ბს-1676-1632(კ-10) 2 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 14.06.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ ჯ. ბ-შვილის მიმართ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხემ თავდაცვის სამინისტროსთან 11.04.05წ. გააფორმა კონტრაქტი პროფესიული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 20.09.07წ. ¹3146 ბრძანებით ჯ. ბ-შვილი დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ჯარიმის _ 13128 ლარის, პირგასამტეხლოს _ ჯარიმის თანხის 30%-ის _ 3938,4 ლარის და ზიანის საკომპენსაციო თანხის _ 13411,11 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 25.08.10წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელს ჯ. ბ-შვილის მიმართ ზიანის _ 13411,11 ლარის გადასახდელად დაკისრების ნაწილში უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო. გორის რაიონული სასამართლოს 25.08.10წ. განჩინებით შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელისა გამო მოპასუხე ჯ. ბ-შვილის მიმართ 11.04.05წ. დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმისა (13128 ლარი) და პირგასამტეხლოს (3938,4 ლარი) ანაზღაურების ნაწილში დავის საგნის არარსებობის გამო. გორის რაიონული სასამართლოს 25.08.10წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კერძო საჩივრით გაასაჩივრა გორის რაიონული სასამართლოს 25.08.10წ. განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.10.10წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 25.08.10წ. გადაწყვეტილება. ამავე სასამართლოს 27.10.10წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 25.08.10წ. განჩინება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.10.10წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.