Facebook Twitter

ბს-167-161(კ-10) 10 ნოემბერი, 2010წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

ნიკოლოზ მარგველაშვილის მდივნობით

კასატორები (მოსაჩელეები) – დ. კ-ძე, ნ. პ-ძე, გ. გ-შვილი, ლ. მ-ელი, მ. ხ-ავა, ლ. მ-ძე, დ. ჭ-შვილი და სხვ.

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – ქ. თბილისის მერია, ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის საქალაქო სამსახური

მესამე პირები – შპს “...”, მ. ჭ-ელი

დავის საგანი – თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 03.07.06წ. ¹360.ბ ბრძანება პროექტის დასამუშავებლად ქალაქმშენებლობითი პირობების გაცემასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით საქმის განხილვის თაობაზე; ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 07.02.07წ. ¹20/96 ბრძანება არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ... (ყოფილი ...) გამზ. ¹24-ის მიმდებარედ; ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 19.03.07წ. ¹6/212 ბრძანება მშენებლობის ნებართვის შესახებ

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.11.09წ. გადაწყვეტილება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქ. თბილისში, ... 24 “ა”-ში და ... ქ. მე-2 კორპუსში მცხოვრებმა პირებმა დ. კ-ძემ, ა. ლ-ძემ და სხვებმა (სულ 13 პირი) სარჩელი აღძრეს მოპასუხე ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირების – შპს “...”, მ. ჭ-ელის წინააღმდეგ და აღნიშნეს, რომ მათი საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ძველი შენობის დემონტაჟის პერიოდში შეიტყვეს, რომ მათი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენდეს მრავალსართულიანი შერეული ტიპის (საოფისე და საცხოვრებელი) შენობა. ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურში განცხადების შეტანის შემდეგ, 20.06.07წ. ჩატარდა ზეპირი განხილვა, სადაც მოსარჩელეებმა მოითხოვეს ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ უკვე გაცემული მშენებლობის ნებართვის შეჩერება და საქმის გარემოებების დამატებითი გამოკვლევა. 22.07.07წ. სამსახურის მიერ ჩატარდა ადგილზე დათვალიერება, თუმცა სამსახურს გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) არ მიუღია. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ შპს “...” მ. ჭ-ელისაგან შეიძინა ... ქ. 24 “ა”-ს მიმდებარე ტერიტორიაზე 362კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც დგას ძველი საწყობის ტიპის ნაგებობა. მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს მიმართა ამავე კორპუსის მაცხოვრებელმა მ. ჭ-ელმა, რომელმაც წარუდგინა სამსახურს ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლიდანაც ირკვევა, რომ მ. ჭ-ელმა საკუთრების უფლება ნაკვეთზე შეიძინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 10.01.97წ. ¹01.34.82 დადგენილების საფუძველზე, ხოლო მისი საკუთრების უფლება რეგისტრაციაში 22.03.06წ. გატარდა. არქივიდან 26.06.07წ. მიღებული წერილით დასტურდება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტს 10.01.97წ. ¹01.34.82 დადგენილება არ მიუღია, შესაბამისად, დადგენილება არის არარა აქტი, ვინაიდან უცნობია ამ აქტის მიმღები ორგანო (სზაკ-ის მე-60 მუხლის “ა” ქვეპუნქტი). იუსტიციის მინისტრის 13.12.06წ. ¹800 ბრძანებით დამტკიცებული “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის 68.1 მუხლის თანახმად, რეგისტრატორის გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლერივი აქტი, შესაბამისად, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება და ჩანაწერი ბათილად, ხოლო მუნიციპალიტეტის კაბინეტის დადგენილება არარად უნდა იქნებს ცნობილი.

მოსარჩელეები თვლიან, რომ მ. ჭ-ელსა და შპს “...” შორის დაიდო თვალთმაქცური გარიგება (სკ-ის 56-ე მუხ.), მ. ჭ-ელი ინარჩუნებს ინტერესს ნაკვეთის და მასზე აშენებული შენობის მიმართ, შპს “...” მიერ ნაკვეთის შეძენით იქმნება კეთილსინდისიერი შემძენის იმიტაცია, ვინაიდან შპს “...” უფლებას უკვე ადასტურებს არა 10.01.97წ. არარსებული დადგენილება, არამედ სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება.

