ბს-1636-1564(კ-09) 27 აპრილი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): ვ. ზ-ოვი, მ. თ-ია, გ. მ-შვილი, ზ. ქ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ოქტომბერი
სარჩელის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2009 წლის 5 მაისს ვ. ზ-ოვმა, მ. თ-იამ, გ. მ-შვილმა და ზ. ქ-შვილმა სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოითხოვეს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება (იხ.ს.ფ. 1-16).
საქმის გარემოებები:
მოსარჩელეები: ვ. ზ-ვი, მ. თ-ია, გ. მ-შვილი და ზ. ქ-შვილი წლების მანძილზე მუშაობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოში საგზაო პოლიციაში. მოპასუხეს მათ მიმართ 1998 წლიდან 2004 წლამდე დაუგროვდა გარკვეული რაოდენობის სახელფასო დავალიანება. მიუხედავად სახელფასო დავალიანების გადახდის მრავალჯერ მოთხოვნისა, მოპასუხე არ იხდიდა მას. მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს შს სამინისტროს მთავარ სამმართველოს, ეცნობებინა მათთვის, რამდენს შეადგენდა თითოეული მათგანის სახელფასო დავალიანება. მიმდინარე წლის აპრილში მიღებული წერილების პასუხიდან მათთვის ცნობილი გახდა სახელფასო დავალიანების ზუსტი ოდენობა.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოდან მიღებული პასუხით გაირკვა, რომ ვ. ზ-ოვის მიმართ 1998-2003 წლებში სახელფასო დავალიანებამ შეადგინა 1396,97 ლარი, მ. თ-იას მიმართ 1998-2003 წლებში - 1193,02 ლარი, გ. მ-შვილის მიმართ 1998-2003 წლებში - 1159,86 ლარი, ხოლო ზ. ქ-შვილის მიმართ 1999-2003 წლებში - 867,74 ლარი. ზემოაღნიშნული წერილებით მოპასუხე მხარემ, ფაქტობრივად, აღიარა მოსარჩელეთა მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობა. რაც შეეხებოდა მოთხოვნის ხანდაზმულობას, მოცემულ შემთხვევაში, მისი ათვლა უნდა დაწყებულიყო მოსარჩელეთა განცხადებებზე პასუხის მიღებისა და მოპასუხის მიერ სახელფასო დავალიანების აღიარების დღიდან, კერძოდ, 2009 წლის 16 აპრილიდან.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე, 26-ე მუხლების, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4, მე-14, 37-ე მუხლებისა და იმ პერიოდში მოქმედი “შრომის კანონთა კოდექსის” 96-ე მუხლის საფუძველზე.
მოპასუხემ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა _ ლ. დ-იამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, ხელფასი შედგებოდა თანამდებობრივი სარგოსა და წოდების დანამატისაგან. კვების ულუფისა და წელთა ნამსახურობის დანამატი წარმოადგენდა დამატებით კომპონენტებს, რაც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება იყო, ვინაიდან საჯარო სამსახურში მათი გაცემა ხორციელდებოდა გარკვეული პერიოდულობით, როგორც წესი, თვის ბოლოს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლის თანახმად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებზე ვრცელდებოდა სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. მისი ათვლა იწყებოდა მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ანუ იმ დროიდან, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეებს ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაეწყოთ 1998 წელს, რის გამოც მათი სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა (იხ. სხდომის ოქმი).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების: ვ. ზ-ოვის, მ. თ-იას, გ. მ-შვილისა და ზ. ქ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს მოსარჩელე ვიაჩესლავ ზუტიკოვის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება ხელზე მისაღები 422,83 ლარის ოდენობით, მ. თ-იას სასარგებლოდ - ხელზე მისაღები 272,90 ლარის ოდენობით, გ. მ-შვილის სასარგებლოდ - 251,85 ლარის ოდენობით, ზ. ქ-შვილის სასარგებლოდ - 395,74 ლარის ოდენობით; ვ. ზ-ოვს, მ. თ-იასა და გ. მ-შვილს უარი ეთქვათ 1998 წლის სახელფასო დავალიანებისა და კვების კომპენსაციის ანაზღაურებაზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო; ზ. ქ-შვილს უარი ეთქვა კვების კომპენსაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ 2009 წლის 10 აპრილს გაცემული ¹27/7/6/4-ზ/8, ¹27/7/6/4-თ/10, ¹27/7/6/4-მ/27, ¹27/7/6/4-ქ/10 ცნობებით დადასტურდა, რომ მოპასუხეს მოსარჩელეებისადმი გააჩნდა გარკვეული რაოდენობის სახელფასო დავალიანება, კერძოდ, ¹27/7/6/4-ზ/8 ცნობიდან გაირკვა, რომ ვ. ზ-ოვის მიმართ არსებული დავალიანება შეადგენდა 1396,97 ლარს; ¹27/7/6/4-თ/10 ცნობის თანახმად, მიხეილ თოფურიასადმი არსებული დავალიანება იყო 1193,02 ლარი; ¹27/7/6/4-მ/27 ცნობის საფუძველზე გ. მ-შვილისადმი მოპასუხეს ერიცხებოდა დავალიანება 1159,86 ლარის ოდენობით; ¹27/7/6/4-ქ/10 ცნობით ზ. ქ-შვილისადმი დავალიანება შეადგენდა 867,74 ლარს.
