ბს-1620-1548(კ-09) 5 მაისი, 2010წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. დ-ძე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 22 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის _ ნ. დ-ძის მიმართ თანხის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ნ. დ-ძე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 1 აპრილის ¹822 ბრძანებით, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობის თანახმად, 2005 წლის 31 მარტიდან დაინიშნა სამხედრო მოსამსახურედ.
მოსარჩელის განმარტებით, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ამასთან, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება სახელმწიფოს შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებებით, რაც გულისხმობს დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებას, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
სამხედრო მოსამსახურე სრულ სახელმწიფო კმაყოფაზეა, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს. თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აქვს გამოყოფილი ასიგნებები და მათი მიზნობრივად გამოყენება სამინისტროს ვალდებულებაა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეთათვის განსაზღვრავს ხელფასის ოდენობას, კვების, სანივთე უზრუნველყოფისა და წვრთნისა და აღჭურვისთვის განსახორციელებლად წინასწარ დაგეგმავს ფულად სახსრებს, იგი ვალდებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თითოეული ლარი განკარგოს დანიშნულებისამებრ ანუ უზრუნველყოს საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიული, დისციპლინირებული, მაღალკვალიფიცირებული სამხედრო პერსონალით.
კონტრაქტის 7.3 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილით და “სამინისტროსთან” შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს, ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ “სამინისტრო” იძულებული გახდეს შეწყვიტოს 4 - (ოთხი) წლიანი კონტრაქტი, “სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს მასზე გათვალისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები: ა) ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 3 წლის ხელფასის სახით საშუალოდ 1400 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნება მთელი თვის ხელფასის შესაბამისად; ბ) ორი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 2 წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 1000 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნება ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად; გ) სამი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 5000 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნება ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე – ნ. დ-ძე სამხედრო შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბერს ¹3061 ბრძანებით 2005 წლის 14 ნოემბრიდან სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, საკონტრაქტო სამსახურის გამვლელთათვის დადგენილია არანაკლებ 3 - წლიანი ვადა, ხოლო ნ. დ-ძეს ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით, ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება 4 წელი ემსახურა შეიარაღებულ ძალებში. კონტრაქტის 7.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულების შეწყვეტიდან ათი დღის ვადაში, მოპასუხე ვალდებული გახდა აენაზღაურებინა სამინისტროსათვის მასზე გათვალისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეადგენდა 14000 ლარს, ხოლო 3.2 პუნქტი სამხედრო მოსამსახურის მომზადების პერიოდად განსაზღვრავს სამხედრო სამსახურის პირველ სამ თვეს, მოპასუხე – ნ. დ-ძე კი, როგორც დათხოვნის ბრძანებიდან ირკვევა გათავისუფლებულია შეიარაღებული ძალებიდან “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტით (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო), რის გამოც მასზე უნდა გავრცელდეს კონტრაქტის 7.3 პუნქტის მოქმედება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მოპასუხეს – ნ. დ-ძეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა ჯარიმის - 14 000 ლარის, ზიანის _ 3467,52 ლარისა და პირგასამტეხლოს - 14 000 ლარის 0,2%-ის ოდენობის ყოველდღიურად დაკისრება, 2005 წლის 25 ნოემბრიდან ძირითადი თანხის გადახდამდე.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო განცხადება ნ. დ-ძის მიმართ ხელშეკრულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების ნაწილში განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 აპრილის განჩინებით საქართველოს თავადაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 აპრილის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 აპრილის განჩინება და საქმე განსჯადობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელზე ნ. დ-ძისათვის ზიანის სახით - 3467,52 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ზ” პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებას. იმავე კოდექსის 651-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი და ასეთ პირობებში მის მიმართ არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები.
ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სარჩელი აღძრულია ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულების თაობაზე და მოსარჩელე ითხოვს ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო სამხედრო მოსამსახურის მხრიდან სამინისტროსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. სარჩელი ეფუძნება მხარეთა შორის სამხედრო სამსახურის თაობაზე დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას. კერძოდ, სამხედრო მოსამსახურის მიერ ხელშეკრულების (კონტრაქტის) 7.3 მუხლის არაჯეროვან შესრულებას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნ. დ-ძეს შორის დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც თვით ხელშეკრულების მუხლებით არის გათვალისწინებული და შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დებულებებს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სამხედრო მოსამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ დამსაქმებლის მიერ სათანადო ანაზღაურების - ხელფასის სახით ნ. დ-ძეს 2005 წლის 31 მარტიდან 2005 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით მიღებული აქვს 2 753,52 ლარი და სასურსათო ულუფა - 714 ლარი, სულ - 3467,52 ლარი.
კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის თანახმად, ,,სამხედრო მოსამსახურის” მიერ სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 4 (ოთხ) წელს...”, 3.2 პუნქტით: ,,სამხედრო სამსახურის პირველი 3 (სამი) თვე შეადგენს ,,სამხედრო მოსამსახურის” სწავლებისა და მომზადების პერიოდს, რაც შედის 3.1 მუხლით გათვალისწინებულ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში...”. მე-4 მუხლის 4.1 პუნქტის შესაბამისად, ,, სამხედრო მოსამსახურეს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში მიეცემა ანაზღაურება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით დადგენილი 1 ა) კატეგორიის ხელფასის სახით თვეში 447 ლარის ოდენობით. მე-5 მუხლის 5.1.2 პუნქტის თანახმად სამინისტრო ვალდებულია: სამხედრო მოსამსახურეს გადაუხადოს 4.1 მუხლში აღნიშნული ხელფასი”.
კონტრაქტის 5.1.5. მუხლით სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს სამხედრო მოსამსახურე კანონმდებლობით დადგენილი სასურსათო ულუფით.
აღნიშნული კონტრაქტიდან გამომდინარე, უდავოა, რომ სამხედრო მოსამსახურე კონტრაქტის გაფორმებიდან, მათ შორის, მომზადების პერიოდშიც უზრუნველყოფილია სათანადო ანაზღაურებით, ანუ ხელფასითა და სასურსათო ულუფით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის მხრიდან მიყენებულ ზიანს უწოდებს იმ ხარჯს, რაც ახალი სამხედრო მოსამსახურის მომზადებაზე იქნა გაწეული და ამ თანხას განსაზღვრავს ნ. დ-ძისათვის 2005 წლის 31 მარტიდან - 2005 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით გადახდილი თანხით.
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო მოსამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულება არ განსაზღვრავს რა ერთი წლის გასვლამდე კონტრაქტის შეწყვეტის პირობებში მოსამსახურის პასუხისმგებლობას, შესაბამისად, უსაფუძვლოა სამხედრო მოსამსახურის მიმართ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაც.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფდა საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის ეტაპობრივ წვრთნასა და მომზადებას ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ხარჯზე. მნიშვნელოვნად გაიზარდა სამხედრო მოსამსახურის მომზადებაზე დასახარჯი თანხების ისეთი აუცილებელი კომპონენტი, როგორიც არის გადასახდელი ხელფასი. აღსანიშნავია, რომ ხელფასის ზრდა გამოწვეული იყო სწორედ იმ გარემოებით, რომ პირი, რომელიც ვალდებულებას აიღებდა სრული 4 წლის ვადით ემსახურა სამხედრო მოსამსახურედ 4 წლის განმავლობაში მიიღებდა შესაბამისი ოდენობის ანაზღაურებას, რომლის გაცემა ხორციელდებოდა ეტაპობრივად და ის არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა ანალოგიური ოდენობის, თუ სამხედრო მოსამსახურე სხვა უფრო მოკლე ვადით სამსახურის გავლის ვალდებულებას იკისრებდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით განპირობებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტით, თავდაცვის სამინისტრომ ვერ მიაღწია მიზანს, ვერ მიიღო პროფესიულად გაწვრთნილი სამხედრო მოსამსახურე, ხოლო მის მომზადებაზე დახარჯული საბიუჯეტო თანხები (მათ შორის, სახელფასო თანხები) უშედეგოდ დაიხარჯა და იგივე დონის სამხედრო მოსამსახურის მომზადებაზე სამინისტრო იძულებული გახდა კვლავ გაეწია შესაბამისი დანახარჯები. ამდენად, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ თითქოს ახალი სამხედრო მოსამსახურის მომზადებისას გაცემული ხელფასი არ არის მიზეზობრივ კავშირში მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან.
შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო მოპასუხისგან არ ითხოვს მასზე გადახდილ ხელფასს, არამედ ეს არის მოპასუხის სანაცვლოდ დასაქმებულ სამხედრო მოსამსახურზე დახარჯული თანხა. ე.ი. სამინისტრო ითხოვს ზიანის სახით იმ თანხას, რომლის ხელახალ გადახდაც მას მოუწია ახალი სამხედრო მოსამსახურის იმ დონემდე გაწვრთნისათვის, რა დონეზეც იყო მოპასუხე კონტრაქტის დარღვევის დროისათვის.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის დაშვებულ ნაწილში საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება ხელშეკრულების შეფასების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და თავის მხრივ განმარტავს შემდეგს: კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება-დამატებების შედეგად, შემოღებულ იქნა ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცნება განსხვავებით მანამდე არსებული ადმინისტრაციული გარიგებისაგან. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ დამატებით მოთხოვნებს.
