Facebook Twitter

ბს-164-158(კ-10) 4 მაისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ლ. ბ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2008 წლის 24 ოქტომბერს რ. რ-შვილმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, კავშირი “...”, ლ. ბ-ძის მიმართ, III პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მონაწილეობით და მოითხოვა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილების, რეგისტრაციის წარმოებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 26 სექტემბრის ¹01/115479/3233/5 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, კავშირი “...” საკუთრებად სადავო მიწის ნაკვეთის 2005 წლის 2 ნოემბრის საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის ბათილად ცნობა, ლ. ბ-ძის სახელზე მითითებული ნაკვეთის 2005 წლის 29 დეკემბრის თარიღით შედგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მისივე სახელზე ამ ნაკვეთის 2007 წლის 18 ივლისის თარიღით სააჯრო რეესტრში ¹012100710/781 ნომრით საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა და სადავო მიწის ნაკვეთის რ. რ-შვილზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის განხორციელება (იხ. ტ.I, ს.ფ. 5-16).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კავშირი “...” საკუთრებად სადავო მიწის ნაკვეთის 2005 წლის 3 ნოემბრის ¹57067/2005 რეგისტრაციის თაობაზე თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც კავშირი “...” სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა რ. რ-შვილის საკუთრებაში არსებული ქონება, მდებარე ქ. ..., კოდი-72, სექტორი-ლისი, კოდი-16, კვარტალი-15, ნაკვეთის ¹365, 0,1ჰა ნაწილში და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა სადავო საკითხზე არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად ახალი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 6 აგვისტოს ¹882008236275-03 გადაწყვეტილება რ. რ-შვილისათვის სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 26 სექტემბრის ¹01/115479/3233/5 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რ. რ-შვილის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; რ. რ-შვილის სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, რ. რ-შვილზე სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღრიცხვის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაევალა რ. რ-შვილის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის ანაზღაურება (იხ. ტ.I, ს.ფ. 297-311).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს “...” და ლ. ბ-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა რ. რ-შვილის მოთხოვნა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.I, ს.ფ. 357-365).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით “...” და ლ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ. ტ.II, ს.ფ. 61-66).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს “...” და ლ. ბ-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.II, ს.ფ. 93-99).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 12 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი “...” ნაწილში დარჩა განუხილველად (იხ. ტ.II, ს.ფ. 105-107).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-ძემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.II, ს.ფ. 129-138).

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 4 მარტის განჩინებით ლ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ტ.II, ს.ფ. 159-160).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინა ლ. ბ-ძემ.

კასატორის მითითებით სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ამასთან, არ იქნა გამოკვლეული საქმის მასალები სრულყოფილად, შესაბამისად საქართველოს ადმინისტრაციოული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი ექვემდებარება დასაშვებად ცნობას (იხ. ტ.II, ს.ფ).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ ლ. ბ-ძის საკასაციო არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება - სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის - ლ. ბ-ძის მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ლ. ბ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 401.4. მუხლის შესაბამისად, კასატორ – ლ. ბ-ძეს მის მიერ გადახდილი სახლმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის (500 ლარის) 70% _ 350 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორ – ლ. ბ-ძეს მის მიერ გადახდილი სახლმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის (500 ლარის) 70% _ 350 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.