Facebook Twitter

ბს-1599-1558(კ-10) 22 ნოემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ნ. ხ-შვილის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 3 ივნისს ნ. ხ-შვილმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა ქ. თბილისის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და მოპასუხის დავალდებულებას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ხ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-შვილმა.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის განჩინებით ნ. ხ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-შვილმა.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ნ. ხ-შვილის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ჩაბარება მითითებული კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. საქმეში დაცული დასტურიდან ირკვევა, რომ ნ. ხ-შვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ჩაიბარა პირადად - 2010 წლის 15 აგვისტოს (ს.ფ. 38). აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2010 წლის 17 სექტემბერს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. ხ-შვილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ჩაჰბარდა 2010 წლის 15 აგვისტოს, ამდენად მას საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 2010 წლის 15 სექტემბრის 24 საათამდე, ხოლო კასატორის მიერ საკასაციო საჩივარი შეტანილ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2010 წლის 17 სექტემბერს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული გასაჩივრების ვადის გადაცილების გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 390-ე, 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.