Facebook Twitter

ბს-166-164(კ-11) 29 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ჯ. ჭ-ძის სარჩელის გამო შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2010 წლის 12 ივლისს ჯ. ჭ-ძემ სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრება (იხ. ს.ფ. 1-9; ტ.I).

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით ჯ. ჭ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება 937,60 ლარის ოდენობით, ხოლო 2003 წლის ნოემბრის ულუფის კომპენსაციისა და წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი ხანდაზმულობის გამო (იხ. ს.ფ. 35-38; ტ.I).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარმა სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება 1998-2000 წლების გარკვეული თვეების კვების კომპენსაციის – 432 ლარისა და წელთა ნამსახურობის დანამატის _ 48,28 ლარის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ხანდაზმულობის გამო (იხ. ს.ფ. 43-52; ტ.I).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინებით შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 10-15; ტ.II).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარმა სამმართველომ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 19-27; ტ.II).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 4 თებერვლის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად. მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 38-39; ტ.II).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.