Facebook Twitter

ბს-1598-1557(კ-10) 23 თებერვალი, 2011წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ჩ-ელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ტ-ძემ 28.09.05წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის 02.06.02წ. ¹35 საარჩევნო ოლქში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით უბედური შემთხვევის აქტის – «...» გაცემის დავალება მოითხოვა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 26.10.05წ. განჩინებით ადმინისტრაციული საქმე თ. ტ-ძის სარჩელისა გამო მოპასუხე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ განსჯადობის მიხედვით განსახილველად გადაეგზავნა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თ. ტ-ძემ 10.07.06წ. დააზუსტა სარჩელი და დამატებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით (ცვალებადობის გათვალისწინებით) ყოველთვიური სარჩოს დანიშვნა და 2002 წლის 2 ივნისიდან ანაზღაურება, წამლების შეძენისათვის გაწეული დამატებითი ხარჯის 9474,01 ლარის და შრომისუნარიანობის სრული დაკარგვის გამო 5 წლის თანამდებობრივი სარგოს 7200 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.09.06წ. საოქმო განჩინებით მოსარჩელე თ. ტ-ძის წარმომადგენლის თ. ჩ-ელის შუამდგომლობა, საქმის შეჩერების შესახებ, დაკმაყოფილდა, შეჩერდა საქმის წარმოება, მოსარჩელე თ. ტ-ძის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.01.07წ. განჩინებით თ. ჩ-ელის განცხადება დაკმაყოფილდა, საქმეზე განახლდა წარმოება, მასში მოსარჩელედ მიჩნეულ იქნა აწ. გარდაცვლილი თ. ტ-ძის უფლებამონაცვლე თ. ჩ-ელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.05.07წ. საოქმო განჩინებით წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის აქტი ფორმა ტ-1-ის გამოცემის, სარჩოს დანიშვნისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნებს ცალკე წარმოებად გამოეყო წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის აქტი ფორმა ტ-1-ის გამოცემის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო თ. ჩ-ელის სასარჩელო განცხადებაზე მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ სარჩოს დანიშვნისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებზე საქმის წარმოება შეჩერდა, თ. ჩ-ელის სარჩელზე წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის აქტი ფორმა ტ-1-ის გამოცემის შესახებ მოთხოვნაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამავე საოქმო განჩინებით მოპასუხე მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.07.07წ. გადაწყვეტილებით თ. ტ-ძის უფლებამონაცვლე თ. ჩ-ელის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა, მოპასუხე საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაევალა თ. ტ-ძის მიმართ, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის აქტის - «...» გაცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.

საქმე არაერთგზის იქნა განხილული თბილისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოების მიერ და ბოლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.03.10წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.07.07წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. ტ-ძის უფლებამონაცვლის თ. ჩ-ელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.03.10წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ტ-ძის უფლებამონაცვლე თ. ჩ-ელმა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ტ-ძის უფლებამონაცვლე თ. ჩ-ელის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ. ტ-ძის უფლებამონაცვლე თ. ჩ-ელის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ტ-ძის უფლებამონაცვლე თ. ჩ-ელის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.03.10წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.