როგორც ნორმის შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას არ სარგებლობს კერძო პირისათვის დამახასიათებელი ნების ავტონომიის პრინციპით, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას განაპირობებს მის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია თავდაცვის მინისტრის სამხედრო ქვედანაყოფში სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა. მითითებული კონტრაქტის მონაწილე ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომლის საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას განეკუთვნება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა, ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან დადებულია სწორედ ზემოაღნიშნული ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად. ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას.
საკასაციო სასამართლო ეთნახმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობის თაობაზე და ადასტურებს სასამართლოს მხრიდან ხელშეკრულების 7.3 მუხლის თაობაზე განმარტების შესახებ წარმოდგენილი მოტივაციის მართებულობას.
ხელშეკრულების 7.3 მუხლი განსაზღვრავს თავდაცვის სამინისტროს მიერ ხელშეკრულების მოშლის საფუძვლებსა და სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილით და ,,სამინისტროსთან” შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს, ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ ,,სამინისტრო” იძულებული გახდეს შეწყვიტოს 4 - წლიანი კონტრაქტი. “სამხედრო მოსამსახურე” უპირობოდ ხდება ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს მასზე კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი ვადის ფულადი თანხები: ა) 1 (ერთი) წლის სამსახურის გავლის შემდეგ მომდევნო სამი წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 14000 ლარის ოდენობით; ბ) 2 (ორი) წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო ორი წლის ხელფასის სახით 10000 ლარის ოდენობით; გ) 3 (წლის) წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის ხელფასის სახით საშუალოდ 5000 ლარის ოდენობით.
ამდენად, როგორც ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსი ცხადყოფს, სამხედრო მოსამსახურეს ფულადი თანხების – ჯარიმის გადახდის ვალდებულება ეკისრება მხოლოდ კონტრაქტის 1-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ. რაც შეეხება ერთ წლამდე პერიოდს, აღნიშნულზე მხარეთა შორის ჯარიმა-საურავების თაობაზე შეთანხმება არ არსებობს, რაც გამორიცხავს სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის დაკისრებას კონტრაქტის ერთ წლამდე შეწყვეტის შემთხვევაში.
საქმეზე კი უდავოდაა დადგენილი, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნ. დ-ძეს შორის ხელშეკრულება დაიდო 2005 წლის 31 მარტს და შეწყდა 2005 წლის 22 ნოემბერს. ამდენად, ხელშეკრულების მოქმედების ვადამ შეადგინა 7 თვე და 14 დღე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 7.3 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შედეგად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს სამხედრო ძალებში სულ მცირე 1 წლის სამსახური, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ამდენად, არ არსებობს მოპასუხის მიმართ ხელშეკრულების 7.3 მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების სახით საჯარიმო თანხების გამოყენების საფუძველი.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდქსის ნორმები და ხელშეკრულების შესახებ სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის ¹3061 ბრძანებით ნ. დ-ძე კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობის გამო დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა ხელშეკრულებაზე. ადგილი აქვს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენებას, რომელიც იწვევს მხარეთა ორმხრივი ვალდებულებების გაქარწყლებას და ახალი ვალდებულების წარმოშობას, კერძოდ, მხარეებმა ხელშეკრულების შედეგად მიღებული შესრულება და სარგებელი უნდა დააბრუნონ (სკ-ის 352.1 მუხ.). ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანამად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიასა და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. ამდენად, თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. შესაბამისად, მოსამსახურის მიერ გაწეული სამსახურისათვის ხელფასის გადახდა შეადგენს დამსაქმებლის ვალდებულებას, ამდენად მოსარჩელის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ხელფასის თანხის დაბრუნების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო რაც შეეხება სასურსათო ულუფას (714 ლარს), საკასაციო სასამართლო თვლის, რომ იგი არ წარმოადგენს ხელფასის შემადგენელ ნაწილს, ამასთანავე ხელშეკრულებიდან გასვლა განპირობებულია მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით, რაც სკ-ის 352-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 407-ე მუხლის თანახმად, ქმნის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისათვს კვების კომპენსაციის თანხის ანაზღაურების ნაწილში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინება კვების კომპენსაციის ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფიდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნ. დ-ძისათვის კვების კომპენსაციის – 714 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინება კვების კომპენსაციის ნაწილში გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ. დ-ძეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს კვების კომპენსაციის _ 714 ლარის ანაზღაურება;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.