საქართველოს მთავრობის 11.08.05წ. ¹140 დადგენილების 6.2 მუხლის თანახმად, ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური ვალდებული იყო გამოეცა ქალაქმშენებლობითი პირობების დადგენის შესახებ ადმინისტრაციული აქტი, შემდეგ პროექტის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციული აქტი და მხოლოდ ამის შემდეგ მშენებლობის ნებართვა. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ქალაქგეგმარებითი პირობების დადგენა საჯარო ადმინისტრაციული წესით წარმოებს, აუცილებელი იყო საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნება (სზაკ-ის 116-ე მუხლი), ზეპირი მოსმენის ჩატარება. ზეპირი განხილვის შესახებ ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 03.07.06წ. ¹ა/წ-360 ბრძანების ტექსტში გამოტოვებულია ზეპირი მოსმენის გამართვის თვე, რიცხვი და საათი, რის გამოც მისი შესრულება თავიდანვე შეუძლებელი იყო. აღნიშნულის შედეგად დაირღვა მიმდებარე კორპუსის მაცხოვრებელთა უფლება, წარედგინათ თავიანთი მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ... ქ. ¹24 “ა”-ში მდებარე კორპუსს 1992 წელს ჩაუტარდა გასამაგრებელი სამუშაოები, მიუხედავად ამისა ბზარების რაოდენობა გაიზარდა, დღეისთვის კორპუსი საჭიროებს გამაგრებას. კორპუსზე განხორციელდა მიშენება-დაშენებები, რის შედეგადაც შეიცვალა კორპუსის პარამეტრები, ხოლო სამსახური კორპუსსა და ასაშენებელი შერეული ტიპის ობიექტს შორის მანძილების გამოთვლისას ხელმძღვანელობდა ძველი ნახაზებით. გარდა ამისა, გაურკვეველია, კონკრეტულად რომელი ნაკვეთის საინჟინრო გეოლოგიური დასკვნა წარედგინა ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს, საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა შპს “...” მიერ, რომლის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ობიექტი უნდა აშენდეს ავტოტექმომსახურების ობიექტის ადგილას მაშინ, როდესაც ავტოტექმომსახურების ობიექტი ამ ადგილას არასოდეს ყოფილა. ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს არ გამოუკვლევია აგრეთვე მშენებლობის ნებართვის შპს “...” გაცემის შესახებ საკითხი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს: მუნიციპალიტეტის კაბინეტის 10.01.97წ. ¹01.34.82 დადგენილების არარა აქტად ცნობა; მ. ჭ-ელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 22.03.06წ. გადაწყვეტილების და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა; შპს “...” საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 28.05.07წ. გადაწყვეტილების და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა; არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 07.02.07წ. ¹20/96 ბრძანების ბათილად ცნობა; ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 19.03.07წ. ¹6/212 მშენებლობის ნებართვის შესახებ ბათილად და ამავე სამსახურის 03.07.06წ. ¹ა/წ/360 ბრძანების არარად ცნობა.

ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.07.07წ. და 01.10.07წ. განჩინებებით ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 07.02.07წ. ¹20/96 ბრძანება არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ შეჩერდა თბილისის სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქმის გადაწყვეტამდე.