საქალაქო სასამართლომ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37.1 მუხლი და განმარტა, რომ მითითებული ნორმის თანახმად, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). აღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს მოსარჩელეების მიმართ გააჩნდა დავალიანება შემდეგი ოდენობით: ვ. ზ-ოვისადმი - 422,83 ლარი; მ. თ-იასადმი - 272,90 ლარი; გ. მ-შვილისადმი - 251,85 ლარი; ზ. ქ-შვილისადმი - 395,74 ლარი.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, რაც შეეხებოდა მოსარჩელეთა მოთხოვნას, 1998 წლის სახელფასო დავალიანების მოპასუხეზე დაკისრებასა და კვების კომპენსაციის ანაზღაურებას, სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.3 მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულად მიიჩნია 1998 წლის სახელფასო დავალიანების ნაწილში. ასევე, სასამართლომ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა გაავრცელა კვების ულუფის მოთხოვნის ნაწილზეც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.2. მუხლის შესაბამისად (იხ.ს.ფ. 59-61).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ზ-ოვმა, მ. თ-იამ, გ. მ-შვილმა და ზ. ქ-შვილმა, რომლებმაც მოითხოვეს საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო უკანონო, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, სათანადო შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. აპელანტის მოსაზრებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37.1 მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). იგი მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიასა და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის დადასტურება და აღიარება, რომელზედაც მეორე მხარე ამყარებდა თავის მოთხოვნას, სასამართლოს შეიძლებოდა ჩაეთვალა საკმარის მტკიცებულებად და საფუძვლად დაედო სასამართლო გადაწყვეტილებისათვის.
რაც შეეხებოდა ხანდაზმულობის საკითხს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდებოდა, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებდა მოთხოვნის არსებობას. ამდენად, ხანდაზმულობის შეწყვეტამდე გასული დრო მხედველობაში არ მიიღებოდა და ხანდაზმულობის ვადის დენა თავიდან უნდა დაწყებულიყო. ამავე კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, თუ შეწყდებოდა ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე გავლილი დრო მხედველობაში არ მიიღებოდა და ვადა დაიწყებოდა თავიდან. აქედან გამომდინარე, მოპასუხის მიერ ვალის აღიარებიდან უნდა ათვლილიყო ხანდაზმულობის ვადის დენა, როგორც სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე ამავე კოდექსის 128-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის საერთო ვადა (იხ.ს.ფ. 65-72).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აპელანტების: ვ. ზ-ოვის, მ. თ-იას, გ. მ-შვილისა და ზ. ქ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი, რომლითაც მოსარჩელეებს: ვ. ზ-ოვს, მ. თ-იას და გ. მ-შვილს უარი ეთქვათ 1998 წლის სახელფასო დავალიანებისა და კვების კომპენსაციის ანაზღაურებაზე; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების მე-7 პუნქტი, რომლითაც ზ. ქ-შვილს უარი ეთქვა კვების კომპენსაციის ანაზღაურებაზე და გაუქმებულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელეთა მოთხოვნა 1998 წლის სახელფასო დავალიანებისა და 1998-2003 წლების კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს დაეკისრა ვ. ზ-ოვის სასარგებლოდ (1998 წლის სახელფასო დავალიანება - 502,14 ლარი; 1999 წლის კვება - 177 ლარი, 2000 წლის კვება - 236 ლარი) 915 ლარის გადახდა; მ. თ-იას სასარგებლოდ (1998 წლის სახელფასო დავალიანება - 548,38 ლარი, 1999 წლის კვება - 177 ლარი, 2000 წლის კვება - 236 ლარი) 961,38 ლარის გადახდა; გ. მ-შვილის სასარგებლოდ (1998 წლის სახელფასო დავალიანება - 532,09 ლარი, 1999 წლის კვება - 177 ლარი, 2000 წლის კვება - 236 ლარი) 945 ლარის გადახდა; ზ. ქ-შვილის სასარგებლოდ (1999 წლის კვება - 177 ლარი, 2000 წლის კვება - 236 ლარი) 413 ლარის გადახდა; მოსარჩელეებს: ვ. ზ-ოვს, მ. თ-იას, გ. მ-შვილსა და ზ. ქ-შვილს უარი ეთქვათ 2003 წლის კვების კომპენსაციის ანაზღაურებაზე; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
