Facebook Twitter

ბს-1592-1521 (2კ-09) 14 იანვარი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს ავიაკომპანია “...” საკასაციო საჩივრის განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის მიმართ და შპს “...” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

დამოუკიდებელმა ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა _ სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ (ამჟამად, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ _ ერთიანმა სატრანსპორტო ადმინისტრაციამ) 2005 წლის 1 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს, მოპასუხეების შპს ა/კ “...” და შპს “...” მიმართ და მოპასუხეებისათვის დაუყოვნებლივი აღსრულების წესით დავალიანების გადახდის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 3 თებერვლის განჩინებით საქმე გადაეგზავნა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის (ამჟამად, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის) სარჩელი შპს ავიაკომპანია “...” და შპს “...” მიმართ დავალიანების გადახდის თაობაზე დაკმაყოფილდა. მოპასუხეს _ შპს ავიაკომპანია “...” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა – 1 229 085 ლარისა და 43 თეთრის გადახდა, ხოლო შპს “...” – 208 339 ლარისა და 42 თეთრის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს ავიაკომპანია “...” და შპს “...”. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ავიაკომპანია “...” და შპს “...” სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მაისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის (ამჟამად, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის) საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია შეიცვალა უფლებამონაცვლით _ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციით.

საბოლოოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს ავიაკომპანია “...” დაეკისრა – 1 229 085 ლარისა და 43 თეთრის, ხოლო შპს “...” – 208 339 ლარისა და 42 თეთრის გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს ავიაკომპანია¬”...” და შპს “...”, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 იანვრის განჩინებით საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის სარჩელი შპს ავიაკომპანია “...” 500 000 ლარის დაკისრების ნაწილში დარჩა განუხილველი, მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო, შესაბამისად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება შპს ა/კ “...” დაკისრებული თანხის 1 229 085,43 ლარიდან 500 000 ლარის ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ავიაკომპანია “...” საკასაციო საჩივარი განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში და შპს “...” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ავიაკომპანია “...”, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 8000 ლარის 70 პროცენტი _ 5600 ლარი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “...”, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 8000 ლარის 70 პროცენტი _ 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ავიაკომპანია “...” საკასაციო საჩივარი განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში და შპს “...” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში;

3. შპს ავიაკომპანია “...” (საიდენტიფიკაციო ¹...) დაუბრუნდეს საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 8 000 ლარის 70 პროცენტი _ 5600 ლარი;

4. შპს “...” (საიდენტიფიკაციო ¹...) დაუბრუნდეს საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 8 000 ლარის 70 პროცენტი _ 5600 ლარი;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.