეობითი კავშირის არსებობის შესახებ, სადაც მუშაობის პერიოდში მოსარჩელეს წარმოეშვა სახელფასო დავალიანება. შესაბამისად, სააგენტო არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს სახელფასო დავალიანების გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის დაკისრების ნაწილში.
“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრაოს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის ¹1061 ბრძანებულება ადასტურებს სამართალმემკვიდრეობითი კავშირის არსებობას ჯერ მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრთან და შემდეგ გარემოს დაცვის ლაბორატორიასთან. თავის მხრივ სსიპ გარემოს დაცვის ლაბორატორია შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის ¹641 ბრძანებულების “ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ” მეორე პუნქტის შესაბამისად და წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 აგვისტოს ¹333 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამართალმემკვიდრეს. აღნიშნული ნორმატიული აქტის შინაარსიდან ირკვევა, რომ ბრძანებულებით გათვალისწინებული ორგანიზაციები არ შექმნილან რეორგანიზაციის რეჟიმში და არ წარმოადგენენ არცერთი მანამდე არსებული ორგანიზაციის სამართალმემკვიდრეს. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის ¹333 ბრძანებულებით შექმნილი ორგანიზაციების დებულებები დამტკიცდა საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2002 წლის 5 ივნისის ¹72 ბრძანებით.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი წარმოიშობა და იურიდიული პირის სტატუსს იძენს დებულების დამტკიცებისა და იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნის მომენტიდან (იხ. ს.ფ. 154-161).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიიჩნია დასაბუთებულად და კანონიერად, ვინაიდან აპელანტს არ წარუდგენია გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები (იხ. ს.ფ. 174-184).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის დაკისრებული სახელფასო დავალიანების _ 381,22 ლარის ანაზღაურების დაკისრება სსიპ გარემოს დაცვის სააგენტოსათვის შემდეგი მოტივით:
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით.
კასატორის მითითებით, ცნობა 1998-2003 წლების სახელფასო დავალიანების შესახებ გაცემულია სსიპ გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ, რაც მათი მხრიდან დავალიანების აღიარებას ნიშნავს, ამასთან, სსიპ გარემოს დაცვის სააგენტოს ¹23-15/242 წერილში სააგენტო ადასტურებს, რომ ქ. კ-ძის სახელფასო დავალიანება ირიცხება სააგენტოს ბალანსზე, რომელიც მიიღო უფლებამონაცვლეობით სამინისტროში შემავალი რეორგანიზებული ორგანიზაციებიდან (იხ. ს.ფ. 192-199).
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ ცნო სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ (ის. ს.ფ. 214-219).
საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 11 იანვრის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად (იხ. ს.ფ. 223-227).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლა-გაანალიზებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დაურღვევია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა იგი, განჩინება სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელია, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.
საქმის მასალებზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ქ. კ-ძე 1998-2000 წლებში, რა პერიოდის მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებაც წარმოადგენს დავის საგანს, მუშაობდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში – გარემოს მონიტორინგის ცენტრში, ხოლო 2005 წლის 4 იანვრის ბრძანების საფუძველზე გადაყვანილ იქნა გარემოს დაცვის ლაბორატორიაში, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი შრომის წიგნაკით (იხ. ს.ფ. 80).
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ქ. კ-ძე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა სახელმწიფო მოხელეს, შესაბამისად, სადავო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ სასამართლომ მართებულად გაავრცელა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოქმედება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, “ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის მე-7 და “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” 23-ე მუხლით უზრუნველყოფილი და აღიარებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურების უფლება.
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37.1 მუხლის თანახმად, საჯარო მოხელეს ხელფასი ეძლევა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, განსაზღვრულია საჯარო მოხელისათვის ხელფასის გაცემის პერიოდი, რაც მოიცავს დროს _ სამსახურში მიღებიდან გათავისუფლებამდე. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულია, რომ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი, ხოლო საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება გახდეს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მუშაკის სახელფასო და კანონით გათვალისწინებული სხვა სოციალური გარანტიების დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება იმ ორგანოს, რომელთანაც შრომით-სამართლებრივ ურთერთობაში იმყოფებოდა მუშაკი.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორის საკასაციო პრეტენზიას, რომ ქ. კ-ძის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურება უნდა მოხდეს არა სამინისტროს, არამედ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ. აღნიშნული მოტივის დასასაბუთებლად კასატორი უთითებს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებზე, რომელთა ანალიზი, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ იძლევა ამგვარი დასკვნის საფუძველს.
საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 აგვისტოს ¹333 ბრძანებულებით “საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სამეგრელოს, გურიის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის გარემოს დაცვის ლაბორატორიების შექმნის შესახებ”, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში გარემოს დაცვის სფეროში ოპერატიული ანალიზური საქმიანობის წარმართვის მიზნით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირები _ სამეგრელოს, გურიის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის გარემოს დაცვის ლაბორატორიები, რომელიც არ ყოფილა ცნობილი სამინისტროს რომელიმე სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამონაცვლედ. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 დეკემბრის ¹641 ბრძანებულებით “ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ”, საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სამეგრელოს, გურიის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის გარემოს დაცვის ლაბორატორიების რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა სსიპ “გარემოს დაცვის ლაბორატორია”. ამავე ბრძანებულებით შეიქმნა სსიპ “საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის სამსახური”, რომელიც ასევე არ წარმოადგენდა რომელიმე ორგანოს უფლებამონაცვლეს. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის ¹1061 ბრძანებულებით “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ” განხორციელდა სსიპ “საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის სამსახურისა” და სსიპ “გარემოს დაცვის ლაბორატორიის” რეორგანიზაცია და მათ ბაზაზე შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 6 აგვისტოს ¹580 ბრძანებით საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 ივლისის ¹390 ბრძანებულების შესაბამისად, განხორციელდა საჯარო სამართლის იურიდიული პირების – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის, ასევე სივრცითი ინფორმაციის ცენტრის რეორგანიზაცია და მათ ბაზაზე შეიქმნა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, რომელიც ცნობილ იქნა რეორგანიზებული იურიდიული პირების უფლებამონაცვლედ.
ამდენად, მითითებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო წარმოადგენს სსიპ მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის უფლებამონაცვლეს, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს სსიპ “საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის სამსახურისა” და სსიპ “გარემოს დაცვის ლაბორატორიის” ბაზაზე შექმნილ ორგანიზაციას, მაგრამ იგი ვერ განიხილება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის _ გარემოს მონიტორინგის ცენტრის უფლებამონაცვლედ, რომელთანაც 1998-2000 წლებში შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ქ. კ-ძე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის დავალიანების ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი და ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, როგორც მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველლად ვერ იქნება მიჩნეული ასევე კასატორის არგუმენტი, რომ ქ. კ-ძის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება აღიარებულია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი 2009 წლის 29 ოქტომბერს გაცემული ¹23-21/2854 ცნობით.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341–ე მუხლის თანახმად, ,,2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს დაფარვის წესის შესაბამისად”. ამდენად, აღნიშნული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, რაც წარმოადგენს დავალიანების კანონისმიერ აღიარებას არსებული დავალიანების დაფარვაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.