ბს-1667-1623(კ-10) 23 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 06.04.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ ო. მ-შვილის მიმართ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხემ თავდაცვის სამინისტროსთან 01.07.06წ. გააფორმა კონტრაქტი პროფესიული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 14.05.07წ. ¹1466 ბრძანებით ო. მ-შვილი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ჯარიმის _ 20840,7 ლარის, პირგასამტეხლოს _ ჯარიმის თანხის 30%-ის _ 6252,21 ლარის და ზიანის საკომპენსაციო თანხის _ 4836,09 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თელავის რაიონული სასამართლოს 11.06.10წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ო. მ-შვილის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ო. მ-შვილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის _ 20530,7 ლარის და პირგასამტეხლოს _ 6159,21 ლარის გადახდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი ეთქვა ზიანის _ 4836,09 ლარის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.09.10წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოცემულ საქმეზე თელავის რაიონული სასამართლოს 11.06.10წ. გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის, რომლითაც ო. მ-შვილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის სახით დაეკისრა _ 20530,7 ლარის და პირგასამტეხლოს _ 6159,21 ლარის გადახდა, შეცვლით ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა, ო. მ-შვილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის სახით დაეკისრა _ 20840,7 ლარის და პირგასამტეხლოს _ 6252,21 ლარის გადახდა, გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.09.10წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.