ბს-1650-1578(კ-09) 19 მაისი, 2010 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი
კასატორი – ი/მ ,,მ. კ-ძე”; წარმომადგენელი – დ. ა-ძე
მოწინააღმდგე მხარე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი; წარმომადგენელი – ს. კ-ძე
მესამე პირები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური; წარმომადგენელი – მ. დ-შვილი; შპს ,,...”; შპს ,,...”; შპს ,,...”
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – დღგ-ის ჩათვლების აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2003 წლის 22 აგვისტოს ი/მ ,,მ. კ-ძემ” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თბილისის მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ დღგ-ის ჩათვლების აღდგენის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის ჩასათვლელი დღგ-ის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და დღგ-ის 12636,76 ლარის ჩათვლას.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 4 ნოემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის გადაწყვეტილებები ი/მ ,,მ. კ-ძეს” მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად გადახდილი ჩასათვლელი დღგ-ს გაუქმების შესახებ; ი/მ ,,მ. კ-ძეს” დღგ-ს ანგარიშში გადახდილად ჩაეთვალა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად გადახდილი დღგ – 12636,76 ლარის ოდენობით.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა და მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ.
აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 23 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ შპს ,,...”, შპს ,,...”, შპს ,,...”.
სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 02.01.02 წ. ¹01-05-40/265; 21.01.02 წ. ¹01-00-40/265; 21.01.02 წ. ¹01-00-40/224 და 29.10.02 ¹476 შეტყობინებების ბათილად ცნობა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ი/მ ,,მ. კ-ძის” სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ,,მ. კ-ძემ”.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივლისის განჩინებით ი/მ ,,მ. კ-ძის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაონული სასამართლოს 2004 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი/მ ,,მ. კ-ძის” სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ აპელანტების მიერ დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებებით, შედარების აქტებით, დადგენილ იქნა, რომ მესამე პირების დავალიანება მოიცავდა 2001-2002 წლების პერიოდსაც, რის გამოც გამყიდველის მიერ დღგ-ს ბიუჯეტში გადაუხდელობის გამო მართებული იყო საგადასახადო ორგანოს უარი ინდმეწარმე ,,მ. კ-ძისათვის” დღგ-ს ჩათვლის თაობაზე.
ამასთან, სააპელაციო პალატის განმარტებით, საყურადღებოა, რომ მოსარჩელე არსებითად აპელირებს მის მიერ მყიდველებისათვის დღგ-ს გადახდაზე, რითაც თავისთავად უარყოფილი არ არის მესამე პირთა მიერ ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისი ეგზემპლარების საგადასახადო ინსპექციაში წარუდგენლობისა და სათანადო თანხის ბიუჯეტში გადაუხდელობის ფაქტი.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ,,მ. კ-ძემ”.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
2010 წლის 19 მაისის სასამართლო სხდომაზე ი/მ ,,მ. კ-ძემ” შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ი/მ ,,მ. კ-ძის” შუამდგომლობის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მისი შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება ი/მ ,,მ. კ-ძის” სარჩელზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართლაწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე – ი/მ ,,მ. კ-ძემ” უარი განაცხადა რა სარჩელზე, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე მხარის ნების შეუზღუდავი გამოვლენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
საკასაციო სასამართლოს ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნია მხარეებისათვის იმაზე მითითება, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხევევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საკასაციო პალატა, ასევე, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სარჩელზე უარს აცხადებს ფიზიკური პირი, ი/მ ,,მ. კ-ძე”, რის გამოც, სასამართლო ვერ გამოიყენებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის დებულებებს და არ ამოწმებს სარჩელზე უარის თქმის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი/მ ,,მ. კ-ძის” შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ დავაზე შეწყდეს საქმის წარმოება, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება და თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯების ოდენობა განახევრდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე ან მოპასუხემ ცნო სარჩელი, აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ი/მ ,,მ. კ-ძემ” უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. კ-ძეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (632 ლარი) ნახევარი 316 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე და 272-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი/მ ,,მ. კ-ძის” შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება და თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. ი/მ ,,მ. კ-ძის” სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება;
4. მოსარჩელეს განემარტოს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
5. მ. კ-ძეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (632 ლარი) ნახევარი _ 316 ლარი, ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.