ბს-1608-1536(კ-09) 7 ივნისი, 2010 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე): ნ. ქ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველო
გასაჩივრებული განჩინება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი: სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 5 მაისს ნ. ქ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დავალებოდა სახელფასო დავალიანების – 1 445 (ათას ოთხას ორმოცდახუთი) ლარის ოდენობით ანაზღაურება.
2009 წლის 14 მაისს ნ. ქ-შვილმა დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც მოითხოვა მოპასუხე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს დავალებოდა სახელფასო დავალიანების, კერძოდ, 1998, 1999 და 2000 წლების კუთვნილი ხელფასის ანაზღაურება, რაც მთლიანობაში შეადგენდა 1 445, 40 (ათას ოთხას ორმოცდახუთ ლარს და 40 თეთრს) ლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ქ-შვილის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს, მოსარჩელეს – ნ. ქ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, სულ 443,78 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ნ. ქ-შვილს უარი ეთქვა მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსათვის 1998 წლის სახელფასო დავალიანების (მათ შორის კვების კმპენსაციის) ანაზღაურებაზე, საერთო ჯამში – 588,62 ლარის ოდენობით, ხანდაზმულობის გამო. მოსარჩელე ნ. ქ-შვილს უარი ეთქვა მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსათვის 1999 - 2000 წლების ულუფის კომპენსაციის თანხის დაკისრებაზე – 413,00 ლარის ოდენობით, ხანდაზმულობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ნ. ქ-შვილი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოსთან და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, რის გამოც შრომითი-სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირებისას მასზე ვრცელდება აღნიშნული კანონის მოთხოვნები. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს 2009 წლის 10 მაისის ¹27/7/6/1-ქ.14 ცნობის თანახმად, მოსარჩელე ნ. ქ-შვილის 1998-1999-2000 წლების კუთვნილი სახელფასო დავალიანება შეადგენს 1 445, 40 ლარს.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები გარვცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ხოლო ხსენებული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუქტის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობის მოხელეებზე ვრცელდება აღნიშნული კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სასურსათო ულუფა წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამასთან ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახეებისგან, კერძოდ, სასურსათო ულუფისგან, რაც განსხვავებულადაა მოწესრიგებული “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341 მუხლში.
საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის შესახებ, რომ ხელფასზე დანამატს წარმოადგენს კვების კომპენსაცია და მის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, როგორც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება. “საჯარო სამსახურის შესახებ კანონის” 37-ე მუხლის პირველი პუნქტის Yთანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო, ხოლო სადავო ურთიერთობების დროს მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, დაწესებულება რომელშიც მუშაობს თანამშრომელი, თითონ არის პასუხისმგებელი ხელფასის ანაზღაურებაზე. “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მიხედვით, პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებს ხელფასს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის ხელფასის ანაზღაურებას ითვალისწინებს ასევე “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულების 55-ე მუხლიც.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 1998 წლის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ ხანდაზმულია, ვინაიდან, სარჩელი სასამართლოში შეტანილ იქნა 2009 წლის 5 მაისს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ქ-შვილმა, რომელმაც სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლი 24 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ქ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის პირველი მარტის განჩინებით ნ. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დასაშვებად და საქმე განხილულ იქნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება სახელფასო დავალიანებისა და კვების (ულუფის) კომპენსაციის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ნ. ქ-შვილის სარჩელი 1998 წლის სახელფასო დავალიანების – 293,62 ლარისა და 1998-1999-2000 წლების კვების(ულუფის) კომპენსაციის - 708,00 ლარის, სულ – 1 001,62 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს კასატორის მოთხოვნაზე 1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების - 443,78 ლარის ოდენობით ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ნ. ქ-შვილის აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს 2009 წლის 10 მაისის ¹27/7/6/1-ქ/14 ცნობით (ტ.I, ს.ფ.16) დადგენილია, რომ ნ. ქ-შვილის 1998-1999-2000 წლების სახელფასო დავალიანება, მათ შორის, კვების (ულუფის) კომპენსაცია შეადგენს 1 445,40 ლარს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოსთან (ტ.I, ს.ფ.15) და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და აღიარებულია შრომის სამართლებრივი ანაზღაურება. გარდა ამისა, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნ. ქ-შვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოსთან შრომით–სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა, როგორც საჯარო მოსამსახურე “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების” შესაბამისად. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახეზეა არა კერძო-სამართლებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავა, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე, სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი დავა. აღნიშნულიად გამომდინარე საკასაციო პალატა არ იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასაბუთებას მოსარჩელესათვის 1998 წლის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე უარის თქმასთან მიმართებაში და განმარტავს, რომ მოსარჩელე ნ. ქ-შვილსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს შორის არსებული ურთიერთობა რეგულირდებოდა არა რაიმე სახის ხელშეკრულების, არამედ საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების – ბრძანებების მეშვეობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ სასარჩელო მოთხოვნაზე ვერ გავრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით გათვალისწინებული სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა და ნ. ქ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა 1998 წლის სახელფასო დავალიანების – 293, 62 ლარის ოდენობით ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებდა, რომ პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებდა ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისთვის დადგენილ განაკვეთს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო; დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშობისთვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისთვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ასეთივე დანაწესს შეიცავდა მოსარჩელის სახელფასო დავალიანების წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების” 55-ე მუხლი, რომლის პირველი აბზაცით დადგენილი იყო, რომ პოლიციაში სამსახურისათვის თანამშრომელი იღებდა ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას (თუ იგი ნატურით არ ეძლეოდათ), რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო; დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებსა და კომპენსაციებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის, ისევე როგორც “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ დებულების” შესაბამისი ნორმებით დადგენილი იყო, რომ პოლიციელის ხელფასი მოიცავდა არა მარტო თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, არამედ _ ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას და სხვა. თუმცა 2000 წლის 28 ივნისის ¹413 კანონით “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით, ხსენებული კანონის 31-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის თანახმად, ხელფასი მოიცავდა მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნ. ქ-შვილის წინაშე სახელფასო დავალიანება მოპასუხეს წარმოეშვა 1998, 1999 და 2000 წლებში და დღეისათვის მოსარჩელე დავობს სწორედ ამ პერიოდში წარმოშობილ და შეუსრულებელ ვალდებულებებზე. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 1998, 1999, 2000 წლების კვების (ულუფის) კომპენსაცია და სახელფასო დავალიანება მოპასუხეს წარმოეშვა “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის ძველი რედაქციის მოქმედების პირობებში, რომლის დროსაც ხელფასში გათვალისწინებული იყო არა მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი, არამედ _ ნამსახურობის დანამატი, სასურსათო ულუფის ღირებულება და სხვა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის, აგრეთვე “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების” არც ერთი მუხლი არ შეიცავს დათქმას ახალი რედაქციის ნორმებისათვის უკუძალის მინიჭების თაობაზე. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების შესაბამისი მუხლების ახალი რედაქცია ძველ ურთიერთობებზე არ უნდა გავრცელდეს, რადგან კანონის ახალ ნორმას არ აქვს მინიჭებული უკუქმედების ძალა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნეს ის სამართლებრივი ნორმები (იმ რედაქციის სამართლებრივი ნორმები), რომელთა მოქმედების დროსაც წარმოიშვა სახელფასო დავალიანება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლზე (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) რომლის თანახმად, დადგენილია და შესაბამისად აღიარებულია, რომ 2005 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის გაცემა (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული კომპენსაციისა) უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად, ხოლო 2006 წლის 29 დეკემბერს მიღებული “საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ასევე აღირებს წინა წლებში წარმოქმნილ ფაქტობრივ დავალიანებებს და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობა მიეცათ, ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, გამოიყენონ ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არსებული დავალიანებების დასაფარავად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებას, არ არსებობს მოსარჩელის მიმართ არსებული 1998 წლის სახელფასო დავალიანების - 293, 62 ლარისა და 1998-1999-2000 წლების კვების(ულუფის კომპენსაციის) – 708, 00 ლარის ოდენობით ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 სექტემბრის განჩინება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე და 331 – ე მუხლების თანახმად, მოსარჩელის ნ. ქ-შვილის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1998 წლის სახელფასო დავალიანების – 293, 62 ლარისა და 1998-1999-2000 წლების კვების(ულუფის) კომპენსაციის - 708,00 ლარის ოდენობით ანაზღაურება, რომელიც საერთო ჯამში შეადგენს 1 001,62 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 სექტემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი, მოპასუხე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოსათვის მოსარჩელე _ ნ. ქ-შვილის სასარგებლოდ 1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების _ 443,78 ლარის ანაზღაურების შესახებ.
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 სექტემბრის განჩინება მოპასუხის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოსათვის, მოსარჩელის – ნ. ქ-შვილის სასარგებლოდ 1998 წლის სახელფასო დავალიანების – 293,62 ლარისა და 1998-1999-2000 წლების კვების(ულუფის) კომპენსაციის – 708,00 ლარის ოდენობით ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. ნ. ქ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
5. მოპასუხეს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს ნ. ქ-შვილის სასარგებლოდ დაეკისროს 1998 წლის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება – 293,62 ლარის ოდენობით;
6. მოპასუხე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს ნ. ქ-შვილის სასარგებლოდ დაეკისროს 1998-1999-2000 წლების კვების(ულუფის) კომპენსაციის ანაზღაურება – 708,00 ლარის ოდენობით;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.