მოსარჩელეები 1998-2003 წლებში მუშაობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში, ისინი იმყოფებოდნენ შრომით ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდნენ საჯარო მოხელეებს. საქმეში წარდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს 2009 წლის 10 აპრილის ¹27/7/6/4-ზ/8 ცნობიდან გაირკვა, რომ ვ. ზ-ოვის მიმართ არსებული დავალიანება შეადგენდა - 1396,97 ლარს; ¹27/7/6/4-თ/10 ცნობის თანახმად, მ. თ-იასადმი არსებული დავალიანება იყო - 1193,02 ლარი; ¹27/7/6/4-მ/27 ცნობის საფუძველზე გ. მ-შვილისადმი მოპასუხეს ერიცხებოდა დავალიანება - 1159,86 ლარის ოდენობით; ¹27/7/6/4-ქ/10 ცნობით ზ. ქ-შვილისადმი დავალიანება შეადგენდა 867,74 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37.1 მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რომლის გასტუმრებაზეც პასუხისმგებელი იყო ის დაწესებულება, სადაც მუშაკი მუშაობდა. ამავე კანონის 37.4 მუხლის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყარო იყო შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება ყოფილიყო მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.
“პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლითა (2003 წლამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულების “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 55-ე მუხლით (ძველი რედაქციით) გათვალისწინებული კვების ულუფა, წელთა ნამსახურობა და სხვა დანამატები წარმოადგენდა კანონით გათვალისწინებულ ისეთ დანამატებს, რომლებზედაც მითითებული იყო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37.1 მუხლში და რომლებიც განიხილებოდა საჯარო მოხელის შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) შემადგენელ ნაწილებად.
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის თანახმად, დადგენილი იყო, რომ 2005 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებული საჯარო მოხელეების მიმართ არსებული საბიუჯეტო დავალიანებები და კუთვნილი თანხის გაცემა უნდა განხორციელებულიყო წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად, ხოლო 2006 წლის 29 დეკემბერს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი “საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ”, რომლის მე-9 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ასევე აღიარებდა წინა წლებში წარმოქმნილ ფაქტობრივ დავალიანებებს და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობა მიეცათ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით გამოეყენებინათ ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არსებული დავალიანების დასაფარავად. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფო ბუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებას და რომლისთვისაც კარგად იყო ცნობილი მოსარჩელის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების არსებობა, მის ანაზღაურებაზე უარი, არსებული სახელმწიფო პოლიტიკის საწინააღმდეგო და შესაბამისად, კანონშეუსაბამო იყო. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა 1998-2000 წლის სახელფასო დავალიანებისა და კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში, საფუძვლიანი იყო და ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2000 წლის 28 ივნისის საქართველოს კანონის “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, თანახმად, კვების ულუფა არ განიხილებოდა საჯარო მოხელის შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) შემადგენელ ნაწილად და იგი განეკუთვნებოდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელეების მოთხოვნა 2003 წლის კვების კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე, ვერ იქნებოდა გაზიარებული, რამდენადაც მოსარჩელეებს გაშვებული ჰქონდათ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ მოქმედების განუხორციელებლობა - სახელფასო დავალიანების გაუცემლობა, პირდაპირ და უშუალო ინდივიდუალურ ზიანს აყენებდა მოსარჩელეთა კანონიერ უფლებასა და ინტერესს, რის გამოც საქმეზე გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უაკნონო იყო და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანდა გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებდა, განეხორციელებინა ეს მოქმედება ან თავი შეეკავებინა ამ მოქმედების განხორციელებისაგან (იხ.ს.ფ. 98-104).
სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ვ. ზ-ოვის, მ. თ-იასა და სხვათა წარმომადგენელმა _ გ. ი-შვილმა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტება და შესწორების შეტანა (იხ.ს.ფ. 109-110).
სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ასევე შსს ქ. თბილისის მთავარმა სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტება (იხ.ს.ფ. 111).
სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ვ. ზ-ოვის, მ. თ-იასა და სხვათა წარმომადგენლის _ გ. ი-შვილის, ასევე შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს განცხადებები არ დაკმაყოფილდა (იხ.ს.ფ. 114-116).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შიანაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარმა სამმართველომ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:
კასაციის მოტივი:
სააპელაციო სასამართლოს გადაწტვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, სასამართლოს მიერ არასრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის მასალები, რაც გადაწყვეტილების მიღებისას არაზუსტი ოდენობით თანხის დაანგარიშებაში გამოიხატა.
კასატორის მოსაზრებით, აპელანტების – მ. თ-იასა და გ. მ-შვილის მიმართ გაცემული 2009 წლის 10 აპრილის ფინანსური დავალიანების შესახებ ცნობის შესაბამისად, მათ სახელზე დარიცხული და ხელზე გასაცემი თანხები სხვადასხვაა, საშემოსავლო დაქვითვის გათვალისწინების გამო. 2009 წლის 10 აპრილის ¹27/7/6/4-თ/10 და ¹27/7/6/4-მ/27 ფინანსური დავალიანების შესახებ ცნობების მიხედვით, ყოველი თვის ბოლოს ცალკეული კომპონენტებისაგან შემდგარ ხელფასს ერთიანად აკლდებოდა საშემოსავლო გადასახადი და ხდებოდა ხელზე გასაცემი თანხების დათვლა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მ. თ-იას 1998 წლის სახელფასო დავალიანება - 548,38 ლარი, 1999 წლის კვება - 177 ლარი, 2000 წლის კვება - 236 ლარი, სულ 961,38 ლარი; გ. მ-შვილს: 1998 წლის სახელფასო დავალიანება - 532,09 ლარი, 1999 წლის კვება -177 ლარი, 2000 წლის კვება - 236 ლარი, სულ 945,09 ლარი. მოთხოვნის დაკმაყოფილებისას არ მომხდარა საშემოსავლო გადასახადის დაქვითვის გათვალისწინება, რის გამოც, მოსარჩელეებს დაუკმაყოფილდათ იმაზე მეტი, ვიდრე მათი მოთხოვნა იყო, ანუ მითითებული ცნობების მიხედვით, ხელზე მისაღებ თანხაზე მეტი. კერძოდ, მ. თ-იას _ 272,90 ლარი (საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით) 961,38 ლარი, სულ 1234,28 ლარი; გ. მ-შვილს _ 251,85 ლარი (საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით) და 945,09 ლარი, სულ, 1196,94 ლარი.
კასატორის მითითებით, შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ, 2009 წლის 20 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილ იქნა განცხადება 2009 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ, რასაც მეტი სიცხადისთვის დაერთო ფინანსური დავალიანების შესახებ ახალი ცნობა მ. თ-იასა და გ. მ-შვილის მიმართ, სადაც აღნიშნული დაქვითვა გათვალისწინებულ იქნა სწორედ ხელფასის შემადგენელი ცალკეული კომპონენტებიდან და მიღებულ იქნა შესაბამისი ჯამური მაჩვენებლები. კასატორის აზრით, სასამართლო არ უნდა გასცდენოდა მისი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული და დაუკმაყოფილებელი თანხების შეჯამებით მოსარჩელეთა მიერ რეალურად ხელზე ასაღები თანხის ოდენობას. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე (იხ.ს.ფ. 120-123).
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 23 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. “გ” პუნქტის საფუძველზე /პროცესუალური კასაცია/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება მოსარჩელე მ. თ-იას სასარგებლოდ 961,38 ლარისა და მოსარჩელე გ. მ-შვილის სასარგებლოდ 945.09 ლარის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 და 394.,,ე” მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოკვლია საქმის მასალები და სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასაციის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას არასწორად დაიანგარიშა მოსარჩელეებზე გასაცემი თანხების ოდენობა, კერძოდ საქმეში წარმოდგენილიაA2009 წლის 17 ნოემბრის ცნობა გ. მ-შვილისა და მ. თ-იას სახელფასო დავალიანების თაობაზე, რომელიც წინააღმდეგობრივია იმ მტკიცებულებასთან – ცნობასთან, რომელსაც დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელეებზე გასაცემი თანხების ხელზე ასაღები და დაქვითვის ოდენობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ცნობები ურთიერთწინააღმდეგობრივია და სხვადასხვა მონაცემებს ასახავს, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში სადავოა მ. თ-იას სასარგებლოდ 1998 წლის სახელფასო დავალიანება _ 548,38 ლარი, 1999 წლის კვება _ 177 ლარი, 2000 წლის კვება _ 236 ლარი, სულ 961,38 ლარი ხოლო გ. მ-შვილის სასარგებლოდ 1998 წლის სახელფასო დავალიანება _ 532,09 ლარი, 1999 წლის კვება _ 177 ლარი, 2000 წლის კვება 236 ლარი, სულ 945,09 ლარი. აღნიშნული თანხების დაკისრებისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქმეში არსებული 2009 წლის 10 აპრილის ცნობებით, რომლის თანახმად მ. თ-იას სახელფასო დავალიანება შეადგენდა 1193,02 ლარს, ხოლო გ. მ-შვილის სახელფასო დავალიანება 1159,86 ლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მ. თ-იას და გ. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მ. თ-იას სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 272,90 ლარის გადახდა, ხოლო გ. მ-შვილის სასარგებლოდ _ 251,85 ლარის გადახდა, ხოლო სარჩელი 1998 წლის სახელფასო დავალიანებისა და კვების კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო /იხ.ს.ფ. 61/. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. მ-შვილის და მ. თ-იას მიერ სარჩელის დაუკმაყოფილებელ 1998 წლის სახელფასო დავალიანებისა და კვების კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში ანუ მ. თ-იას მიერ (1193,02-272,90) 920, 12 ლარის ნაწილში 2009 წლის 10 აპრილის ცნობის თანახმად, და გ. მ-შვილის მიერ (1159,86-251,85) 908, 01 ლარის ნაწილში, 2009 წლის 10 აპრილის ცნობის თანახმად /იხ.ს.ფ. 65/. საქმეში წარმოდგენილი 2009 წლის 19 ნოემბრის ცნობის თანახმად, გ. მ-შვილის 1998 წლის ხელზე გასაცემი ხელფასი, 1999 და 2000 წლების კვების კომპენსაცია სულ შეადგენს 577,61 ლარს, ხოლო მ. თ-იას 1998 წლის ხელფასი, 1999 და 2000 წლების კვების კომპენსაცია სულ _ 778, 52 ლარს /იხ.ს.ფ. 112/. აღნიშნული მტკიცებულება საერთოდ არ არის შეფასებული სააპელაციო სასამართლოს მიერ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მეორე წინადადებაში მოცემულია მოსამსახურის ხელფასის ცნება, რომლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიასა და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებდა, რომ პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებდა ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისთვის დადგენილ განაკვეთს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო; დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშობისთვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისთვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. ამასთან, “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლი, 2000 წლის 28 ივნისის ¹413 კანონით განხორციელებული ცვლილების შედეგად, პოლიციის თანამშრომლის ხელფასის ცნებაში გულისხმობდა მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს, მოპასუხე მხარეს და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. დისპოზიციურობის პრინციპი ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია საპროცესო სამართალში, რაც ნების ავტონომიიდან გამომდინარეობს და თავის მხრივ, გულისხმობს, რომ მხარეები თავისუფალნი არიან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო შეზღუდულია დისპოზიციურობის პრინციპით, რის გამოც, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კასაციის მოტივს, რომ მ. თ-იასა და გ. მ-შვილის მიმართ გაცემული 2009 წლის 10 აპრილის ფინანსური დავალიანების შესახებ ცნობის შესაბამისად, მათ სახელზე დარიცხული და ხელზე გასაცემი თანხები სხვადასხვაა, საშემოსავლო დაქვითვის გათვალისწინების გამო.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებს (სახელფასო დავალიანების ცნობები), შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით, ოფიციალობის პრინციპის საფუძველზე სარწმუნოდ დაადგინოს ფაქტობრივი გარემოება, თუ კონკრეტულად რა ოდენობის თანხა უნდა გაიცეს მოსარჩელეებზე _ მ. თ-იასა და გ. მ-შვილზე, აღნიშნულის შეფასების შემდეგ სასამართლომ უნდა გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოების შესახებ, სარჩელი რა ოდენობის თანხის ნაწილში ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე უნდა დაადგინოს მ. თ-იასა და გ. მ-შვილის მიმართ სახელფასო დავალიანების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებისას გათვალისწინებულია თუ არა საშემოსავლო გადასახადის დაქვითვა, რამდენადაც ის ფაქტი, სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას შეფასდა თუ არა ხელზე გასაცემი და დასაქვითი თანხების ოდენობა საქმის მასალებით და წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას შეფასება უნდა მისცეს აღნიშნულ გარემოებას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისი აღმოჩნდა მოსარჩელეთა (მ. თ-ია და გ. მ-შვილი) მიმართ არსებული ხელზე მისაღები თანხების ოდენობის განსაზღვრისათვის, სააპელაციო სასამართლომ უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, შეაფასოს და მათი გამოკვლევისა და ურთიერშეჯერების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 412.2 მუხლის შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც, სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. ამდენად, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 372-ე, 399-ე, 408.2 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.