საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-1612-1540(კ-09) 25 იანვარი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, მესამე პირების _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისა და შპს ,,...” მიმართ.
2003 წლის 17 ნოემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა საქართველოს სახელმწიფო აგრალურმა უნივერსიტეტმა, მოპასუხის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ 1822165 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
საქმის სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ არაერთხელ განხილვის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის განჩინებით საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქართველოს საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის განჩინების ასლი ჩაბარდა 2009 წლის 10 ნოემბერს (ს.ფ. 136), საკასაციო საჩივარი კი კასატორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2009 წლის 11 დეკემბერს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა მისთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად 2009 წლის 10 დეკემბერს, ოცდაოთხ საათზე ამოიწურა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტმა დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, რის გამოც საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს საქართველოს საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.