მოსარჩელეების წარმომადგენლების შუამდგომლობის საფუძველზე, 24.07.07წ. საოქმო განჩინებით საქმის განხილვაში მოპასუხედ ჩაება ქ. თბილისის მერია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.11.07წ. განჩინებით თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 10.01.97წ. ¹01.34.82 დადგენილების არარა აქტად აღიარების თაობაზე საქმის განხილვა-გადაწყვეტასა და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდა საქმის წარმოება სხვა მოთხოვნების ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.11.07წ. განჩინებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მუნიციპალიტეტის კაბინეტის 10.01.97წ. ¹01.34.82 დადგენილება აღიარებულ იქნა არარა აქტად. 31.03.08წ. განჩინებით საქმის წარმოება დანარჩენ ნაწილში, კერძოდ, ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 03.07.06წ. ¹360.ბ. ბრძანების არარა აქტად აღიარების, ამავე სამსახურის 07.02.07წ. ¹20/96 ბრძანების და 19.03.07წ. ¹6/212 მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებების და საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერების ბათილად ცნობის ნაწილში განახლდა. 09.09.08წ. განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საკითხის განხილვა-გადაწყვეტამდე.

საქალაქო სასამართლოს 09.09.08წ. საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა წარმომადგენლის შუამდგომლობა, შეჩერდა საქმის წარმოება საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის ნაწილში, საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საკითხის გადაწყვეტამდე. 09.09.08წ. სასამართლო სხდომაზე დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა, ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 03.07.06წ. ¹360.ბ ბრძანების არარა აქტად აღიარების ნაცვლად მოსარჩელეებმა მოითხოვეს ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.09.08წ. გადაწყვეტილებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი: 1) ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 03.07.06წ. ¹360.ბ ბრძანება ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში ... (ყოფილი ...) გამზირი ¹24 “ა”-ში მოქალაქე მ. ჭ-ელის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის არქიტექტურული პროექტის დასამუშავებლად ქალაქმშენებლობითი პირობების გაცემასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით საქმის განხილვის თაობაზე; 2) ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 07.02.07წ., ¹20/96 ბრძანება არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ; 3) ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 19.03.07წ. ¹6/212 მშენებლობის ნებართვის შესახებ; თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად დაევალა, ბათილად ცნობილ აქტებთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტები გამოცემულია სზაკ-ის მოთხოვნათა დარღვევით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 03.07.06წ. ბრძანებით დაუდგენელია 2006 წლის რომელ თვეს, რიცხვში და საათზე ჩატარდა პროექტის დასამუშავებლად ქალაქმშენებლობითი პირობების გაცემასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, ასეთი ბრძანება რომც გამოკრულიყო სტენდზე, დაინტერესებული პირების ადმინისტარციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება შეუძლებელი იყო ბრძანების არასრულყოფილების გამო. სასამართლომ გამორიცხა მ. ჭ-ელის კანონიერი ნდობა აქტებისადმი, ვინაიდან სასამართლოს 08.11.07წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსაჩელეების სარჩელი და მუნიციპალიტეტის კაბინეტის 10.01.97წ. ¹01.34.82 დადგენილება მ. ჭ-ელისათვის ნაკვეთის დამაგრების შესახებ აღიარებულ იქნა არარა აქტად. სასამართლო კოლეგიამ სზაკ-ის 32-ე, 34-ე, 601.2, 96-ე მუხლების საფუძველზე მიიჩნია, რომ აქტი გამოცემულია მისი მომზადების წესის არსებითი დარღვევით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივდა ქ. თბილისის მერიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 11.08.05წ. ¹140 დადაგენილების თანახმად, საჯარო წარმოების ჩატარება ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება მხოლოდ პირველ სტადიაზე – ქალაქმშენებლობითი პირობების დადგენისას, მეორე და მესამე სტადია – პროექტის შეთახმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა მიმდინარეობს მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით, შესაბამისად, სასამართლომ არასწორად მიუთითა საჯარო ადმინისტრაციული წესების დაცვით სამივე ეტაპის გავლის საჭიროებაზე. აპელანტმა აღნიშნა აგრეთვე, რომ გამოქვეყნებულ ცნობაში მითითებული იყო დოკუმენტის მიღების თარიღი, სადავო აქტები ზიანს არ აყენებენ მოსარჩელეებს, შპს “...” არის კეთილსინდისიერი შემძენი, რის გამოც აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა აგრეთვე შპს “...” მიერ, რომელმაც აღნიშნა, რომ მოსარჩელეები არ იყვნენ უფლებამოსილი მოეთხოვათ აქტების ბათილობა, ვინაიდან არ იკვეთება მათი კანონიერი ინტერესი.

