ბს-160-158(კ-11) 25 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს ,,...” საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 25 დეკემბერს შ. ც-ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ი. მ-ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისაგან პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა და მოპასუხისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება 10000 აშშ დოლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით შ. ც-ძის სარჩელი შპს ,,...” და თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის გ. გ-რის მიმართ მოსარჩელის პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის უარმყოფელი სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით გამქვეყნებისა და სოლიდარულად მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ც-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის განჩინებით შ. ც-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შ. ც-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით შ. ც-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის განჩინებით შ. ც-ძის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 იანვრის განჩინებით შ. ც-ძის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებაზე საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 აპრილის განჩინებით შ. ც-ძის სარჩელი მოპასუხეების შპს ,,...” და თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის გ. გ-რის მიმართ, მოსარჩელის პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნებისა და სოლიდარულად მორალური ზიანის სახით 10 000 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივნისის განჩინებით შ. ც-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,...”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო შპს ,,...” საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 თებერვლის განჩინებით შპს ,,...” საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის მოთხოვნებს. კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთოდა მასზე ხელისმომწერი პირის – ვ. ტ-ძის სახელზე გაცემული მინდობილობა სანოტარო წესით დამოწმებული და სახელმწიფო ბაჟის – 500 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად შპს ,,...” საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 თებერვლის განჩინებით მიეცა 10 დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. განჩინების ასლი შპს ,,...” ადმინისტრაციას ჩაჰბარდა 2011 წლის 8 თებერვალს, ხოლო მის წარმომადგენელს – ვ. ტ-ძეს – 2011 წლის 11 თებერვალს. შპს ,,...” წარმომადგენელს – ვ. ტ-ძეს ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, მან ხარვეზის გამოსწორების მიზნით განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2011 წლის 21 თებერვალს, წარმოადგინა მის სახელზე გაცემული მინდობილობა, სახელმწიფო ბაჟის – 500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მოითხოვა სასამართლოს მიერ ხარვეზის შეუვსებლად მიჩნევის შემთხვევაში, საპროცესო ვადის გაგრძელება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. საგულისხმოა, რომ საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობა შესაძლებელია აღიძრას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,...” წარმომადგენელმა – ვ. ტ-ძემ ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დარღვევით, რის გამოც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს შპს ,,...” შუამდგომლობის დაკმაყოფილების საპროცესო საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 თებერვლის ხარვეზის თაობაზე განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2011 წლის 8 თებერვალს, ხოლო მის წარმომადგენელს – 2011 წლის 11 თებერვალს. შესაბამისად, კასატორს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა ჰქონდა 2011 წლის 18 თებერვლის ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ კასატორის მიერ ხარვეზი გამოსწორებული იქნა 2011 წლის 21 თებერვალს, სასამართლოს მიერ მითითებული 10 დღიანი ვადის გადაცილებით, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შპს ,,..” წარმომადგენლის – ვ. ტ-ძის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,...” წარმომადგენლის – ვ. ტ-ძის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,...” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
3. ვ. ტ-ძეს დაუბრუნდეს შპს ,,...” საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 500 ლარი ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.