სააპელაციო პალატის 27.01.09წ. საოქმო განჩინებით, “ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის თაობაზე” ქ. თბილისის მთავრობის 29.12.08წ. ¹25.04.872 და “ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ” დადგენილებების და სსკ-ის 92-ე მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგინდა ქ. თბილისის მერია და ქ. თბილისის მერიის სსიპ- ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური.

სააპელაციო სასამართლოს 20.10.09წ. განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება აპელანტ ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით მერიის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.11.09წ. გადაწყვეტილებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 11.09.08წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. კ-ძის და სხვათა სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელეების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა მოსაზღვრე ნაკვეთის მიჯნის ან/და სამშენებლო ნორმების და წესების დარღვევა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 03.07.06წ. ¹ა/წ360 ბრძანებაში ზეპირი მოსმენის ჩატარების დღის არ მითითება არ ქმნის ადმინისტრაციული წარმოების სახის ისეთ არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს მთავრობის 11.08.05წ. ¹140 დადგენილების მე-6 და მე-10 მუხლების მიხედვით, განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ, ორგანო დაუყოვნებლივ აქვეყნებს ცნობას საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ, ხოლო საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენიდან 20 დღის განმავლობაში ნებისმიერი პირი უფლებამოსილი იყო, წერილობით წარედგინა თავისი მოსაზრებები, ხოლო ზეპირი მოსმენა გაიმართებოდა მოსაზრებების წარდგენის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 7 დღისა. პალატამ მიიჩნია, რომ ბრძანების გამოცემისას ზეპირი მოსმენის დღე ვერ იქნებოდა განსაზღვრული, რადგან იგი დამოკიდებული გახლდათ წერილობითი მოსაზრებების წარდგენაზე. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მშენებლობის ადგილზე გამოკრული იყო ბანერი (საინფორმაციო დაფა). ამასთანავე, ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 03.07.06წ. ¹ა/წ360 ბრძანება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არის აღსრულებული, რადგან ამავე სამსახურის მიერ 27.10.06წ. დადგინდა ქალაქმშენებლობითი პირობები, 07.02.07წ. ¹20/96 ბრძანებით შეთანხმდა პროექტი და 19.03.07წ. გაიცა მშენებლობის ნებართვა, რომელიც ძალაში იყო 2008 წლის 2 მარტამდე. შესაბამისად, აქტის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისთვის მას არ შეიძლება მოჰყოლოდა სამართლებრივი შედეგი, შესაბამისად, არც მ. ჭ-ელს და შპს “...” ენიჭებოდათ რაიმე უფლება ან სარგებელი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელეების - დ. კ-ძის და სხვათა მიერ. კასატორები აღნიშნავენ, რომ 03.07.06წ. ¹ა/წ360 ბრძანება ემსახურებოდა მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების გასამართი ზეპირი განხილვის ადგილისა და თარიღის განსაზღვრას, თუმცა ბრძანებაში სწორედ კონკრეტული თარიღი და ადგილია გამოტოვებული, რის გამო დაინტერესებულმა პირებმა ვერ შეძლეს თავიანთი უფლებების რეალიზაცია. საფუძველს მოკლებულია სასამართლოს მოსაზრება, რომ წინასწარ ზეპირი განხილვის დღის განსაზღვრა შეუძლებელი იყო, ამ მითითებას პალატა თავადვე უარყოფს იმის აღნიშვნით, რომ 20-დღიანი ვადის ამოწურვიდან 7 დღის ვადაში ზეპირი განხილვა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ჩატარებულიყო.

კასატორები თვლიან, რომ სააპელაციო სასამართლოს მითითება მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის ამოწურვის შესახებ არ ქმნიდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, თუ სააპელაციო პალატა თვლიდა, რომ ნებართვამ დაკარგა ძალა, მას უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება. მშენებლობის ნებართვის ძალის დაკარგვის შემთხვევაში, შპს “...” ახალი ნებართვის აღება მოუწევს, ახალი ნებართვის აღების პროცედურა კი თავისთავად გულისხმობს მოსარჩელეთა მონაწილეობით წარმოების ჩატარებას, მოსარჩელეთა მოთხოვნაც სწორედ ეს იყო. ასეთ შემთხვევაში, გაუგებარია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებით სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, გაუქმდა სადავო აქტები და ადმინისტრაციულ ორგანოს აქტის გამოცემა დაევალა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. გაუგებარია აგრეთვე შპს “...” ინტერესი სააპელაციო საჩივრის წარდგენისას. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ შეაფასა შპს “...” დასკვნა.

საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორებმა მოითხოვეს სადავო აქტების ბათილად ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. კ-ძის, ნ. პ-ძის, გ. ხ-ძის, მ. ხ-ავას, ლ. მ-ელის, გ. გ-შვილის, დ. ჭ-შვილის და სხვათა საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.11.07წ. განჩინებით მუნიციპალიტეტის კაბინეტის 10.01.97წ. ¹01.34.82 დადგენილება აღიარებულ იქნა არარა აქტად. საქმის მასალებით დასტურდება აგრეთვე, რომ საჯარო რეესტრში მ. ჭ-ელსა და შპს “...” შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში საქმე განსჯადობით გადაიგზავნა სამოქალაქო კოლეგიაში, რის გამოც საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.09.08წ. განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება შპს “...” სახელზე საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მიერ ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საკითხის განხილვა-გადაწყვეტამდე. ამდენად, განსახილველ საქმეში, დავის საგანს შეადგენს: “ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ... (ყოფილი ...) გამზ. ¹24 “ა”-ში მოქალაქე მ. ჭ-ელის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის არქიტექტურული პროექტის დასამუშავებლად ქალაქმშენებლობითი პირობების გაცემასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით საქმის განხილვის თაობაზე” თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 03.07.06წ. ¹ა-წ360.ბ ბრძანების ბათილად ცნობა; ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ... (ყოფილი ...) გამზ. ¹24 “ა”-ს მიმდებარედ არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 07.02.07წ. ¹20/96 ბრძანების ბათილად ცნობა; მშენებლობის ნებართვის შესახებ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 19.03.07წ. ¹6/212 ბრძანების ბათილად ცნობა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სარჩელი პასუხობდა სასკ-ის 22-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის პირობებს, მოსარჩელეთა კანონიერი ინტერესი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისადმი დასტურდება ქალაქმშენებლობითი პირობების დადგენასთან დაკავშირებული დოკუმენტაციით, რომელშიც მითითებულია იმ პირების ინტერესების დაცვის საჭიროებაზე, რომლებსაც შეეხება მშენებლობა, კერძოდ ინსოლაციის, განათების, ჩაუხედავობის და სხვ. საკითხები. სადავო აქტებით დასტურდება, რომ მშენებლობის ნებართვა გაიცა ... (ყოფილი ...) გამზ. ¹24 “ა”-ს მიმდებარედ ანუ იმ კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლებშიც ცხოვრობენ მოსარჩელეები. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 08.11.07წ. გადაწყვეტილებით დადასტურდა მოსარჩელეთა ინტერესი მუნიციპალიტეტის კაბინეტის 10.01.97წ. ¹01.34.82 დადგენილების მიმართ, რომელთა საფუძველზეც გამოიცა სადავო აქტები. მოსარჩელეთა ინტერესი სადავო აქტებისადმი დასტურდება აგრეთვე სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის 14.07.09წ. ¹335-02-07 დასკვნით “... ქ. ¹33 და ... ქ. მე-2 კორპუსების უშუალოდ მახლობლობაში შესაძლო მშენებლობის შესახებ”. ამდენად, მოსარჩელეებს ჰქონდათ საჯარო წარმოებაში მონაწილეობის მიღების, თავიანთი მოსაზრებების წარმოდგენის უფლება, რასაც შესაძლოა ზემოქმედება მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაზე. მოსარჩელეთა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვა გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას ადასტურებს მუნიციპალიტეტის კაბინეტის 10.06.97წ. დადგენილების გაყალბების ფაქტი.

სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი, საქართველოს მთავრობის 11.08.05წ. ¹140 დადგენილებით დამტკიცებული “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების” 27.3 მუხლის თანახმად მშენებლობის ნებართვის მისაღებად დამკვეთმა უნდა უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. აღნიშნულის შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტების გამოცემას საფუძვლად დაედო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 10.01.97წ. ¹01.34.82 დადგენილება “მოქ. მ. ჭ-ელისათვის სავაჭრო-საყოფაცხოვრებო ობიექტის მოსაწყობად მიწის ნაკვეთის დამაგრების შესახებ”, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 08.11.07წ. განჩინებით არარადაა ცნობილი. ამასთანავე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 05.05.10წ. განაჩენით შპს “...” დირექტორი დ. ა-შვილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 10.01.97წ. ¹01.34.82 დადგენილების ყალბი ასლის დამზადებისათვის დამნაშავედ იქნა ცნობილი (ტ.2, ს.ფ. 325-331). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს სადავო აქტების გამოცემის მომენტიდან ბათილად ცნობის საფუძველი. ქალაქმშენებლობითი პირობების დადგენა, პროექტის დამტკიცება, მშენებლობის ნებართვის გაცემა შესაძლებელია მიწის ნაკვეთის სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის მ. ჭ-ელისათვის გადაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარსებობა იწვევს მ. ჭ-ელის სახელზე გაცემულ ნაკვეთზე მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებით ყველა აქტის მათი გამოცემის მომენტიდან ბათილად ცნობას.

მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას სზაკ-ის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესების გამოყენებას. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ასევე ითვალისწინებდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ვალდებულებას, კერძოდ მშენებლობის ნებართვის 1-ლი სტადიის _ ქალაქმშენებლობითი პირობების დადგენას საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების სავალდებულო ეტაპს წარმოადგენს ზეპირი მოსმენის გამართვა (სზაკ-ის 120-ე მუხ.), ზეპირი მოსმენის გამართვა არ არის დამოკიდებული მოსაზრებების წარდგენაზე, უკანასკნელი შეადგენს დაინტერესებული პირის უფლებას და არა ვალდებულებას. დამკვეთის მიერ საინფორმაციო დაფის (ბანერის) გამოკვრა, საინფორმაციო დაფაზე დაინტერესებული პირისათვის განცხადების მიღებიდან 20 დღის განმავლობაში ნებართვის გამცემ ორგანოში განმარტების მიღების და საკუთარი მოსაზრებების წარდგენის უფლება (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი “მშენებლობის ნებართვის შესახებ” კანონის 8.1 მუხლის “ვ” ქვეპუნქტი) არ ცვლის სზაკ-ის IX თავით განსაზღვრული ზეპირი მოსმენის გამართვის, ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ სზაკ-ის 110-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით დაინტერესებული პირების შეტყობინების ვალდებულებას. სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას ზეპირი მოსმენის დღე ვერ იქნებოდა განსაზღვრული, ვინაიდან იგი დამოკიდებული იყო დაინტერესებული პირების მიერ წერილობითი მოსაზრებების წარდგენაზე, არ ემყარება საკანონმდებლო საფუძველს. სადავო ბრძანებით სწორედ წინასწარი ზეპირი მოსმენის გამართვის თარიღი უნდა განსაზღვრულიყო. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 03.07.06წ. ¹ა-წ360.ბ ბრძანების ტექსტში მითითებული არ არის ზეპირი მოსმენის გამართვის თვე, რიცხვი და საათი (ტ.1, ს.ფ.21). შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუსაზღვრია საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას გასამართი ზეპირი განხილვის ადგილი და თარიღი, მოსმენის გამართვის დრო, ამდენად ხსენებულ აქტში არ არის დადგენილი ის, რასაც ემსახურებოდა აღნიშნული აქტის გამოცემა. შესაბამისად, კასატორები მოკლებული იყვნენ სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაძლებლობას მონაწილეობა მიეღოთ საჯარო განხილვაში, ფაქტობრივად ადგილი არ ჰქონია საჯარო წარმოების ჩატარებას, ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსრულებია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115.2 მუხლის მოთხოვნა მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესების გამოყენების შესახებ, სზაკ-ის 601 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მშენებლობის ნებართვის დადგენილი ვადის ამოწურვაზე მითითება ასევე არ ქმნიდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, ვინაიდან დავის საგნის არარსებობა, სსკ-ის 272-ე მუხლის “ა1” ქვეპუნქტის თანახმად იწვევს არა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, არამედ საქმის წარმოების შეწყვეტას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის მოქმედების დადგენილი ვადის გასვლა არ გამორიცხავდა მისი ბათილად ცნობის მოთხოვნას, ვინაიდან სახეზეა მხარის კანონიერი ინტერესი - მუნიციპალიტეტის კაბინეტის არარად ცნობილი აქტის საფუძველზე შპს “...”, რომელსაც მისი სააპელაციო საჩივრის თანახმად აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი, მშენებლობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობის გამორიცხვა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში შენობა-ნაგებობის მშენებლობის დაუსრულებლობა, “მშენებლობის ნებართვის შესახებ” კანონის (მე-7 მუხ.) თანახმად, იწვევს დამკვეთის მიერ არა ახალი ნებართვის, არამედ მშენებლობის ვადის გასაგრძელებლად მიმართვას, “ლიცენზიისა და ნებართვების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის “ე”, “ჟ” ქვეპუნქტების, აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს მოქმედი საქართველოს მთავრობის 11.08.05წ. ¹140 დადგენილებით დამტკიცებული “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების” მე-19.3 მუხლის “ა” ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 24.03.09წ. ¹57 დადგენილებით დამტკიცებული წესის 20.1 მუხლის თანახმად, ობიექტის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში დაშვებულია მშენებლობის ნებართვის სხვა პირისათვის გადაცემა, ამასთანავე “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა ავტომატურად გაგრძელდება თუ ამ ნებართვასთან დაკავშირებული სანებართვო პირობები კანონმდებლობით არ შეცვლილა და ნებართვის მფლობელი წარმოადგენს წერილობით განცხადებას კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ ქვითართან ერთად. შესაბამისად, შპს “...”, როგორც მ. ჭ-ელის უფლებამონაცვლეს, გააჩნდა შესაძლებლობა მოეთხოვა მშენებლობის ვადის გაგრძელება, ხოლო მოსარჩელეებს სადავო აქტების ბათილად ცნობის კანონიერი ინტერესი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ დ. კ-ძის, ნ. პ-ძის, გ. ხ-ძის, მ. ხ-ავას, ლ. მ-ელის, გ. გ-შვილის, დ. ჭ-შვილის და სხვათა საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო პალატის მიერ მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დ. კ-ძის, ნ. პ-ძის, გ. ხ-ძის, მ. ხ-ავას, ლ. მ-ელის, გ. გ-შვილის, დ. ჭ-შვილის და სხვათა საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 24.11.09წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. დ. კ-ძის, ნ. პ-ძის, გ. ხ-ძის, მ. ხ-ავას, ლ. მ-ელის, გ. გ-შვილის, დ. ჭ-შვილის და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდეს. ბათილად იქნეს ცნობილი: ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 03.07.06წ. ¹ა-წ/360”ბ” ბრძანება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის არქიტექტურული პროექტის დასამუშავებლად ქალაქმშენებლობითი პირობების გაცემასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით საქმის განხილვის თაობაზე; ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 07.02.07წ. ¹20/96 ბრძანება არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ; ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 19.03.07წ. ¹6/212 მშენებლობის ნებართვა;

3. ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაეკისროს ნინო პატარიძის სასარგებლოდ საკასაციო საჩივარზე 01.02.10წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა 300 ლარის ოდენობით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.